სამართალი

როგორ ინიშნებიან მოსამართლეები – NGO-ები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას აფასებენ

25 აპრილი, 2016 •
როგორ ინიშნებიან მოსამართლეები – NGO-ები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას აფასებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მთელი რიგი მიმართულებებით დაფიქსირდა გაუარესება  – ვკითხულობთ მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მოამზადეს.

ანგარიში, რომელშიც საბჭოს 2015 წლის საქმიანობა არის მიმოხილული, არასამთავრობოებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და საზოგადოებას 25 აპრილს წარუდგინეს.

შენიშვნები, რომლებიც ანგარიშში არის გამოთქმული, ეხება მოსამართლეების შერჩევა/დაიშვნას და დაწინაურებას, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობას, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობას და ა.შ.

“საბჭოს საქმიანობა პირდაპირ გავლენას ახდენს იმაზე, როგორი სასამართლო სისტემა აქვს და ექნება ამ სისტემას ათწლეულების განმავლობაში და პირდაპირ გავლენას ახდენს იმაზე, როგორ პროდუქტს მიიღებს დაჩაგრული, უფლებაშელახული მოქალაქე, როდესაც ის სასამართლოში მივა,”- ამბობს საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს დიდი ძალაუფლება: მათ შეუძლიათ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა, მისი დაწინაურება, ერთი სასამართლოდან მეორე სასამართლოში გადაყვანა, მოსამართლის დისციპლინური დევნის დაწყება. ნაცვლიშვილი ამბობს, რომ უფლებამოსილებების ფართო სპექტრი არც კანონმდებლობით და არც პრაქტიკაში არ არის დაბალანსებული ანგარიშვალდებულების მექანიზმით. საბჭოს გადაწყვეტილებები გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საბჭოს კანონი არ ავალდებულებს, რომ საკუთარი გადაწყვეტილებები დაასაბუთოს. ნაცვლიშვილის თქმით, პრაქტიკაში ეს ძალიან კონფორტულ გარემოს უქმნის საბჭოს, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები და არ დაასაბუთოს მათი მოტივაცია. როგორც საიას თავმჯდომარე ამბობს, ამ რეალობას ხელს უწყობს პრობლემური კანონმდებლობა, რომელიც საბჭოს საქმიანობის ბევრ მიმართულებას საერთოდ არ არეგულირებს, ხოლო ზოგიერთ მიმართულებას არეგულირებს ბუნდოვნად და ამით ფართო ძალაუფლებასა და დისკრეციას უტოვებს საბჭოს.

“როდესაც არის ძალიან ფართო და დაურეგულირბელი ძალაუფლება, ძალიან პატარა ნაბიჯია თვითნებობამდე და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამდე. აქ ცალსახად ძალიან სერიოზულ საკანონმდებლო პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელსაც ჩვენ აუცლებლად მივიტანთ პარლამენტამდე და ვეცდებით, რომ საკანონმდებლო ორგანომ დაინახოს თავისი ძლაინ მნშვნელოვანი პასუხისმგებლობა ამ პროცესში,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა ანგარიშის პრეზენტაციაზე.

 

ხარვეზები მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში

საქართველოში მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრით მინიმუმ 10 ხმით ნიშნავს. მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებები დასაბუთებული არ არის.

ანგარიშში ვკითხულიბთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნა ძირეული პრობლემებით ხასიათდება, რაც განპირობებულია როგორც საკანონმდებლო ხარვეზებით, ისე საბჭოს მიერ დადგენილი მანკიერი პრაქტიკით და ხელისუფლების მიერ თავისი წილი ვალდებულებების უგულებელყოფით.

ანგარიშის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი მოსამართლეთა დანიშვნის წესი არასაკმარისად არეგულირებს დანიშვნის პროცესს, რაც ვერ უზრუნველყოფს მოსამართლის დანიშვნის პროცესის ობიექტურობასა და გამჭვირვალობას.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან თავის მიერვე დადგენილი წესის უხეშ და სისტემატურ დარღვევას მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით შედეგად მოჰყვება მოსამართლეთა დანიშვნა გაუმჭვირვალე პროცედურით, არაობიექტური გადაწყვეტილებების საფუძველზე.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, 2015 წელს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობების შესავსებად საბჭომ ორჯერ გამოაცხადა კონკურსი, ხოლო, ორ შემთხვევაში – კონკურსის გარეშე გადაყვანის პროცედურა გამოიყენა.

კონკურსის გარეშე, საგამონაკლისო წესით ვაკანტური თანამდებობების შევსების შემთხვევაში, ანგარიშის თანახმად, საბჭოს არ ჰქონია სისტემური მიდგომა სასამართლო სისტემაში არსებული ვაკანსიების შევსების საკითხზე  და დანიშვნა არ ხდებოდა დასაბუთებულად, კომპლექსური მიდგომების გამოყენებით.

“წარმოიშვა სერიოზული ეჭვი, რომ საბჭო საგამონაკლისო მექანიზმებს იყენებდა არა მართლმსაჯულების გადაუდებელი ინტერესიდან გამომდინარე, განსაკუთრებული აუცილებლობის პირობებში, არამედ ახორციელებდა მოქმედი მოსამართლეების ე.წ. სტრატეგიულ გადანაწილებას საბჭოსთვის სასურველ სასამართლოებში, სასამართლოების კოლეგიებსა თუ პალატებში,”- აღნიშნულია ანგარიშში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, ლევან თევზაძე და შოთა გეწაძე TI-სა და საიას მიერ მომზადებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციაზე. 25.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, ლევან თევზაძე და შოთა გეწაძე TI-სა და საიას მიერ მომზადებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციაზე. 25.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

კონკურსის წესით დანიშვნას, როგორც ანგარიშში წერია, საბჭო ხშირად არღვევდა დადგენილ წესებს.

“• არ გამოქვეყნდა მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ცნობები;
• კონკურსის მთელი პროცესი წარიმართა ინტერესთა კონფლიქტის პირობებში;
• კონკურსის პერიოდში საბჭოს ცალკეული მოსამართლე წევრები წინასწარ და საჯაროდ გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს კონკურსში მონაწილე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით, რითაც არღვევდნენ ნეიტრალურობის პრინციპს;
• კანდიდატებთან გასაუბრებები ატარებდა ფორმალურ ხასიათს და მიზნად არ ისახავდა მათი შესაბამისობის შეფასებას დადგენილ კრიტერიუმებთან,”- აღნიშნულია ანგარიშში.

მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდნენ საბჭოს ის წევრებიც, რომლებიც არ ესწრებოდნენ გასაუბრების პროცესს, შესაბამისად, არ ჰყავდათ შეფასებული ესა თუ ის კანდიდატი.

კრიტიკულად არის შეფასებული შეკითხვებიც, რომლებსაც საბჭოს წევრები კანდიდატებს უსვამდნენ:

“საბჭოს წევრები კანდიდატებს სრულიად განსხვავებული სირთულისა და თემატიკის კითხვებს უსვამდნენ.  მიმდინარე საანგარიშო პერიოდში საბჭოს წევრები კანდიდატებს არათანაბარ პირობებში აყენებდნენ, როცა ნაწილს მხოლოდ მარტივ სამართლებრივ კითხვებს უსვამდნენ, ხოლო ნაწილს – რთულს. რიგი კანდიდატების შემთხვევაში, მათი შესაბამისობის შეფასება დადგენილ კრიტერიუმებთან ფორმალურადაც კი არ მომხდარა,”-წერია ანგარიშში.

გარდა ამის, ანგარიშის თანახმად, საბჭო გასაუბრებებზე არ ამოწმებდა უმცირესობებთან, ქალებთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ უფლებრივ საკითხებს და კანდიდატების შემწყნარებლობას ასეთი პირების მიმართ.

მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების გამო არასამთავრობოები “არასახელმწიფოებრივ დამოკიდებულებაში” დაადანაშაულა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ევა გოცირიძემ და და განაცხადა, რომ ისინი საბჭოსა და მოსამართლეთა კორპუსის დისკრედიტაციას ეწევიან.

საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ კი აღნიშნა, რომ ვერ დაეთანხმება ანგარიშში მოყვანილ ინფორმაციას მოწყვლადი ჯგუფების საკითხებთან დაკავშირებით კითხვების არდასმის შესახებ:

“ჩვენ მიზანმიმართულად ყველა ასეთ სენსიტიურ საკითხზე ვსვამთ კითხვას და ვისმენთ მოსამართლეთა პასუხებს, თუმცა დასასმელი კითხვების დახვეწისა და გაუმჯობესების კუთხით მუდმივად მუშაობს საბჭო. მაგრამ არათანაბარ მდგომარეობაში საბჭოს იმ წევრთა მხრიდან დასასმელი კითხვების  კუთხით კანდიდატების ჩაყენების შესახებ მე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ ინფორმაციას,”- აღნიშნავს თავმჯდომარე.

ნინო გვენეტაძე TI-სა და საიას მიერ მომზადებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციაზე. 25.04.2016

ნინო გვენეტაძე TI-სა და საიას მიერ მომზადებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციაზე. 25.04.2016

განსხვავებული აზრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

ანგარიშის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის  პოზიციები 2015 წლის დასაწყისში განსხვავდებოდა საბჭოს მოსამართლე (და ცალკეულ შემთხვევებში არამოსამართლე) წევრების პოზიციებისგან, თუმცა შემდეგ სურათი თანდათან შეიცვალა და შემდგომში თავმჯდომარე თავის განსხვავებულ პოზიციებს ისე აშკარად და მწვავედ აღარ აფიქსირებდა.

ასევე, წლის პირველ ნახევარში, როგორც მინიტორინგის ანგარიშში წერია, არამოსამართლე წევრები უფრო ხშირად აფიქსირებდნენ მოსამართლე წევრებისაგან განსხვავებულ პოზიციებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ავტორები მიიჩნევენ, რომ განსხვავებული პოზიციების გამოხატვა უზრუნველყოფდა საზოგადოების სწორად ინფორმირებას და ცალსახად დადებითად აისახებოდა საბჭოს საქმიანობის გამჭვირველობაზე. ანგარიშში მოყვანილია კონკრეტული მაგალითიც:

“საბჭოს 2015 წლის 7 აპრილის სხდომაზე, მოსამართლეთა ბენზინის ლიმიტების განსაზღვრასთან დაკავშირებით გამართული მსჯელობის დროს, საბჭოს მდივანი აფიქსირებდა საზოგადოების შეცდომაში
შემყვან პოზიციას. მან პოზიტიურ კონტექსტში აღნიშნა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ სერგო მეთოფიშვილმა უარი თქვა ბოლნისში ბინის ქირისათვის თანხის გამოყოფაზე და დასჯერდა ბენზინის ლიმიტს, რის გამოც ის ყოველდღიურად ბოლნისში თბილისიდან ჩადიოდა. აღნიშნულის საპასუხოდ, არამოსამართლე წევრმა კახა სოფრომაძემ საბჭოზე გააჟღერა ბენზინის ის ოდენობა, რომელიც სერგო მეთოფიშვილისთვის იყო განსაზღვრული და, ასევე – ბოლნისში ბინის ქირის მიახლოებითი ფასი. აღმოჩნდა, რომ ბენზინის ლიმიტი, რომელსაც ყოველთვიურად იღებდა სერგო მეთოფიშვილი, სულ მცირე, ორჯერ აღემატებოდა ბოლნისში ბინის ქირის ფასს. შესაბამისად, საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის, მიერ ამ საკითხის დადებით კონტექსტში წარმოჩენა იყო შეცდომაში შემყვანი და არასწორი.”

26 ოქტომბრიდან კი, როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების, ასევე თავმჯდომარის პოზიციები ნაკლებად განსხვავებული გახდა. ანგარიშში ასეევ საუბარია, რომ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის პოზიციების თანხვედრა წარმოშობდა ეჭვს, რომ საბჭოს წევრები გადაწყვეტილებებს იღებდნენ არა ინდივიდუალურად, რაც კოლეგიური ორგანოს მუშაობის პრინციპს წარმოადგენს, არამედ – წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს პოზიციათა დაახლოებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ. შოთა გეწაძის თქმით, ეს მოხდა იმიტომ, რომ არამოსამართლე წევრები გაერკვნენ საბჭოს საქმიანობაში და გადალახეს “პიროვნული მომენტი”:

“ჩვენ გავიცანით ერთმანეთი, ჩვენ ხასიათები გავიგეთ ერთმანეთისა, ჩვენ გადავლახეთ პიროვნული წინააღმდეგობები, დავუახლოვეთ ადამიანური პოზიციები და პროფესიული, საქმიანი პოზიციები ერთმანეთს, რამაც თითქმის მინიმუმამდე დაიყვანა საბჭოს წევრთა შორის არსებული პიროვნული და პროფესიული აზრთა სხვადასხვაობები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პლურალიზმი დაიკარგა საბჭოში,”- განაცხადა მან.

“პიროვნულ პრობლემებს” დაუკავშირა საბჭოს წევრებს შორის განსავებული პოზიციების არსებობა საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემაც:

“პიროვნული ფაქტორები თუ არ გადავწიეთ უკან და რაღაც თემებზე თუ არ შევჯერდით, ისე სასამართლო სისტემა ჩამოიშლება. სხვა ვარიანტი არ იყო. ამიტომ არის ზუსტად ეს ტრანსფორმაცია,”- აღნიშნა მან.

საბჭოს სხდომების მედიით გაშუქება

2014 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მხოლოდ სხდომის გახსნის ფოტოგადაღებისა და ვიდეო-აუდიო ჩაწერის უფლება აქვთ.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ საბჭოს საქმიანობის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება, მედიასაშუალებებისთვის სხდომის სრულად გადაღების შეზღუდვა გაუმართლებელია.

მათივე განცხადებით, ეს გაუმართლებელია განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საბჭოს სხდომის ოქმები, რომლებიც აუდიო-ვიდეოს სახით მზადდება, არ თავსდება საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

“საბჭო ვალდებულია, საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა შესაბამისობაში მოიყვანოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსთან და დაადგინოს მედიისთვის სხდომების შეუფერხებლად გადაღების უფლება,”- ვკითხულობთ ანგარიშში.

ნინო გვენეტაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სხდომების განმავლობაში ჟურნალისტებისა და კამერების დასწრება, დარმბაზის სპეციფიკიდან გამომდინარე, პრობლემურია:

“მედიის წარმომადგენლები კარგად იცნობთ დარბაზს, რომელშიც სხდომები ტარდება. მედიის სრული შემადგენლობით არსებობა იქ არის პრობლემური, თუმცა, კამერასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, საბჭო მსჯელობს ამ საკითხებზე,”- აღნიშნა მან.

მისვე თქმით, განიხილება, რომ ან შეიცვალოს საბჭოს სხდომების დარბაზი, ან სხდომის მიმდინარეობისას მუდმივად იყოს განთავსებული ერთი კამერა,  საიდანაც ჟურნალისტები მასალის აღებას შეძლებენ.

კრიტიკა წარმოდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში მკაცრად გააკრიტიკეს. მათი კრიტიკის საგანი გახდა როგორც მეთოდოლოგია, ასევე, ანგარიშში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტე:

“ჩვენი პირდაპირი ბრალდება, რომ ჩვენ გარიგებებით ვახორციელებთ ამას [მოსამართლეთა დანიშვნას], არ მგონია, რომ ეს იყოს თქვენი საქმე. ეს არის არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულება და მაპატიეთ და მე ვფიქრობ, რომ მთელი ეს ტექსტი, ამას აკლია როგორც პროფესიონალიზმის დონე, ასევე კეთილსინდისიერების ხარისხი,”- განაცხადა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ევა გოცირიძემ.

ლევან მურუსიძემ კი აღნიშნა, რომ თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებს ზუსტად არსებული კანონის შესაბამისად, მაშინ არ შეიძლება, რომ პრეტენზიები იყოს საბჭოს მიმართ.

“კენჭისყრები არის ფარული, და ამიტომ არავინ არ იცის, რომელ კანდიდატს რომელმა წევრმა მისცა ხმა. შესაბამისად, დასაბუთება ამიტომ არ არის. თუ, ვთქვათ, კანონი შემოიღებს ღია კენჭისყრას და გვეცოდინება, ვინ, ვის აძლევს ხმას, დასაბუთების პრობლემაც არ არის,”-აღნიშნავს ის. 

