სამართალი

NGO-ების პროტესტი საიას მხარდასაჭერად

8 სექტემბერი, 2011 • • 1174
NGO-ების პროტესტი საიას მხარდასაჭერად

დღეს, 13 საათზე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდამჭერ ბრიფინგს გამართავს, სადაც ასევე გაავრცელებენ მიმართვის ტექსტს საქართველოს ხელისუფლების, მედიასაშუალებებისა და დიპლომატიური კორპუსის სახელზე.

როგორც გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ საიას მიმართ საქმიანი რეპუტაციის შემლახველ გამონათქვამებს.

2011 წლის 6 სექტემბერს ახალგზრდა იურისტთა ასოციაციამ 26 მაისის აქციის მოვლენების დროს ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გაავრცელა, რომელიც ეწინააღმდეგება კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შსს–ს ოფიციალურ ვერსიას.

საია აღნიშნავს, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნება დამოუკიდებელი საექსპერტო ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელშიც ცალსახად არის მითითებული, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  მიერ ექსპერტიზისთვის გაგზავნილ ფოტო და ვიდეომასალაზე გამოსახული პიროვნებები ერთი და იგივეა.

„დამოუკიდებელი ექსპერტიზის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, სამწუხაროდ, არაკორექტული  კამპანიური ხასიათის კომენტარები გააკეთდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართ.

ვთვლით, რომ დაუშვებელია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე მსგავსი უაპელაციო კომენტარები და საზოგადოების წინაშე ამ სახით არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია,“ – წერია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საიას მიერ ექსპერტიზის ბიუროს გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტარმა გოკა გაბაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციას შეგნებული დეზინფორმაციის გავრცელებაში და პოლიტიკურ თამაშებში ჩაბმაში დასდო ბრალი, მან „ახალგაზრდა იურისტებს“ ბოდიშის მოხდაც მოსთხოვა.

ცენტრალურმა ქართულმა ტელეახებმა კი „საიას“ ერთ–ერთი ოპოზიციური პარტიის „სატელიტი ორგანიზაცია“ უწოდეს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით „ახალგაზრდა იურისტები“ „რუსთავი 2–სა“ და „იმედის“ წინააღმდეგ ტელეკომპანიების შიდა რეგულირების ორგანოში საჩივრის შეტანას აპირებენ, გოკა გაბაშვილის წინააღმდეგ კი– სასამართლოში ჩივილს.

საია–ს ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის თქმით, აღნიშნულმა ტელეარხებმა ორგანიზაციის მიერ გავრცელებული დასკვნა დამახინჯებულად გააშუქეს.

ამავე თემაზე:

საია და DABS Forensic

საია ტელეკომპანიებისა და პარლამენტარის წინააღმდეგ

ნიკა კვინტრაძის სიკვდილის ორი ვერსია[Video]




მასალების გადაბეჭდვის წესი