პოლიციელმა ახალგაზრდების მკვლელობა აღიარა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეცრაზმელმა დავით ჩოთალიშვილმა თანასოფლელი ახალგაზრდების მკვლელობა სასამართლოს წინაშე აღიარა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეცრაზმელმა დავით ჩოთალიშვილმა თანასოფლელი ახალგაზრდების მკვლელობა სასამართლოს წინაშე აღიარა.

21 წლის გიგია გემაზიშვილისა და მისი მეგობრის შოთიკო ბატიაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა. მკვლელობაში ბრალდებულმა პოლიციელმა დავით ჩოთალიშვილმა დღევანდელ პროცესზე სასამართლოს დეტალური ჩვენება მისცა მომხდარის შესახებ, რა დროსაც მან აღიარა შოთიკო ბატიაშვილისა და გიგია გემაზაშვილის მკვლელობა, თუმცა მან დანაშაულის პროვოცირებაში მოკლულების ერთ–ერთ მეგობარს – დათიკაშვილს დასდო ბრალი.

მისი თქმით, სწორედ დათიკაშვილთან მოუხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რის შემდეგაც ახალგაზრდების ჯგუფი მას გამოეკიდა და ამას მოჰყვა გასროლა მისი მხრიდან, რასაც ბატიაშვილი და გემაზაშვილი ემსხვერპლა.

ამის მიუხედავად, ჩოთალიშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ ინანიებს დანაშაულს, განიცდის მომხდარს და მზად არის, პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის.

პროცესს მოკლულების ახლობლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც სასამართლო სხდომას ბუნდოვანს უწოდებენ და ფიქრობენ, რომ შესაძლოა, სასამართლომ სასჯელი შეუმსუბუქოს მკვლელობაში ბრალდებულს.

მკვლელობა 2011 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 24:00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში მოხდა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 12 ოქტომბერსაა ჩანიშნული. ჩოთალიშვილის ინტერესებს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს.

დავით ჩოთალიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მიხედვით აქვს წაყენებული, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაულის ჩადენა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

ამავე თემაზე:

მკვლელობებში ბრალდებული პოლიციელი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაზო კუპრეიშვილი, თელავი