სამართალი

ფრენკელის ადვოკატი ქუთაისის კლინიკის უკანონო ქმედებაზე საუბრობს

10 ოქტომბერი, 2011 • • 1264
ფრენკელის ადვოკატი ქუთაისის კლინიკის უკანონო ქმედებაზე საუბრობს

რონი ფუქსი. ფოტო: ronyfuchsgeorgia.com
რონი ფუქსი. ფოტო: ronyfuchsgeorgia.com

ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენის – ზეევ ფრენკელის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელობამ ის ზეევ ფრენკელის სანახავად საავადმყოფოში პარასკევს, 7 ოქტომბერს არ შეუშვა.

ზეევ ფრენკელი აღნიშნულ კლინიკაში უკვე რამდენიმე კვირაა გეგუთის ციხიდან გადაიყვანეს. 20 სექტემბერს ციხეში ვიზიტისას სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გამოარკვიეს, რომ 2011 წლის 13 სექტემბერს ზეევ ფრენკელი გადაიყვანეს გეგუთის N14 დაწესებულებაში. სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელი მეორე დღესვე მიავლინეს გეგუთის დაწესებულებაში, სადაც გაირკვა, რომ 2011 წლის 20 სექტემბერს ზეევ ფრენკელს გაუკეთდა სინჯი ტროპონინზე, რომლის პასუხის საფუძველზეც, 21 სექტემბერს იგი გადაიყვანეს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, სადაც ჩაუტარდა კორონარული შუნტირება.

ფრენკელის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ნეტგაზეთტან ამბობს, რომ  7 ოქტომბერს კლინიკაში მისი არშეშვების მიზეზად ფრენკელის “ყაზარმულ რეჟიმში” ყოფნა დაასახელეს. როგორც ადვოკატი ამბობს, მას უკანონოდ შეეზღუდა საადვოკატო საქმიანობის უფლება, ასევე უკანონოდ შეიზღუდა ფრენკელის უფლება, ესარგებლა ადვოკატით. არჩილ კბილაშვილმა საკითხის გასარკვევად წერილობით უკვე მიმართა  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საქმეთა დახმარების სამინისტროს. წერილი ასევე გაუგზავნა ისრაელის საელჩოს საქართველოში.

ამ ეტაპზე ინფორმაციის გადამოწმება დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელობასთან ვერ მოხერხდა.

ფრენკელის შესახებ ბოლო ინფორმაციას არჩილ კბილაშვილი იმ რაბინის მეშვეობით ფლობს, რომელმაც ისრაელის მოქალაქე საავადმყოფოში მოინახულა. კბილაშვილის თქმით, თავისი კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე გაუმჯობესებულია და  უახლოეს დღეებში მას ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. ადვოკატისვე ინფორმაციით, ციხეში ამ ეტაპზე პრობლემები მოუგვარდა მეორე პატიმარს – რონი ფუქსს, რომელიც ზეევ ფრენკელთან ერთად გაასამართლეს.

ისრაელელი ბიზნესმენები ქართველმა სამართალდამცავებმა გასული წლის ოქტომბერში დააკავეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით. გამოძიების მასალებით, ბიზნესმენებმა მინისტრის მოადგილეს 7 მილიონი აშშ დოლარის გადახდა შესთავაზეს ქრთამის სახით, რათა საქართველოს ხელისუფლებას არ გაეპროტესტებინა საარბიტრაჟო სასამართლოს – საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ბიზნესმენებისთვის 98 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

1993 წელს კომპანია „ტრამექსს“, რომლის დამფუძნებლები არიან რონი ფუქსი და იოანის კარდასოპულოსი (ამ უკანასკნელზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული იგივე ბრალდებით, რაც რონი ფუქსს დაედო), 30– წლიანი ექსპლუატაციის უფლებით საქართველოს ყველა ნავთობსადენი გადაეცა. 1996 წელს მათ ეს უფლება ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა. ბიზნესმენებმა კომპენსაციის მიღება ახალი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის არჩევის შემდეგ უშედეგოდ სცადეს, რის შემდეგაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს.

ბიზნესმენები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. საქალაქო სასამართლოს განაჩენი მათ უკვე გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა, უშედეგოდ. შესაბამის ქართულ სასამართლო ინსტანციებში პროცედურების გავლის შემდეგ, ფუქსი და ფრენკელი თავიანთი საქმის გასაჩივრებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გეგმავენ. ბიზნესმენთა შვილებმა საკუთარი მამების შეწყალების თხოვნით რამდენიმე თვის წინ მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

ამავე თემაზე:

რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის პრობლემები ქართულ ციხეში

ფუქსი და ფრენკელი კვლავ პატიმრობაში რჩებიან

ფუქსისა და ფრენკელის შვილებმა სააკაშვილს ბიზნესმენების შეწყალება სთხოვეს

მთავრობის “განაჩენი” ებრაელ ბიზნესმენებს

ფუქსისა და ფრენკელის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

ებრაელი ბიზნესმენები განაჩენის მოლოდინში

ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის არგუმენტები

ებრაელი ბიზნესმენების საქმეზე შემაჯამებელი სიტყვების მოსმენა დასრულდა

მასალების გადაბეჭდვის წესი