სამართალი

უზენაეს სასამართლოში ელექტრონული არქივი შეიქმნა

10 ოქტომბერი, 2011 • • 1778
უზენაეს სასამართლოში ელექტრონული არქივი შეიქმნა

საქართველოს უზენაესი  სასამართლოს ვებგვერდზე  29 სექტემბრიდან ამოქმედდა ორი ელექტრონული პროგრამა:  უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების საძიებო და სასამართლო არქივის ელექტრონული პროგრამები.

ორივე საძიებო სისტემით სარგებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დარეგისტრირების შემდეგ შეუძლია. დასარეგისტრირებლად საჭიროა სახელის, გვარის და პირადობის მოწმობის პირადი ნომრის, ასევე ელ. ფოსტის მითითება.

სასამართლო გადაწყვეტილებების მოთხოვნის შემთხვევაში პროგრამა მას დაშტრიხული სახით – პერსონალური მონაცემების გარეშე–მიაწვდის ინფორმაციას მაძიებელს. ამჟამად დაშტრიხულია სასამართლო გადაწყვეტილებები 1996-დან 2005 წლის ჩათვლით და უზენაეს სასამართლოში გრძელდება მუშაობა მათ დაშტრიხვაზე. სასამართლო გადაწყვეტილების დაშტრიხვა გულისხმობს შემდეგი სახის პერსონალური მონაცემების დამალვას – სახელი, გვარი, ასაკი, მისამართი, განათლება, სამუშაო ადგილი, პროფესია და სხვ. ფაილები ელექტრონულ არქივში Djvu ფორმატითაა განთავსებული, რომლის სანახავადაც დაგჭირდებათ Djvu ფაილების წამკითხავი პროგრამა.

„თუ მოთხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის დაშტრიხული, დროის მცირე მონაკვეთში (კონკრეტულ დროს პროგრამა გაცნობებთ) მოგეწოდებათ იგი აღნიშნული ფორმით,“ – წერია სასამართლოს არქივის ვებგვერდზე.

უზენაეს სასამართლოში მიაჩნიათ, რომ პროგრამა გამოადგება არა მარტოს მას, ვინც უშუალოდ არის დაინტერესებული კონკრეტული გადაწყვეტილებებით, არამედ მნიშვნელოვანი იქნება იურისტების იმ ნაწილისთვისაც, ვინც სამეცნიერო საქმიანობით არის დაკავებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი