რას ავალდებულებს მოსამართლეს ახალი სტანდარტი

მოსამართლე ვალდებულია, მარტივ და გასაგებ ენაზე აუხსნას სხდომის ყველა მონაწილეს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება; აცნობოს დარბაზში მსხდომ პირებს მიმდინარე პროცესის ხანგრძლივობის შესახებ, ასევე, პროცესის გადადების შემთხვევაში, განუმარტოს მათ შესაბამისი მიზეზი – ამ ტიპის რეკომენდაციების შესრულება ყველა მოსამართლისთვის სავალდებულო ხდება.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეებს ახალი სტანდარტები გააცნო

რეკომენდაციები, რომელიც პროცესზე მოსამართლის დარბაზთან კომუნიკაციას ეხება, დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა მოსამართლეებს პირადად გააცნო.

სასამართლო პროცესზე მოსამართლის დარბაზთან კომუნიკაციის ზოგადი პრინციპები საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, მომზადდა. თუმცა ამ დოკუმენტის სრული ვერსია ამ დროისთვის მხოლოდ მოსამართლეებისათვის არის ხელმისაწვდომი.

დოკუმენტის მოსამზადებლად შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: მოსამართლეები, სამართლისა და კომუნიკაციის ექსპერტები, ფსიქოლოგი.

“თუკი აქამდე  მოსამართლის პროფესიულ მომზადებაზე იყო გამახვილებული ყურადღება, ამიერიდან უკვე მნიშვნელოვანი ხდება მოსამართლის კომუნიკაციური უნარები, რაც საბოლოოდ უფრო სრულყოფილს და მიუკერძოებელს გახდის პროცესის წარმართვას”, – ნათქვამია უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს–რელიზში. პრესსამსახურის ცნობით, რეკომენდაციები მოსამართლეებს ავალდებულებს, მუდმივი კონტაქტი ჰქონდეთ დარბაზთან და იყვნენ უფრო მეტად კეთილგანწყობილნი მხარეებისა და დარბაზში მყოფი პირების მიმართ.

უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ამ რეკომედაციების შესრულება მოსამართლეს დაეხმარება, “კეთილგანწყობილი დამოკიდებულება შეინარჩუნოს დარბაზში მყოფ პირებთან მთელი პროცესის მანძილზე.”

რეკომენდაციების შემუშავების შემდგომი ეტაპი მოსამართლეებისთვის ტრენინგების ჩატარება იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი