სამართალი

2011 წელს მოკლული და დაპატიმრებული ჟურნალისტები

7 ოქტომბერი, 2011 • • 1217
2011 წელს მოკლული და დაპატიმრებული ჟურნალისტები

2011 წლის 1 იანვრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით მსოფლიოში სულ მოკლულია 52 ჟურნალისტი და 3 მედიაასისტენტი. სტატისტიკა ეფუძნება ჟურნალისტების უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე-ს“ მონაცემებს.

„რეპორტიორების“ მონაცემებით, მოცემული პერიოდის განმავლობაში დაპატიმრებულია– 160 ჟურნალისტი, 9 მედიასისტენტი და 125 ინტერნეტ აქტივისტი.

იანვრიდან და ოქტომბრამდე ყველაზე მეტი – 8 ჟურნალისტი მოკლეს პაკისტანში, 7 ჟურნალისტი ერაყში, რომელთა შორის არის „ალ არაბიას“, „სი-ენ-ენის“ და „როიტერსის“ ჟურნალისტი საბა ალ-ბასი.   საერთაშორისო მედიის ოთხი და ერთი ადგილობრივი ჟურნალისტი ემსხვერპლა ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გაშუქებას. აქ დაიღუპნენ გავლენიანი საერთაშორისო მედიაორგანიზაციების Vanity Fair-ის, Getty images-ის, Photographe-ის Al-Jazeera-ს ჟურნალისტები, ასევე ადგილობრივი ტელეარხის – Libya Al-Hurra-ს კორესპონდენტი. ასევე 5 ჟურნალისტი შეეწირა იემენში დაწყებული შეტაკებების გაშუქებას.

5 ადგილობრივი ჟურნალისტი მოკლეს მექსიკაში ბოლო 9 თვის განმავლობაში. მექსიკელი ჟურნალისტები ძირითადად ნარკოკარტელების სამიზნეები გახდნენ.

3-3 ჟურნალისტი მოკლეს ჰონდურასსა და პერუში, 2-2 ფილიპინებსა, ინდოეთსა და სომალიში.

ერთი ბლოგერი – ედნანდო სიგუეირა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ბრაზილიაში. სიგუეირა იყო ადგილობრივი “O Serrano-ს” მფლობელი და თავის ბლოგზე აქტიურად წერდა პოლიტიკურ საკითხებზე. ის ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული და ქალაქ სერა დე მელის მერის მთავარ კონკურენტად მოიაზრებოდა.

თითო-თითო ჟურნალისტები მოკლეს საკუთარი საქმიანობის გამო რუსეთში, კოტ დივუარში, ავღანეთში, კოლუმბიაში, სიერა ლეონეში, ტუნისსა და ეგვიპტეში.

უკანასკნელი 9 თვის მანძილზე 30 ჟურნალისტი დააპატიმრეს ჩინეთში, 34- ერიტრეაში, 16 – ბირმაში, 25 – ირანში, 11 – უზბეკეთში, თურქეთში – 6 და ა.შ. დაკავებულ ჟურნალისტთა რაოდენობა ჯამში არის 160. გარდა ამისა, სულ 9 მედიაასისტენტი დააკავეს ერიტრეაში, ირანში, ლაოსში, პაკისტანსა და სამხრეთ კორეაში.

სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებმა ინტერნეტში სიტყვის თავისუფლების ფარგლებში წარმოებული საქმიანობის გამო 2011 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე 125 ინტერნეტ აქტივისტი დააპატიმრეს.

ჩინეთი დააპატიმრეს 70 ბლოგერი და სხვა ინტერნეტ აქტივისტი, ირანში -21 ვიეტნამში -17, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში – 3, ბირმაში – 3, სირიაში – 4,    ხოლო კატარში, აზერბაიჯანში, ტაილანდში, ეგვიპტეში, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში – თითო-თითო.

„რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლის გამო სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების წინააღმდეგ კამპანიის წარმოება დაიწყო.

„კადაფი, აჰმადინეჯადი, პუტინი, აფევორკი, კასტრო -შენ ალბათ არაფერი გსმენია ამ დიქტატორების შესახებ, არა?“ – ამ შინაარსის ბანერია განთავსებული „რეპორტიორების“ ვებგვერდზე. იქვე მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული აფევორკზე – ერიტრეას ლიდერზე. „რეპორტიორები“ აცხადებენ, რომ ჟურნალისტებს ერიტრეაში არ შეუძლიათ ახალი ამბების გაშუქება და ვინც ამას აკეთებს, ყველა დაპატიმრებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი