ნეტგაზეთი | უცნობი მასალები ”ენვერის” საიდუმლო საქმიდან უცნობი მასალები ”ენვერის” საიდუმლო საქმიდან – Netgazeti
RU | GE  

უცნობი მასალები ”ენვერის” საიდუმლო საქმიდან

”ენვერის” საქმის ერთ-ერთ მონაწილეს, მფრინავ გელა კაკაბაძეს, დაპატიმრების შემდეგ ოჯახთან შეხვედრის უფლება პირველად გუშინ, 31 აგვისტოს მიეცა. მეუღლემ იგი გლდანის მე-8 საპყრობილეში მოინახულა. სასამართლომ გელა კაკაბაძეს 6 ივლისს მიუსაჯა 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

იამზე და დავით დოლიძეები
იამზე და დავით დოლიძეები

”ენვერის” საქმის ერთ-ერთ მონაწილეს, მფრინავ გელა კაკაბაძეს, დაპატიმრების შემდეგ ოჯახთან შეხვედრის უფლება პირველად გუშინ, 31 აგვისტოს მიეცა. მეუღლემ იგი გლდანის მე-8 საპყრობილეში მოინახულა. სასამართლომ გელა კაკაბაძეს 6 ივლისს მიუსაჯა 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. კაკაბაძის საქმესთან დაკავშირებით დეტალების თაობაზე ”ბათუმელებს” მისი ოჯახის წევრები ესუბრნენ:

დავით დოლიძე, გელა კაკაბაძის სიმამრი:”განაჩენი მეორე ინსტანციაში ისე გავასაჩივრეთ, არც ერთი საბუთი არ გვაქვს, არ ვიცით, განაჩენში რა წერია. სასამართლოში გვითხრეს, განაჩენს არ გაძლევთ, დაწერეთ განცხადება და დატოვეთო.”

იამზე დოლიძე, გელა კაკაბაძის მეუღლე:”კომპიუტერი დაკავებამდე ერთი კვირით ადრე მამაჩემმა აჩუქა ბავშვებს, ინტერნეტი ჯერ ჩართული არ გვქონდა. შაბათს ამომიტანა და ოთხშაბათს წაიღეს. სპეცოპერაციის დროს, როცა პირველად დაასრულეს ჩხრეკა, აივანზე გავიდა ერთ-ერთი და ვიღაცას დაურეკა – კაკაბაძე სუფთააო. იქვე ვიდექი და გავიგონე. ახლა ვფიქრობ, ჩამწერი რომ მქონოდა, გელა გადარჩებოდა… მერე დადეს ფლეშკა. მოწმეების გარეშე გაჩხრიკეს. მეზობლის ბიჭები იქვე იყვნენ, მანქანის ძრავს იღებდნენ. არ ვიცოდი, რომ ჩხრეკის დროს მოწმეების მოთხოვნა შემეძლო… თურმე, მთელი სოფელი უნდა შეყარო. ბეტონიან სახლში მძინავს. ოთახები ფანერკით მაქვს გაყოფილი. იატაკი ისეა დამპალი, მეშინია, ბავშვებს ფეხები არ ჩაუვარდეთ. რომელ ჯაშუშობაზე მელაპარაკებიან?! ჩემი ოჯახის მიმართ მეზობლების დამოკიდებულება არ შეცვლილა. პირიქით. დაკავების მერე ბავშვების ბაღის გადასახადს ვეღარ ვიხდიდი. ერთი კვირის შემდეგ ამოვიდნენ და მითხრეს, რომ თანხას თვითონ გადაიხდიდნენ.

მთელი სოფელი ამაყობდა, რომ მათი ბიჭი ასეთი პროფესიონალი გახდა. ბათუმში როცა მოფრინავდა, ჩვენი სოფლის თავზე გადმოიფრენდა აუცილებლად, სახლს ერთ წრეს დაარტყამდა ბავშვებისთვის.”

გელა კაკაბაძის მეუღლე, იამზე დოლიძე, ორ შვილთან ერთად ჩაქვში, სოფელ საჩინოში ცხოვრობს. მას 5 წლის ტყუპი ბიჭები ჰყავს.

დავით დოლიძე: ”გასაკვირია, ყველა დაკავებულმა როგორ გამოიჩინა ასეთი წინდაუხედაობა – სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ფლეშკა ერთს სალოცავ კუთხესთან ედო, მეორეს – კომოდის უჯრაში, მესამეს – ბუხრის თავზე. ოფიცერ ჯაშუშებს ის კი უნდა სცოდნოდათ, როგორ შეენახათ საიდუმლოება, თუნდაც ბავშვებს რომ არ ჩავარდნოდათ ხელში, სამართალდამცავებზე რომ არაფერი ვთქვათ. ხუთივე ასეთი სულელი როგორ აღმოჩნდა?!”

იამზე დოლიძე: ”საბრძოლო მოქმედებაში არ მიუღია მონაწილეობა. აგვისტოს ომის დღეებში იარაღი და ვერტმფრენები გაჰქონდათ ცხელი წერტილებიდან, მიწასთან კავშირის გარეშე დაფრინავდნენ. ომის მერე ცეცხლს აქრობდნენ ტყეებში. ამისთვის საქართველოს პრეზიდენტისგან ჯილდოები მიიღეს. ჩხრეკის დროს ყველა ჯილდო თან წაიღეს, მარტო პრეზიდენტისგან მოცემული ჩოლოყაშვილის გმირობის მედალი დაგვიტოვეს. თუ 2006 წლიდან აკვირდებოდნენ ამ მფრინავებს, ბოლო დღეებამდე როგორ ანდობდნენ სააკაშვილის თანხლებას? პრეზიდენტს დაცვა იმ თვითმფრინავებით დაყვებოდა, რომლებსაც ისინი მართავდნენ.

გელა დაკავების დღესაც აეროპორტში იყო საფრენ ბილიკზე. დილით გამოიძახეს – სააკაშვილის სპეცრაზმელები უნდა წაეყვანა ბეშუმში, კუდ-ის თანამშრომლები იქ მივიდნენ.”

დავით დოლიძე: ”პეტრე დევრიშაძემ და გაბრიელ უსტალიშვილმა ბრალი აღიარეს – ორივე თავისუფალია. თუმცა სხვა მფრინავებისთვის ბრალის აღიარება არ შეუთავაზებიათ. ახლახან ”მაესტროს” ჟურნალისტების თანხლებით მივედი უსტალიშვილთან, სამხედრო ფორმით იყო, ციხისძირის გზატკეცილზე ზღვის ნიჟარებით ვაჭრობს… დუმილის ვალდებულება აქვს აღებული, ერთ სიტყვას არ გეტყვის. ადვოკატის, გოჩა საღრიშვილისგან (გარდაცვლილია) ვიცით უსტალიშვილის ჩვენება – ამ საქმიანობას ვეწეოდი, მაგრამ მფრინავებთან შეხება არ მქონიაო. ვფიქრობდით, დევრიშაძე დაადებდა ხელს მფრინავებს, მაგრამ ეს არც მან გააკეთა. თუ უსტალიშვილმა თქვა, რომ მფრინავების შესახებ არაფერი იცის, მაშინ რა აღიარა? თუ ზემდგომი ჩაუშვა, მაშინ სადაა ეს ზემდგომი, რატომ აღარავინ დააკავეს?ამბობენ, ოთხი წელი ვაკვირდებოდითო, მაშინ ერთხელაც რატომ ვერ დაიჭირეს ფაქტზე? საქმეში წერია – ”გაურკვეველ დროს, გაურკვეველ ვითარებაში, გაურკვეველი ინფორმაცია გადასცეს”. გადაცემული ინფორმაცია მაინც გამოაქვეყნონ, მაგრამ არაფერი აქვთ გამოსაქვეყნებელი და მაგიტომაც დახურეს საქმე.

არის კიდევ ერთი პიროვნება საქმეში, თავიდან აბაშიძის სახელით იყო ცნობილი – გენადი გაიდაროვი, რომელიც დაკითხეს. ის საზღვაო აკადემიაში მუშაობს ახლაც, ლექციებს კითხულობს. გაიდაროვმა ოფიციალურად განაცხადა სასამართლოზე, რუსების სასარგებლოდ ვმუშაობდი, მერე ჩვენებმა გამომიჭირეს, ეს იმათ გაიგეს და კონტაქტი გაწყვიტესო. ამასაც ჰკითხეს მფრინავებზე, მაგრამ მხოლოდ ბიზნესმენები – გალოგრე, გევორქიანი და ჩიკოიანი დაასახელა. ეს ყველაფერი ადვოკატმა გოჩა საღრიშვილმა გვითხრა.”

დავით დოლიძე: ”საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი პიროვნება – მიხეილ (მიშა) კვაჭანტირაძე, რომელიც აბაშიძემ მოიწვია, ამ ბიჭებს ავიაციას ასწავლიდა. გოჩა საღრიშვილის თქმით, კვაჭანტირაძეს, რომელიც საქმის მასალებით ჯაშუშია, მფრინავებთან სატელეფონო საუბრები ჰქონია. კვაჭანტირაძე 2006 წლის შემდეგ საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვიდა, ბათუმშიც იყო, შეიძლება მართლა მაგ საქმეზე ჩამოდიოდა, მე რა ვიცი. მაგრამ თუ 2006 წლიდან სწავლობდნენ ამ საქმეს, მაშინ კვაჭანტირაძე რატომ არ დააკავეს?”

იამზე დოლიძე: ”საავიაციო სასწავლებელი 60-დან მხოლოდ 14-მა კურსანტმა დაამთავრა. ამ 14-დან 6 დააკავეს, დანარჩენი კი სამსახურიდან დაითხოვეს.”

დავით დოლიძე: ”საფრთხეს არ ვგრძნობ. ჩვენ ის კატეგორია ვართ, ვისაც სახელმწიფოსთან შეხება არ აქვს – არ გვაქვს ხელფასი, პენსია, არ ვმუშაობთ. ერთადერთი ადამიანი მუშაობდა მხოლოდ. რა ვიცი, თუ დაგვიჭერენ…”

იამზე დოლიძე: ”გირგვლიანის დედის სიტყვები მახსენდება: მხარში ამომიდექით ყველა, საქართველოში განუკითხაობაა და აუცილებლად მოყვებით ამ მთავრობის კლანჭებშიო. ახლა მე ვიძახი, ძალიან გთხოვთ, მხარში ამომიდექით. დავით დოლიძე:”რატომ ეს მფრინავები? – ამას მეც ვეკითხები საკუთარ თავს. თუ ხუმრობით ვიტყვი – ეტყობა, სააკაშვილმა აბაშიძე ვერ მოინელა და იმდროინდელებს ყველას მუსრი უნდა გაავლოს – პირველ რიგში, ჯარის ხალხი მოიცილა, შემდეგ – მფრინავები. თითქმის მთავრდებოდა კონტრაქტი და თანხა რომ არ გადაეხადა მათთვის, ყველა მოიცილა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს – ხანძრის ჩაქრობის მერე, სააკაშვილმა მათ უთხრა, ესენი ღირსი არიან პრეზიდენტის ხელფასი ჰქონდეთო. ხელფასები არ მოუმატებია, ამის გამო მფრინავებში შეიძლება გულისწყრომაც იყო და არც ეს მოეწონათ. ალბათ, თანხებიც ”გაალამაზეს”, ბევრი ტექნიკა შეისყიდეს, რაც აღარ სჭირდებათ”.

გელა კაკაბაძესთან ერთად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 6 ივლისს მრავალწლიანი პატიმრობა ”ენვერის” სულ 9 მონაწილეს მიუსაჯა: ედუარდ აბდულაევი, არმენ გევორქიანი, რუბენ ჩიკოიანი, ტარიელ აბაშიძე, გელა კაკაბაძე, გოჩა დიასამიძე, დავით მესხიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯაშუშობაში და მათ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; გელა კაკაბაძე, დამნაშავედ ცნო საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენასა და შენახვაში და დანაშაულთა ერთობლიობით მას 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; რუსლან გალოგრესა და იური სკრილნიკოვს კი სასამართლოს განაჩენით ბრალი დაედოთ საქართველოს წინააღმდეგ უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლასა და საქმიანობაში. ორივე მათგანს სასამართლომ 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამავე თემაზე:

“ენვერის” ახალი დეტალები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეთერ თურაძე, ”გაზეთი ბათუმელები”