ნეტგაზეთი | ესპანეთის პოლიციამ ბიძინა გიორგობიანი გაათავისუფლა ესპანეთის პოლიციამ ბიძინა გიორგობიანი გაათავისუფლა – Netgazeti
RU | GE  

ესპანეთის პოლიციამ ბიძინა გიორგობიანი გაათავისუფლა

სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ამჟამად გერმანიის მოქალაქე ბიძინა გიორგობიანი ესპანელმა სამართალდამცავებმა პატიმრობიდან გერმანიის კონსულის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შესახებ თავად გიორგობიანმა დღეს, 23 აგვისტოს,  სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა.
სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ამჟამად გერმანიის მოქალაქე ბიძინა გიორგობიანი ესპანელმა სამართალდამცავებმა პატიმრობიდან გერმანიის კონსულის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შესახებ თავად გიორგობიანმა დღეს, 23 აგვისტოს,  სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა.
“დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისათვის, გერმანიის სახელმწიფოს დიდი მადლობა ჩემგან, ჩემი ოჯახისაგან და ჩემი მეგობრებისაგან, ჩემს გამოსახსნელად გადატანილი 3 კვირიანი ნამდვილი ბრძოლის გამო. მათ შეძლეს და მესამედ გადამარჩინეს აშკარა სიცოცხლის საფრთხეს, თუმცა ეს მათ დაუჯდათ მძიმე მუშაობათ და მე 4 დღიან შიმშილობად შუასაუკუნეებრივ ესპანურ ციხეში. ახლა დროებით ვარ მადრიდში და გერმანიის საკონსულოსთან ერთობლივად, ვაგვარებთ დანარჩენ საკითხებს,”– წერს ბიძინა გიორგობიანი.

ჯერ კიდევ გუშნ, იუსტიციის სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ საქართველომ ესპანეთის ხელისუფლებას ბიძინა გიორგობიანის ექსტრადირების თხოვნით ოფიციალურად მიმართა.

სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ესპანელმა სამართალდამცავებმა კუნძულ მაიორკაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც აღმოაჩინეს, რომ მას ქართველი სამართალდამცავები ინტერპოლის მეშვეობით ეძებდნენ.

საქართველოს ხელისუფლებამ 2007 წელს ბიძინა გიორგობიანი სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში დადანაშაულა.  გიორგობიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ხე–ტყის უკანონო გასხვისების ორ ფაქტზე იყო აღძრული. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 6–წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. განაჩენი ძალაში დატოვეს ზემდგომმა ინსტანციებმა.

ამ დროს ბიძინა გიორგობიანი უკვე გერმანიაში ცხოვრობდა. მან 2005 წლის გაზაფხულზე საქართველო  დატოვა  და გერმანიიდან  ტელეკომპანია “რუსთავი 2“-სთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მაშინდელ უშიშროების სამსახურის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, მის დევნაში დაადანაშაულა.

Civil.ge -ს მიხედვით, 2007 წელს საქართველოს ტელევიზიებით გავრცელდა  გიორგობიანის მიმართვა,  რომელშიც  აცხადებდა,  რომ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ შეთითხნეს, რაც უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ხე-ტყის უკანონო ვაჭრობიდან შემოსული თანხების მითვისებაში დაადანაშაულა.

“გუშინ ვანო მერაბიშვილმა [შინაგან საქმეთა მინისტრმა] დამირეკა და მითხრა, რომ მან არ იცოდა ამის შესახებ. თუმცა, ის ტყუის, მან კარგად იცოდა, თუ რას აკეთებდნენ ჩემ წინააღმდეგ მისი თანამშრომლები“, განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა 2007 წლის გაზაფხულზე.

2007 წლის 17 მარტს ჟურნალისტებთან გაკეთებულ მოკლე კომენტარში ვანო მერაბიშვილმა გიორგობიანის ბრალდებას “ტყუილი“ უწოდა.

ბიძინა გიორგობიანი გერმანიის მოქალაქეა. პირველად საქართველო გასული საუკუნის 90–იან წლებში დატოვა და გერმანიას პოლიტიკური თავშესაფარი თხოვა. 2004 წლის  ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა  სატყეო დეპარტამენტს.

2007 წელს, გიორგობიანის წინააღმდეგ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, საქართველომ მისი ძებნა გამოაცხადა და ინტერპოლს მიმართა. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ესპანეთი  თხოვნას გერმანიის მოქალაქე ბიძინა გიორგობიანის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი