სამართალი

“შეწყვიტეთ ლევან მურუსიძის მხარდაჭერა” – ზაზა ხატიაშვილის მიმართვა პარლამენტს

20 აპრილი, 2016 • 1462
“შეწყვიტეთ ლევან მურუსიძის მხარდაჭერა” – ზაზა ხატიაშვილის მიმართვა პარლამენტს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი წერილით მიმართავს პარლამენტს და მოუწოდებს, შესწორებების გარეშე არ მიიღოს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღას.

“კანონპროექტს შესწორებების გარეშე თუ მიიღებთ, მთელი დისციპლინური სამართალწარმოება გირგვლიანის მოსამართლე ლევან მურუსიძის ხელში აღმოჩნდება, რაც იქნება სასამართლოს საბოლოო დასამარება”, – წერს წერილში ხატიაშვილი.

ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხმა მისცა “გირგვლიანის, მიქიაშილის და სხვა მრავალ საქმეზე უკანონო გადაწყვტილებების თანამონაწილე” ლევან მურუსიძეს.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქცა ორგანოდ, რომელიც აკეთებს, რაც უნდა. ჩემი შეფასებით, იუსტიციის საბჭო ამდენ უკანონობას ივანიშვილის გარეშე ვერ მიიღებდა, რაც ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს განვითარებისთვის სავალალოა. რამოდენიმე კვირის უკან ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურა წარუდგინა ისე, რომ უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მისი კანდიდატურის შესახებ სხდომაზე გაიგო.

ვინაიდან თქვენი პარლამენტი არის უმოქმედო და შუშის სასახლის მბრძანებელზე მიბმული დაწესებულება, თუ არ შეგიძლიათ რაიმე მოუხერხოთ მურუსიძეებს, შეწყვიტეთ ლევან მურუსიძის მხარდაჭერა საკანონმდებლო დონეზე”, – აცხადებს ხატიაშვილი.

მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოებას ერთადერთი იმედი დარჩა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, რომლის არჩევის საშუალება, ხატიაშვილის განცხადებით, არ უნდა მიეცეს ლევან მურუსიძეს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტია წარდგენილი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის  ინსტიტუტის შემოღებას ითვალისწინებს. დამოუკიდებელ ინსპექტორს ენიჭება უფლებამოსილება, ნებისმიერი მოსამართლის წინააღმდეგ დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება და სრული მოცულობით აწარმოოს დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმება და მოკვლევა (საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და დისციპლინური სამართალწარმოების მე-7, მე-8 და მე-12 მუხლები).

“საერთო სასამართლოების შესახებ” კანონის 511 მუხლის თანახმად, დამოუკიდებელ ინსპექტორს 5 წლის ვადით, წევრთა უმრავლესობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ირჩევს.

“დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩვენ შეიძლება მივიღოთ მხოლოდ ინსპექტორი, ყოველგვარი დამოუკიდებლობის გარეშე, ე.ი რიგითი მურუსიძე. მოსამართლეები იქნებიან მურუსიძეების გავლენის ქვეშ და გააკეთებენ იმას, რაც იქნება მურუსიძეებისთვის მისაღები.

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული დისციპლინური ძალაუფლების უზურპაცია პირთა ვიწრო ჯგუფის ხელში, გთავაზობთ, დამოუკიდებელი ინსპექტორი აირჩიოს არა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, არამედ საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით”, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი