სამართალი

რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის პრობლემები ქართულ ციხეში

30 სექტემბერი, 2011 • • 1558
რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის პრობლემები ქართულ ციხეში

რონი ფუქსი. ფოტო: ronyfuchsgeorgia.com
რონი ფუქსი. ფოტო: ronyfuchsgeorgia.com

ისრაელის მოქალაქე დაპატიმრებული ბიზნესმენების რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ  ინფორმაციას ავრცელებს როგორც მათი ადვოკატი, ისე ისრაელის საელჩო საქართველოში და საქართველოს სახალხო დამცველი.

20 სექტემბერს ციხეში ვიზიტისას სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გამოარკვიეს, რომ 2011 წლის 13 სექტემბერს ზეევ ფრენკელი გადაიყვანეს გეგუთის N14 დაწესებულებაში. სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელი მეორე დღესვე მიავლინეს გეგუთის დაწესებულებაში, სადაც გაირკვა, რომ 2011 წლის 20 სექტემბერს ზეევ ფრენკელს გაუკეთდა სინჯი ტროპონინზე, რომლის პასუხის საფუძველზეც, 21 სექტემბერს იგი გადაიყვანეს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, სადაც ჩაუტარდა კორონარული შუნტირება. ჯერჯერობით, ზეევ ფრენკელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა მისი თანხმობის მოპოვება მისი ჯანმრთელობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებისთვის. აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სახალხო დამცველის პრესსამსახურმა მიაწოდა. ფრენკელის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არჩილ კბილაშვილმა რამდენიმე დღის წინ, ოპერაციის ჩატარების შემდეგ შეიტყო.

ომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, 2011 წლის 20 სექტემბერს პრევენციის ეროვნული მექანიზმის წაემომადგენლები კვლავ შეხვდნენ და გაესაუბრნენ N15 დაწესებულებაში განთავსებულ პატიმარს რონი ფუქსს. ამჯერად მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ დაახლოებით 15 სექტემბრიდან მის მიმართ თანამშრომლების დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა და გახდა ფორმალური და ზოგჯერ უხეშიც კი.

ფუქსის განცხადებით, მას აიძულებდნენ ყოველი გადაადგილებისას ხელების ზურგზე დაწყობას, რაც მანამდე არ მოუთხოვიათ. მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა, რადგან ზედიზედ სამი დღის განმავლობაში, ღამის საათებში, ხდებოდა მისი საკნის შემოწმება,  რა დროსაც  მას აღვიძებდნენ და აიძულებდნენ სახით კედლისკენ დადგომას, რაც დაახლოებით 40–45 წუთი გრძელდებოდა. მან, ასევე, განაცხადა,  რომ ერთ–ერთი შემოწმებისას  ნიღბიანმა პირმა ფანტა დაასხა მის ლოგინზე და დაემუქრა ნარკოტიკის ჩადებით, რისთვისაც მისთვის შეეძლოთ, 20 წელი დაემატებინათ.

2011 წლის 23 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები კვლავ შეხვდნენ მსჯავრდებულ რონი ფუქსს, ამჯერად მისსავე საკანში, რა დროსაც მან თქვა, რომ მონიტორინგის ჯგუფთან შეხვედრის შემდგომ მის მიმართ მოპყრობა საკმაოდ გაუმჯობესდა, ექიმი ნახულობს რეგულარულად და ამჟამად თავს გრძნობს ნორმალურად.

რონი ფუქსმა მომხდარის შესახებ წერილი თავის ადვოკატს, არჩილ კბილაშვილს გაუგზავნა, რომელმაც საქმის კურსში ჩააყენა ისრაელის საელჩო საქართველოში.

საელჩომ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „ისრაელის საელჩო საქართველოში აღშფოთებას გამოთქვამს ციხეში ისრაელის მოქალაქეების, რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მიმართ უხეშ და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. ისრაელის საელჩომ საპროტესტო წერილები უკვე გაუგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახალხო დამცველს.“

ისრაელელი ბიზნესმენები ქართველმა სამართალდამცავებმა გასული წლის ოქტომბერში დააკავეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით. გამოძიების მასალებით, ბიზნესმენებმა მინისტრის მოადგილეს 7 მილიონი აშშ დოლარის გადახდა შეთავაზეს ქრთამის სახით, რათა საქართველოს ხელისუფლებას არ გაეპროტესტებინა საარბიტრაჟო სასამართლოს – საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ბიზნესმენებისთვის 98 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

1993 წელს კომპანია „ტრამექსს“, რომლის დამფუძნებლები არიან რონი ფუქსი და იოანის კარდასოპულოსი (ამ უკანასკნელზე საქართველოში ძებნაა გამოცხადებული იგივე ბრალდებით, რაც რონი ფუქსს დაედო), 30– წლიანი ექსპლუატაციის უფლებით საქართველოს ყველა ნავთობსადენი გადაეცა. 1996 წელს მათ ეს უფლება ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა. ბიზნესმენებმა კომპენსაციის მიღება ახალი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის არჩევის შემდეგ უშედეგოდ სცადეს, რის შემდეგაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს.

ამავე თემაზე:

ფუქსი და ფრენკელი კვლავ პატიმრობაში რჩებიან

ფუქსისა და ფრენკელის შვილებმა სააკაშვილს ბიზნესმენების შეწყალება სთხოვეს

მთავრობის “განაჩენი” ებრაელ ბიზნესმენებს

ფუქსისა და ფრენკელის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

ებრაელი ბიზნესმენები განაჩენის მოლოდინში

ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის არგუმენტები

ებრაელი ბიზნესმენების საქმეზე შემაჯამებელი სიტყვების მოსმენა დასრულდა

მასალების გადაბეჭდვის წესი