სამართალი

ბიწაძის განაჩენი

19 აგვისტო, 2011 • 1037
ბიწაძის განაჩენი
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბადრი ბიწაძეს 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეეფარდა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წაყენებული ბრალდების შესაბამისად. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით.
ესაა დანაშაული ჩადენილი ჯგუფის მიერ, რომელიც გულისხმობს პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა სამართალდამცავებმა 2011 წლის 30 მაისს დაიწყეს. პროკურატურამ სასამართლოს 31 მაისს მიმართა შუამდგომლობით და ბიწაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოითხოვა. სასამართლომ ეს მოთხოვნა 1 ივნისს დააკმაყოფილა, თუმცა ბიწაძემ თანხა არ გადაიხადა, რის შემდეგაც მასზე დაპატიმრების სანქცია გაიცა და 19 ივნისს ძებნაც გამოცხადდა.

პროკურორების თქმით, ბრალდება ბადრი ბიწაძისადმი გამყარებულია „შეფიცულთა რაზმის“ კოორდინატორის, გია უჩავას და სხვა ათეულობით მოწმის ჩვენებით. გია უჩავას აღიარებითი ჩვენების მიხედვით, ბადრი ბიწაძე „შეფიცულების“ მეშვეობით გეგმავდა პროვოკაციების მოწყობას პოლიციის სამმართველოებთან, შეჭრას თბილისის საკრებულოსა და საზოგადოებრივ მაუწყებელში, მოლოტოვის კოქტეილებისა და ხელკეტების გამოყენებას, რა დროსაც, შესაძლოა, მსხვერპლიც ყოფილიყო. ეს მსხვერპლი კი საზოგადოების პასიურ ნაწილს საპროტეტსო აქციებზე გამოიყვანდა. ხალხის დიდი რაოდენობა კი „სახალხო კრებას“ ხელისუფლების შეცვლის საშუალებას მისცემდა.

ადვოკატების, ლევან სამუშიასა და იოსებ ბარათაშვილის მტკიცებით, ბადრი ბიწაძეს სახალხო კრების არც ერთ საფეხურზე არანაირი თანამდებობა არ ეკავა, ის არ იყო გადაწყვეტილების მიმღები. მათი თქმით, შეფიცულების სიმბოლური ლიდერი გია ბურჯანაძე იყო, რეალური – გია უჩავა, ბიწაძეს კი მათთან საერთო არ ჰქონდა.

ამავე თემაზე:

ბიწაძე განაჩენის მოლოდინში

ბიწაძის სასამართლო ბიწაძის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი