სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ბიწაძის განაჩენი არ შეცვალა

12 ოქტომბერი, 2011 •
სააპელაციო სასამართლომ ბიწაძის განაჩენი არ შეცვალა

ბადრი ბიწაძე სახალხო კრების აქციაზე, 25 მაისი, 2011.
ბადრი ბიწაძე სახალხო კრების აქციაზე, 25 მაისი, 2011.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს, 12 ოქტომბერს, უცვლელი დატოვა ბადრი ბიწაძისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი. ბიწაძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას „უკანონოს“ უწოდებს.

„ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ეს განაჩენი არის უკანონო და სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ასევე, ოდნავი ობიექტურობის შემთხვევაში, სასამართლო მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანდა. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, შეკერილ საქმეზე როგორ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს სასამართლომ,“- განუცხადა ნეტგაზეთს ბადრი ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ.

ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებს, არასასურველი პასუხის მიღების შემთხვევაში კი, სარჩელს შეიტანს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ბადრი ბიწაძეს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წაყენებული ბრალდების შესაბამისად. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით.

ესაა დანაშაული ჩადენილი ჯგუფის მიერ, რომელიც გულისხმობს პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა სამართალდამცავებმა 2011 წლის 30 მაისს დაიწყეს. პროკურატურამ სასამართლოს 31 მაისს მიმართა შუამდგომლობით და ბიწაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოითხოვა. სასამართლომ ეს მოთხოვნა 1 ივნისს დააკმაყოფილა, თუმცა ბიწაძემ თანხა არ გადაიხადა, რის შემდეგაც მასზე დაპატიმრების სანქცია გაიცა და 19 ივნისს ძებნაც გამოცხადდა.

ბადრი ბიწაძე თავს უდანაშაულოდ და პოლიტიკური დევნის მსხვერპლად მიიჩნევს.

ამავე თემაზე:

ბიწაძის განაჩენი

ბიწაძე განაჩენის მოლოდინში

ბიწაძის სასამართლო ბიწაძის გარეშე

ბადრი ბიწაძის სასამართლო დღეს გაიმართება

„შეფიცულთა რაზმის“ ლიდერის საქმე

ბადრი ბიწაძის სასამართლო იწყება

მასალების გადაბეჭდვის წესი