სამართალი

რას მალავს აჭარის კუდ-ის უფროსი

5 სექტემბერი, 2011 • 3396
რას მალავს აჭარის კუდ-ის უფროსი

სახლში, რომელიც ხელისუფლებამ აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრს, სოსო გოგიტიძეს ჩამოართვა, მისი ამჟამინდელი შემცვლელი – კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი, თეიმურაზ პატარიძე ცხოვრობს.

აჭარის უშიშროების ყოფილი მინისტრის საკუთრება, რომელშიც ამჟამად აჭარის კუდ-ის უფროსი ცხოვრობს
აჭარის უშიშროების ყოფილი მინისტრის საკუთრება, რომელშიც ამჟამად აჭარის კუდ-ის უფროსი ცხოვრობს

160.9 კვ.მ საცხოვრებელი ფართი ბათუმის ცენტრში, ზ. გორგილაძის (ყოფილი ერას) ქ. #19ა-ში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წლის დეკემბერში აუქციონის წესით გაყიდა ასლან აბაშიძის და მისი მთავრობის წევრების სხვა სახლებთან ერთად, რომელიც მათ „ვარდების რევოლუციის“ გზით მოსულმა ხელისუფლებამ ჩამოართვა.

სახლი ქუთაისელმა ბიზნესმენმა, შპს „არადანის“ (კომპანია აწარმოებს ბეტონის დეკორატიულ ფილებს) მფლობელმა და ხელმძღვანელმა მამუკა თევდორაძემ  50 ათას ლარად იყიდა. ამ სახლში, ფაქტობრივად, თეიმურაზ პატარიძე ცხოვრობს, რომელიც წარმოშობით ასევე ქუთაისელია.

„ბავშვობის მეგობრები ვართ და ცხოვრობს ჩვეულებრივად – მთხოვა, სახლში თუ შეიძლება რომ ვიცხოვროო, ვინაიდან აქეთა ვარო და კი, გენცვალე-თქო და მეგობრისთვის, მე მგონია, სახლის გადაცემა არ არის დარღვევა არავითარი, თან, როცა ბავშვობიდან მოვდივართ“, – ამბობს მამუკა თევდორაძე.

მისივე თქმით, პატარიძისთვის აღნიშნული ბინა დროებით, მაგრამ სრულიად უსასყიდლოდ აქვს დათმობილი. „ჩემს სახელზეა, არის ჩემი სახლი და როცა მომინდება, ბათუმში ჩავალ, დავიძინებ კიდეც და როცა მინდა, წამოვალ და ვისაც მინდა შევუშვებ“, – ამბობს მამუკა თევდორაძე.

გორგილაძის ქუჩაზე მცხოვრებთა თქმით, პატარიძე დროებითი მაცხოვრებლის შთაბეჭდილებას არ ტოვებს: მათი თქმით, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ავტოფარეხების თავზე დიდი სახლის მშენებლობას პატარიძე თავად ხელმძღვანელობდა.

ახალი სახლის მშენებლობის პარალელურად, გორგილაძის #19ა-ს მესაკუთრეების მონაცემებმა საჯარო რეესტრში:2010 წლის თებერვალში რამდენჯერმე განიცადა ცვლილება– ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მამუკა თევდორაძემ ჯერ პირველ სართულზე მიიღო 13.30 კვ.მ დამხმარე ფართი საკუთრებაში, შემდეგ კი, ასევე ჩუქებისა და გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე, გახდა თანამესაკუთრე კიდევ 9.12 კვ.მ დამხმარე ფართისა პირველ სართულზე, 157.70 კვ.მ ფართისა მეოთხე სართულზე, 64.68 კვ.მ ფართისა მანსარდაზე და 22.40 კვ.მ ავტოფარეხისა.

მეზობლების ინფორმაციით, თეიმურაზ პატარიძე გორგილაძის ქ. #19-ში მდებარე ოთხსართულიან შენობაში მეორე სართულზე ცხოვრობს, იგი იყენებს, ასევე, ამავე სახლის ეზოში აშენებულ ორსართულიან სახლს.

ახალაშენებული სახლი გორგილაძის ქუჩაზე, რომელსაც, ასევე, აჭარის კუდ-ის უფროსი იყენებს
ახალაშენებული სახლი გორგილაძის ქუჩაზე, რომელსაც, ასევე, აჭარის კუდ-ის უფროსი იყენებს

ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის მიხედვით, რომელიც თეიმურაზ პატარიძემ ბოლოს 2011 წლის 2 მაისს შეავსო, კუდ-ის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსსა და მის ოჯახს საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია. თუმცა, რეალურად, მისი ოჯახი რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ფლობს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქუთაისში, თბილისის ქ. #100-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნახევარი პატარიძის ცოლის სახელზეა რეგისტრირებული, დანარჩენი ნახევარი კი  მისი უფროსი ვაჟის, ოთარ პატარიძის საკუთრებაშია.

თეიმურაზ პატარიძე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციას 2005 წლიდან ავსებს, როცა კუდ-ის დასავლეთ რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილეობის კანდიდატი გახდა (მანამდე  ამ სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომელი იყო).

დეკლარაციის მიხედვით, მამამისი – იუზა პატარიძე ფლობს მამაპაპისეულ საცხოვრებელ სახლსა (120 კვ.მ) და 120 კვ.მ ეზოს ფართობს ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩის I ჩიხის #4-ში, ასევე, სახლს (200 კვ.მ) და მიწის ნაკვეთს (800 კვ.მ) თერჯოლის რაიონის სოფელ სიქთარვაში.

საცხოვრებელი სახლი ქუთაისში, თბილისის ქუჩის მე-2 შესახვევის #23-ში (საცხოვრებელი ფართი – 200 კვ.მ და მიწის ფართი – 300 კვ.მ) 1999 წელს აქვს შეძენილი 20 ათას დოლარად თეიმურაზ პატარიძის დედას – მალინა (ნაილი) პატარიძეს.

მომდევნო, 2006 წლის დეკლარაცია პატარიძემ კუდ-ის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსის რანგში შეავსო. ამ დეკლარაციის მიხედვით, მისი ოჯახის ქონება, წინა წლის მსგავსად, მხოლოდ ორი სახლისგან შედგება, რომლებიც მშობლების სახელზეა რეგისტრირებული.

შემოსავალი გააჩნია მხოლოდ მას და დედამისს: თავად პატარიძეს ხელფასის სახით თვეში – 1800 ლარი, ხოლო დედამისს, როგორც სამშობიარო სახლის, შპს „ბომონდის“ ექთანს – თვეში 400 ლარი.

პატარიძის ქონებრივი მდგომარეობა არც მომდევნო ორი წლის (2007-08) დეკლარაციების მიხედვით იცვლება. ამ პერიოდში მისი წლიური შემოსავალი 23 000 ლარია.

2009 წლის დეკლარაციის მიხედვით, თემურ პატარიძემ 2008 წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიიღო 24 000 ლარი და პრემიის სახით – 55 000 ლარი.

პატარიძის ქონება მცირეოდენ ცვლილებას განიცდის 2010 წლის დეკლარაციაში, რომლის მიხედვითაც, მამამისის საკუთრებაში ჩნდება 2000 წელს გამოშვებული „მიცუბიში“ პიკაპი, ხოლო  მისი შვილის სახელზე – 1993 წელს გამოშვებული „მერსედესი“. თემურ პატარიძის მიერ სამუშაოს შესრულების შედეგად მიღებული წლიური შემოსავალი 67 080 ლარია.

დეკლარაციაში არ ფიგურირებს დედამისის – მალინა (ნაილი) პატარიძის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლი ბათუმში. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ლერმონტოვის 31-37 ბ 78-ში მშენებარე ფართი (50.80 კვ.მ) 2009 წლის ნოემბრიდან ეკუთვნის მალინა პატარიძეს, თუმცა უცნობია, რა შემოსავლებით მოახერხა მან ამ ბინის შესყიდვა. პატარიძეს 2010 წლის დეკლარაციაში მხოლოდ ის აქვს მითითებული, რომ დედამისი ფლობს ფულად თანხას 5000 ლარის ოდენობით, მამამისი კი – 8000 ლარს, შემოსავლების წყარო დეკლარაციაში ასახული არ არის.

ბოლო, 2011 წლის დეკლარაციის მიხედვით, თეიმურაზ პატარიძის ოჯახს შეადგენს მხოლოდ მისი ცოლი და ორი ვაჟი. დეკლარაციაში მითითებულია, რომ მეუღლე – თეა ბეჟუაშვილი ფლობს 2004 წელს გამოშვებული „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანას, თუმცა არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რა შემოსავლებით იყიდა მან ეს ავტომანქანა. უფრო მეტიც, დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი მეუღლის შემოსავლების თაობაზე. პატარიძეს მხოლოდ 2005 წელს შევსებულ დეკლარაციაში აქვს მითითებული, რომ მისი ცოლი, თეა ბეჟუაშვილი მუშაობდა ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაში ლაბორანტად.

დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ პატარიძის მიერ სამუშაოს შესრულების შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 2010 წლის მანძილზე 71 745.36 ლარი შეადგინა.

2010 წლის ნოემბერში თემურ პატარიძე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. კანონის შესაბამისად, პირველი ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის. ამ ჯილდოსთვის დაწესებულია ფულადი პრემია შრომის ანაზღაურების 100 მინიმალური ოდენობით, რაც 13 500 ლარს შეადგენს (პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 135 ლარით).

ვახტანგ გორგასლის პირველი ხარიხსის ორდენი თემურ პატარიძემ (და აჭარაში მომუშავე შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებმა) ოპერაცია „ენვერის“ წარმატებით შესრულების გამო დაიმსახურა.

ოპერაცია „ენვერის“ შედეგად, 2010 წლის 5 ნოემბერს შსს-ს მიერ 15 პირი იქნა დაკავებული, რომლებიც პოლიციის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (ე.წ. „გრუ“-სთან) იყვნენ ფარულ კავშირში. მათ შორის იყო ბათუმში მცხოვრები ბიზნესმენი პეტრე ნურის ძე დევრიშაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ საპროცესო გარიგების შედეგად გაათავისუფლეს.

თეიმურაზ პატარიძე
თეიმურაზ პატარიძე

„ენვერის“ საქმესთან დაკავშირებით „მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის” 2010 წლის 15 ნოემბერს მიცემულ ინტერვიუში აჭარის ყოფილმა პირველმა ვიცე-პრემიერმა ბადრი მელაძემ განაცხადა, რომ „მთელი ეს ჯაშუშობის საქმე დევრიშაძემ და პატარიძემ მოაწყვეს. პატარიძემ ვარსკვლავი მიიღო, დევრიშაძეს კი ცოტა ხნით ჩასვეს ციხეში და გამოუშვებენ“.

მისივე თქმით, ამას წინ უძღოდა ის, რომ „პატარიძესა და დევრიშაძეს ერთობლივი ბიზნესი აქვთ – ცოტა ხნის წინ მათ აიღეს თევზსაჭერი გემი. პატარიძის ძმა რუსეთში იჯდა ციხეში და დევრიშაძე დაეხმარა მის გათავისუფლებაში. პატარიძესთან ერთად დევრიშაძე ამარაგებდა ქართულ არმიას კონსერვირებული ხორცით“.

აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ პატარიძე, თანამდებობაზე დანიშვნამდე, 1998-2004 წლებში, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უფროს ოპერატიულ თანამშრომლად მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი