სამართალი

როგორ მოკვდა ნიკა კვინტრაძე 26 მაისის ღამეს

6 სექტემბერი, 2011 •
როგორ მოკვდა ნიკა კვინტრაძე 26 მაისის ღამეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 6 სექტემბერს, ჟურნალისტებს გააცნო ერთ–ერთი ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელიც ამტკიცებს, რომ 27 მაისს  მაღაზიის სახურავზე ნაპოვნი გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძე სამართალდამცავებს აქციის დაშლის შემდეგ, 26 მაისს დაკავებული ჰყავდათ.

ნიკა კვინტრაძე 25 მაისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაში იღებდა მონაწილეობას, აქციის დაშლის შემდეგ კი დაიკარგა. შსს–ს ინფორმაციით, კვინტრაძე აქციის კიდევ ერთ მონაწილესთან ერთად  27 მაისს, სამხედრო აღლუმის მეორე დღეს, თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ–ერთი მაღაზიის სახურავზე გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავების განცხადებით, ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი სახურავზე აქციის დაშლისას აძვრნენ, სადაც ისინი ელ. გადამცემ ხაზს შეეხნენ და გარდაიცვალნენ.

მოგვიანებით, რამდენიმე მედიასაშუალება და  ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ნიკა კვინტრაძე აქციის დაშლისას დაკავებული იყო, ამის დასტურად კი ფოტოკადრს მიიჩნევდნენ, სადაც ხელებგაკოჭილი მამაკაცი რუსთაველის გამზირზე წევს, თუმცა, სახე არ უჩანს. ნიკა კვინტრაძის ერთ–ერთი მეგობარი ამბობდა, რომ ფოტოზე გამოსახული მამაკაცი ნამდვილად ნიკა კვინტრაძე იყო და მისთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა დაკავებული კვინტრაძე მოგვიანებით სახურავზე,თანაც გარდაცვლილი.

შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვიულმა აღნიშნული მოსაზრების გაქარწყლება მაისშივე სცადა და განაცხადა, რომ სადავო ფოტოზე გამოსახული მამაკაცი ნიკა კვინტრაძე არ იყო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ბრიტანეთში DABS Fungerprints/Forensics–ს გამოსაკვლევად გაუგზავნა ფოტო–ვიდეომასალა, სადაც, სავარუდოდ, კვინტრაძე იყო აღბეჭდილი. გაგზავნილ მასალებს შორისაა 1. რუსთავი 2–ის ეთერით გასული ვიდეოკადრები, 2. ფოტო, რომელზეც ერთ–ერთმა მოწმემ კვინტრაძე ამოიცნო და 3. ნიკა კვინტრაძის პასპორტისა და პროზექტურაში გადაღებული ფოტობი. საკვლევი მასალა ესპოერტიზის ბიუროს ექსპერტ კენეტ ლინჯს გაუგზავნეს.

საიას ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ექსპერტიზის პასუხმა დასაბუთებული ეჭვი გააჩინა ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის სიკვდილის შესახებ შსს–ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

DABS Fungerprints/Forensics–ის დასკვნის მიხედვით, ექსპერტმა მორფოლოგიური შედარების საფუძველზე დაადგინა, რომ ნიკა კვინტრაძის პასპორტის, გარდაცვალების შემდგომ გადაღებულ სურათებსა და რუსთავი 2–ზე გასულ ვიდეოში გამოსახულ ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია გამოსახული. აღნიშნულ გამოსახულებებს შორის ექსპერტიზამ 7 მსგავსი ნიშანი აღმოაჩინა.

გარდა ამისა, ექსპერტიზამ გამორიცხა ფოტო–ვიდეომასალაში მონტაჟის ნიშნები. ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ ვიდეომასალაში და იმ ფოტოზე, რომელზეც კვინტრაძე მეგობარმა ამოიცნო, ასახულია ერთი და იგივე სცენა, ოღონდ განსხვავებული თვალთახედვიდან.

საიას თქმით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ აქციის დაშლის დროს ნიკა კვინტრაძე დაკავებული იყო პოლიციის მიერ. „იმ ვითარებაში, როდესაც ექსპერტიზით დასტურდება, რომ კვინტრაძე პოლიციელებს აქციის დაშლისას ჰყავდა დაკავებული და ამ ტერიტორიაზე პოლიცია ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა მთელი ღამის და აღლუმის განმავლობაში, სადავოა, თუ როგორ შეიძლება აღმოცენილიყვნენ ნიკა კვინტრაძე და 60 წლის სულიკო ასათიანი თავისუფლების მოედნის მეტროსთან მდებარე მაღაზიის სახურავზე,“ – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

„ახალგაზრდა იურისტებმა“ ჟურნალისტებს ასევე განუცხადეს, რომ მათ მოიპოვეს ერთ–ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც 26 მაისს, აქციის დაშლის შემდგომ, მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის ეზოში იმალებოდა, ტერიტორია კი დილით მაღაზიის სახურავით დატოვა და იქ არანაირი გვამები არ უნახავს. ჩუგოშვილის თქმით, ისინი ამ მოწმეს, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კონფიდენციალურობას შეპირდნენ და მის ვინაობას ვერ გაამხელენ.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აღნიშნული ფაქტები აძლიერებს ეჭვს, რომ ნიკა კვინტრაძე შესაძლოა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შედეგად იყოს გარდაცვლილი. მისივე თქმით, ამ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ 26 მაისს აშკარა იყო აქციის დაშლისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები, რა დროსაც ადამიანებმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს.

საია ფოტოექსპერტიზის დასკვნას პროკურატურას გადაუგზავნის და მოითხოვს მისგან, აღნიშნულ მტკიცებულებებზე საზოგადოებას წარმოუდგინოს შესაბამისი განმარტებები. ასევე, სახელმწიფომ უზრუნველყოს იმ პროცესუალური ნორმების დაცვა, რაც საჭიროა მიუკერძოებელი გამოძიების ჩასატარებლად და დამნაშავეების დასასჯელად.

თამარ ჩუგოშვილმა წუხილი გამოთქვა, რომ  ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის ოჯახებს კიდევ ერთხელ უწევთ მათი ოჯახის წევრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით მძიმე ფაქტების მოსმენა, თუმცა, „ამ საკითხზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი საიას არ აძლევს მორალურ უფლებას, თავი შეიკავოს სერიოზული უფლებათა დარღვევის ფატქების შეფასებისგან.“

ექსპერტიზის ბიურო DABS Fingerprints/Forensics Ltd პირთა იდენტიფიკაციის ბრიტანული ასოციაციის (BAHID), გაერთიანებული სამეფოს ექსპერტ მოწმეთა რეესტრისა და ბრიტანეთის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ინსტიტუტის წევრია.

კენეტ ლინჯს აქვს ბაკალავრისა და მეცნიერებათა მაგისტრის წოდება და ბრიტანეთის პროფესიონალ ფოტოგრაფთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია.

 

ექსპერტიზაზე გაგზავნილი ფოტოები
ექსპერტიზაზე გაგზავნილი ფოტოები

შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბრიტანული ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული კვლევა, რომელსაც თან ფოტოებიც აქვს დართული. კვლევა ქართულ ენაზეა ნათარგმნი

ამავე თემაზე:

ნიკა კვინტრაძის მკვლელობის ორი ვერსია[Video]


მასალების გადაბეჭდვის წესი