ლევან მურუსიძე TI-სა და საიას მიერ მომზადებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციაზე. 25.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ლევან მურუსიძე TI-სა და საიას მიერ მომზადებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციაზე. 25.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის წარმოამდგენელი, სოფო ვერძეული ფიქრობს, რომ საბჭო მათკენ მიმართული ლეგიტიმური კრიტიკის “ასხლეტას” ცდილობს:

“დღესაც ამის მცდელობა იყო იმაზე აპელირებით, რომ თუკი კანონები არ ვარგა, რომელზეც საბჭო მუშაობს, ეს არ ყოფილა თურმე საბჭოს პასუხისმგებლობა და ამაზე თურმე საქართველოს პარლამენტს უნდა მივაკითხოთ. რა თქმა უნდა, ეს პოზიცია არ შეესაბამება და არ გამომდინარეობს კეთილსინდისიერი მოქმედების პრეზუმფციიდან და პრინციპიდან.

კონსტიტუციური ორგანოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ცხადია, მათ შორის აქვთ ვალდებულება, რომ თუკი სასამართლოს სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობა, მათ შორის, საბჭოს მარეგულირებელი კანონმდებლობა არ ვარგა და ეს ხელს უშლის ჯანსაღი პროცესების წარმართვას სასამართლო სისტემაში, ისინი პირველები უნდა ხმაურობდნენ ამ თემაზე და ინიციატივებით უნდა გამოდიოდნენ, რომ ეს კანონი შეიცვალოს,”-ამბობს სოფო ვერძეული.

სოფო ვერძეული TI-სა და საიას მიერ მომზადებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციაზე. 25.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

სოფო ვერძეული TI-სა და საიას მიერ მომზადებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციაზე. 25.04.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მისი თქმით, საბჭო “ძალიან კარგად” იყენებს ხარვეზიან კანონს:

“ბოლო რამდენიმე თვეა, ჩანს, რა ტიპის კრიზისში შედის იუსტიციის უმაღლესი საბჭო მისი გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის, ფორსირებული პროცესების გათვალისწინებით, მათ შორის მოსამართლეების დანიშვნის ნაწილში. მათ შორის არამომოსამართლე წევრების მიერ წლის ბოლოს გაკეთებული განცხადება, რომელიც ლევან მურუსიძის დანიშვნას შეეხებოდა, პირდაპირ მიუთითებდა იმაზე, რომ გარდა საკანონმდებლო რეგულირებისა, საბჭო თავის საქმიანობაში სხვა პრინციპებსაც ითვალისწიენებს. 

ეს არის საკითხი, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს სამართლიანი სასმართლოს უფლებაზე. ვინ ინიშნება სასამართლო სისტემაში უვადოდ, რამდენად უმწიკვლოა მისი რეპუტაცია, ან მისი პროფესიონალიზმისა და წარსული გამოცდილების მიმართ არსებობს თუ არა რაიმე ხელშესახები ეჭვები ან კითხვები. ამიტომ ეს პროცესები უნდა დარჩეს საზოგადოების აქტიური მონიტორინგის ქვეშ, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ჯგუფების აქტიურობა და კრიტიკა საკმაოდ აღიზიანებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს,”- აღნიშნა მან.

ანა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ საზოგადოების პროფესიული ნაწილის მიერ დასმულ კრიტიკულ შეკითხვებზე არასახელმწიფოებრივ ქმედებაში დადანაშაულება ღირებულებით სხვაობებზე მიუთითებს. მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:

“ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვები, როგორ უნდა მოხდეს დასაბუთება კანდიდატების შერჩევის პროცესში. ამასთან დაკავშირებით, კოალიციურად, ჩვენ გვექნება კანონპროექტი, რომლის პრეზენტაციასაც გავაკეთებთ მიმდინარე წლის 11 მაისს, როდესაც კოალიცა მოაწყობს ფორუმს და საზოგადოებას წარუდგენს უკვე კანონპროექტების სახით რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა და როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სწორი პრაქტიკა. დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ფორუმზე ჩვენ გვექნება კონკრეტული საუბარი და არა ბრალდებების რეჟიმი, რომელიც, სამწუხაროდ, აქამდე მოსდევს ამ საუბარს,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი