სამართალი

ქართული მართლმსაჯულების ფასი რეპრესირებულებისთვის

29 აგვისტო, 2011 • 1464
ქართული მართლმსაჯულების ფასი რეპრესირებულებისთვის
400-ლარიანი კომპენსაცია მათთვის, რომელთა მშობლებიც რეპრესიების დროს დახვრიტეს, 210 ლარი კი – მათთვის, ვინც გადაასახლეს, – ასეთია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

საქართველოს ხელისუფლებამ რეპრესირებული მოქალაქეებისა და მათი მემკვიდრეებისთვის კომპენსაციების გაცემა მას შემდეგ ჩათვალა საჭიროდ, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ 2010 წლის 2 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე – ”კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ”.

ევროსასამართლოს დადგენილებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო არ შეცვლიდა კანონმდებლობას, მას რეპრესირებული კილაძეებისთვის 4-4 ათასი ევრო უნდა გადაეხადა. ეს, თავისთავად, ნებისმიერ რეპრესირებულს ან მის პირველი რიგის მემკვიდრეს მისცემდა შესაძლებლობას, ეჩივლა ევროსასამართლოში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, 4 ათასი ევროს გადახდის მოთხოვნით.

სახელმწიფომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებიდან ორ თვეში შეცვალა კანონი, რითაც თავის მოქალაქეებს მისცა შესაძლებლობა, რეპრესირებულებს ეჩივლათ ქართულ სასამართლოში. ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აჭარის ფილიალის იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ თუ ამ კანონს არ მიიღებდა სახელმწიფო, მაშინ თითოეული რეპრესირებული იჩივლებდა ევროსასამართლოში და საქმესაც მოიგებდა. ამ ცვლილების შემდეგ კი, საკითხს გადაწყვეტს ქართული სასამართლო და, შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობასაც ის განსაზღვრავს.

არის თუ არა 400 ლარი კომპენსაციის ზედა ზღვარი? საია-ს იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ ”შეიძლება სასამართლომ ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით დაადგინოს ზღვრული ნორმა, ანუ შეიძლება 400 ლარი იყოს კომპენსაციის ზედა ზღვარი”. გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ თანხის ოდენობას, მაგალითად, 400 ლარს, ევროსასამართლოში ვერ გაასაჩივრებ: ”ის, რომ სასამართლომ 400 ლარი მომანიჭა, ამაში ვერავინ ჩაერევა. მოსამართლემ ეს თანხა ზიანის ანაზღაურებისთვის საკმარისად მიიჩნია”.

გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით, ”სასამართლოს უშუალო დაზარალებულების საქმე ჯერ კიდევ არ განუხილავს. სავარაუდოდ, ეს კატეგორია უფრო მეტ თანხას მიიღებს… გარდა ამისა, კანონი ყველა რეპრესირებულის მემკვიდრისთვის კომპენსაციის გაცემას თავისთავად არ ითვალისწინებს. მემკვიდრემ სასამართლოს უნდა დაუმტკიცოს განცდილი მორალური ზიანი, კომპენსაციას სწორედ ამის შემდეგ მიიღებს”.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მომჩივანი თავისუფლდება ბაჟის მოსაკრებლისგან. თუმცა მომჩივანს აქვს საადვოკატო მომსახურების ხარჯები. საქართველოში ერთი სარჩელის მომზადება მინიმუმ 100 ლარი ღირს. გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით, სარჩელში შეიძლება საადვოკატო მომსახურების ხარჯების შეტანაც, რასაც ასევე სახელმწიფო აანაზღაურებს.

საია რეპრესირებულებს თუ მათ მემკვიდრეებს სარჩელს უფასოდ უმზადებს. გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით, მათ ამ ეტაპზე 300 სარჩელი უკვე მოამზადეს: ”500 საქმემდე კიდევ გვაქვს. რამდენსაც ვამზადებთ, ორი იმდენი შემოდის”.

მარტო აჭარაში 6000-მდე რეპრესირებული და რეპრესირებულის პირველი რიგის მემკვიდრე ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი