სამართალი

ვინ მოკლა პოლიციელი 26 მაისის ღამეს?

22 აგვისტო, 2011 • 2448
ვინ მოკლა პოლიციელი 26 მაისის ღამეს?

ნინო ბურჯანაძე და შაქრია ზურაშვილის დედა
ნინო ბურჯანაძე და შაქრია ზურაშვილის დედა

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ თავისი ესკორტის მძღოლებს, რომლებიც 26 მაისს პოლიციამ დააკავა, პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალი არ აქვთ წაყენებული და, შესაბამისად, უცნობია, თუ ვინ მოკლა რეალურად სამართალდამცველი ვლადიმერ მანსურაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის 26 მაისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 2011 წლის 26 მაისს, 00:10 საათზე, ნინო ბურჯანაძემ თანმხლებ პირებთან ერთად ავტომობილების საშუალებით მიატოვა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ განთავსებული სცენის მიმდებარე ტერიტორია.

„ნინო ბურჯანაძის ესკორტი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა თავისუფლების მოედნის მიმართულებით, რა დროსაც ესკორტის ორი მანქანა, რომელთაგან ერთ-ერთს მართავდა ნინო ბურჯანაძის თანაშემწე ივანე ჩიღვინაძე, ხოლო მეორეს ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი ზაქარია [შაქრია] ზურაშვილი, შეეჯახა რამდენიმე ადამიანს. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ლეიტენანტი ვლადიმერ მანსურაშვილი და მოქალაქე ნოდარ ცხადაძე,” – წერია შსს-ს მიერ 26 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. სამართალდამცავთა ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით ორივე მათგანს აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი დაზიანებები, რაც დამახასიათებელია ავტო-საგზაო შემთხვევებისას. ასევე, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო რამდენიმე მოქალაქემ, მათ შორის, ოთხმა პოლიციელმა, რომელთაგან  ერთ-ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პოლიციის ცნობით, დაკავებისას  ივანე ჩიღვინაძემ და ზაქარია [შაქრია] ზურაშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად პოლიციას გაუწიეს წინააღმდეგობა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 17 აგვისტოს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ნინო ბურჯანაძის მძღოლს შაქრია ზურაშვილს, რომელიც დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის და 117-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ჩადენილი დანაშაული გულისხმობს ჯგუფის მიერ პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარა უკანონო ქმედებისათვის მის იძულებას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

რაც შეეხება 117-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტს, ეს არის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს არ ეთანხმება შაქრია ზურაშვილის ადვოკატი. რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს,  მათ შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 4 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მყოფ პირთა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით, ბრალდება წარედგინა შვიდ პირს. ამავე უწყების ცნობით, ხუთმა  ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და იშუამდგომლა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2011 წლის 28-29 ივლისს დამტკიცებულ იქნა  საპროცესო შეთანხმებები შემდეგ სასჯელებზე:ამირან მერებაშვილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი. ალექსანდრე ბიბილური –  8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი.ნიკოლოზ ზაუტაშვილი –  8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი.კობა კობაური – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი. ილია ზივზივაძე – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წელი პირობით მსჯავრი. ივა ჩიღვინაძესთან დაკავშირებით კი სასამართლო პროცესი გრძელდება. ნინო ბურჯანაძე  ამტკიცებს, რომ 26 მაისს პოლიციელისა და რიგითი მოქალაქის, ცხადაძის სიკვდილის გამო ბრალი არც ერთი დაკავებულისთვის ჯერ არ წაუყენებიათ.

გაზეთი ”ბათუმელები” იუსტიციის სამინისტროსთან შეეცადა გაერკვია აღნიშნულ ადამიანებს კონკრეტულად სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლების მიხედვით წაუყენეს ბრალი. სამინისტროს პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ ”უშუალოდ ის ადამიანი, ვინც ამ საქმის პროკურორი იყო, სამწუხაროდ, არ არის.”

”მე დავადგინე, რომ ამ ადამიანებს ბრალი წაუყენეს სისსხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგრამ კონკრეტულად ვის რა მუხლი აქვს წაყენებული, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ვერ გავარკვიე,” – განგვიცხადა იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა. მან, ასევე, ვერ გვითხრა, თუ როდის შეძლებდა აღნიშნული დეტალების დაზუსტებას. მისი თქმით, ის პროკურორს ვერ უკავშირდება, რადგან შესაძლოა რომელიმე პროცესზე იყოს, ან ქალაქიდან იყოს გასული. კითხვაზე, თუ რომელ პროკურორზეა საუბარი, პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ”ამ ინფორმაციაზე მეტს ვერაფერს ვერ გვეტყვიან.”

”ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მათ ბრალი წაუყენეს 117-ე, 118-ე და 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. აი, ამ მუხლებს რომ ნახავთ კოდექსში, ნახავთ რაც არის,”- უთხრეს ”ბათუმელებს” იუსტიციის სამინისტროში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი ეხება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას. ამ მუხლის მერვე ქვეთავი გულისხმობს დანაშაულს, რომელსაც სხეულის დაზიანების შედეგად პირის სიკვდილი მოჰყვა, თუმცა, პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, აღნიშნული ქვეთავის მიხედვით წაუყენეს თუ არა ბრალი ბურჯანაძის რომელიმე მძღოლს.  ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს 118-ე მუხლი, რომელიც 4 ნაწილისგან შედგება. მეოთხე ნაწილი კი სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. პროკურატურა კონკრეტიკას ამ შემთხვევაშიც არიდებს თავს, ბურჯანაძე კი ამტკიცებს, რომ ამ ნაწილის მიხედვით ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. რაც შეეხება 353-ე მუხლს, ეს გულისხმობს პოლიციელის წინააღმდეგ წინააღმდეგობას, ასეევ, ძალის ან მუქარის გამოყენებას.   ნინო ბურჯანაძის თქმით, ყველა მძღოლი, რომელიც დააპატიმრეს, დაპატიმრებული იყო პოლიტიკური ნიშნით.

”არც ერთ მათგანს დანაშაული არ დადასტურებია, მათ შორის არც შაქრია ზურაშვილს, რომელსაც 12 წელი მიესაჯა. 12 წელი მიუსაჯეს ადამიანს, რომელსაც საბოლოოდ ბრალი დასდეს პოლიციელისათვის სხეულის  მძიმე დაზიანების მიყენებისათვის. შაქრია ზურაშვილს ბრალად ედება ვაკე-საბურთალოს კუდის თანამშრომლის სხეულის მძიმე დაზიანების მოყენებისთვი, რომელიც ჩემს მანქანას შემოახტა და არ გვაძლევდა საშუალებას, დაგვეტოვებინა ტერიტორია. ის ჩამოვარდა და ფეხი მოტყდა. ჩამოვარდა იმიტომ, რომ ვერ არიან კარგად მომზადებული. ახლა კი ეს ფეხის მოტეხვა ბრალდება შაქრია ზურაშვილს,” – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მისივე თქმით, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით,  შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაზე აღბეჭდილი ავტომანქანების შეჯახება ადამიანთან შეუძლებელია. ვიდეომასალაზე კი მსხვერპლი მეექვსე მანქანის შემდეგ ჩანს, რომელიც, ბურჯანაძის თქმით, მის ესკორტში არ შედიოდა და დასავლეთ საქართველოს კუდ-ის თანამშრომლის საკუთრებაა, რომლის ვინაობასაც ის მოგვიანებით დაასახელებს.

17 აგვისტოს პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერმა  26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მანსურაშვილის დედას მიმართა: ”არ გაინტერესებთ, თქვენი შვილი სინამდვილეში როგორ გარდაიცვალა?  არ გაინტერესებთ, თქვენი შვილის დაღუპვაში ვინ არის დამნაშავე? და ჩუმდებით იმაზე, რომ აშკარად უდანაშაულო ადამიანს მიუსაჯეს 12 წელი და ამით ამძიმებთ თქვენი შვილის სულს? კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვინც მართლა დამნაშავეა, ის დაისაჯოს, მაგრამ უდანაშაულო ადამიანს დაუდექით გვერდით, რომ თქვენი შვილის სული კიდევ უფრო არ დამძიმდეს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი