სამართალი

არასამთავრობოების მიმართვა ხელისუფლებას, მასმედიას და დიპლომატებს

8 სექტემბერი, 2011 • • 1262
არასამთავრობოების მიმართვა ხელისუფლებას, მასმედიას და დიპლომატებს

ოცამდე ქართულმა არასამთავრობო ორგანიაზციამ დღეს, 8 სექტემებრს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდამჭერი განცხადება ამავე ორგანიზაციის ოფისის წინ გაავრცელა.

”დამოუკიდებელი ექსპერტიზის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, არაკორექტული კომენტარები გაკეთდა როგორც საქართველოს შსს-ს, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ამის პარალელურად სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2-სა” და ტელეკომპანია ”იმედის” საინფორმაციო პროგრამებში გავიდა საიას წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტები, რომლებიც მომზადდა ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების სრული უგულვებელყოფით. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ის ფაქტი, რომ ეჭვი შეტანილ იქნა საიას მიუკერძოებლობასა და არა ექსპერტიზის დასკვნის სიზუსტეში,” – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც  ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანიზაციაა და წლებია იბრძვის ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის, გახდა ხელისუფლებისა და კერძო ტელემაუწყებლების განკიცხვის საგანი.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიუღებელია სამოქალაქო სექტორზე მსგავსი ”თავდასხმა”, რათა არ მოხდეს ამ ორგანიზაციის და მთლიანად არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია.

NGO-ებმა ასევე მოუწოდეს ”რსუთავი 2-სა” და ”იმედს”, ბოდიში მოუხადონ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ფაქტების დამახინჯების გამო. ხელისუფლებას კი მიმართავენ, ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით აწარმოოს მიუკერძოებელი გამოძიება.

2011 წლის 6 სექტემბერს ახალგზრდა იურისტთა ასოციაციამ 26 მაისის აქციის მოვლენების დროს ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გაავრცელა, რომელიც ეწინააღმდეგება კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შსს–ს ოფიციალურ ვერსიას.

საიას მიერ ექსპერტიზის ბიუროს გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტარმა გოკა გაბაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციას შეგნებული დეზინფორმაციის გავრცელებაში და პოლიტიკურ თამაშებში ჩაბმაში დასდო ბრალი, მან „ახალგაზრდა იურისტებს“ ბოდიშის მოხდაც მოსთხოვა.

ცენტრალურმა ქართულმა ტელეახებმა კი „საიას“ ერთ–ერთი ოპოზიციური პარტიის „სატელიტი ორგანიზაცია“ უწოდეს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით „ახალგაზრდა იურისტები“ „რუსთავი 2–სა“ და „იმედის“ წინააღმდეგ ტელეკომპანიების შიდა რეგულირების ორგანოში საჩივრის შეტანას აპირებენ, გოკა გაბაშვილის წინააღმდეგ კი– სასამართლოში ჩივილს.

მიმართვის ავტორების თქმით, ტექსტი გაეგზავნება როგორც ხელისუფლებას, ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს.   მიმართვას ხელს 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, მათ შორის: ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”, ”ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი”, ”საზოგადოებრივი დამცველი”, ”მრავალეროვანი საქართველო”, ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი,”  ”ადამიანის უფლებათა ცენტრი” და ა.შ.

ამავე თემაზე:

საია და DABS Forensic

საია ტელეკომპანიებისა და პარლამენტარის წინააღმდეგ

ნიკა კვინტრაძის სიკვდილის ორი ვერსია[Video]

მასალების გადაბეჭდვის წესი