სამართალი

ID და 666

8 აგვისტო, 2011 • 2465
ID და 666

ესტონეთში მცხოვრები სტუდენტი საქართველოდან, ნინო თოფურიძე ესტონური ID ბარათით, ანუ ისეთი პირადობის მოწმობით, რომელიც პირველი აგვისტოდან საქართველოშიც შემოვიდა, დაახლოებით ერთი წელია სარგებლობს.

„ეს ბარათი ყოველდღიურ ცხოვრებას მიადვილებს. მაქვს ერთი ბარათი, რომელსაც ვიყენებ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბიბლიოთეკაში, საბანკო სერვისების განსახორციელებლად და მოკლედ, ყველგან, სადაც კი შესაძლებელია. ამის გარდა, ის იმითაც არის უნიკალური, რომ მისი მეშვეობით ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე შემიძლია გამგზავრება“, _ ამბობს ნინო თუფურიძე.

ID CARD
ID CARD

ჯერჯერობით, ამ ბარათის ფუნქციები საქართველოში, მისი მფლობელის მიერ ინტერნეტის მეშვეობით, ოფიციალურ დოკუმენტაციაზე ვორდის (მოგვიანებით PDF-ის ფორმატში იქნება შესაძლებელი) დოკუმენტში ხელმოწერით, სამოქალაქო რეესტრში მოწმობის აღებითა და დისტანციურად ბარათის მფლობელის იდენტიფიკაციით შემოიფარგლება.

ქართულ-ინგლისურენოვან პირადობის მოწმობით, სახლიდან გაუსვლელად საკუთარი ანგარიშის გახსნა და საბანკო ანგარიშის კონტროლი შეიძლება; საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსებსა და მეტროში სამგზავრო ბარათად, სხვადასხვა დაწესებულებაში კი საშვად გამოყენება; შეიძლება ინტერნეტის მეშვეობით ქონებისა და ორგანიზაციის რეგისტრაცია; ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაცია, სადაზღვევო ბარათის ფუნქციის შეთავსება. ბარათის სხვა სერვისებით სარგებლობა მოქალაქეებს რამდენიმე თვეში უკვე სრულყოფილად შეეძლებათ.

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ამ სერვისებით უახლოეს პერიოდში სარგებლობა. ბევრი რამ კერძო სექტორზეა დამოკიდებული, რა ვადებში შეძლებენ ტექნიკურად ამის უზრუნველყოფას“, _ ამბობს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენელი, ვალერი ტყეშელაშვილი.

როგორც სამოქალაქო რეესტრში ამბობენ, პირადობის მოწმობაზე საბანკო სერვისების მიბმა თავად ბანკებზე იქნება დამოკიდებული, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მის სამგზავრო ბარათად გამოყენება _ მერიაზე და ა.შ.

ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ ბანკები იმაზე, თუ ზუსტად რა დროში იქნება შესაძლებელი მოქალაქისთვის ID ბარათის საშუალებით საბანკო სერვისების განხორციელება. თუმცა, საზოგადოების ნაწილი უკვე მიიჩნევს, რომ პირადობის მოწმობაზე საბანკო სერვისების მიბმით, მათი საბანკო ანგარიშები და პირადი ინფორმაცია სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი გახდება.

სამოქალაქო რეესტრში კი აცხადებენ, რომ ამ ბარათის გამოსაყენებლად, საჭიროა PIN (პერსონალური საინდენტიფიკაციო ნომერი) კოდი, რომელიც მხოლოდ ბარათის მფლობელმა იცის. კოდს კომპიუტერული სისტემა გასცემს. მისი დავიწყების შემთხვევაში მომხმარებელს PUK კოდის გამოყენება ათჯერ შეუძლია.

მონაცემებში შესაღწევად ორი ასეთი PIN კოდია საჭირო, რადგან ახალ პირადობის მოწმობაში ჩამონტაჟებულ მიკროპროცესორში ორი ტიპის ინფორმაციაა მოთავსებული. პირველი ინფორმაცია ამოიწურება იმით, რაც მისი მფლობელის იდენტიფიკაციისთვის არის საჭირო, მეორე კი, _ ციფრული ხელმოწერისთვის დოკუმენტების დასამოწმებლად და სხვა მომსახურებებისთვის.

იმათთვის, ვინც საბანკო სერვისების პირადობის მოწმობაზე მიბმას სხვადასხვა არგუმენტით ეწინააღმდეგება, ტყეშელაშვილი ამბობს, რომ ბარათის მფლობელის გადასაწყვეტი იქნება, გამოიყენებს თუ არა მას საბანკო ოპერაციების დროს.

პირველი ასეთი პირადობის მოწმობა, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობებით მალაიზიაში 1999 წელს გაჩნდა. მალაიზიას, შემდგომ მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყანაც დაემატა. მათ შორის, ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ბრაზილია და სხვა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა საქართველო პირველია, სადაც ელექტრონული პირადობის მოწმობები შემოვიდა.

ვალერი ტყეშელაშვილის თქმით, რაიმე განსაკუთრებით ინოვაციური, რაც სხვა ქვეყნებში შეიძლება არ იყოს, ქართულ ID მოწმობებში არ არის,  თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში ასეთ ბარათებს სხვადასხვა შესაძლებლობა გააჩნია.

ახალი პირადობის მოწმობის აღება საქართველოს მოქალაქეს იქამდე არ დაავალდებულებენ, სანამ ძველ მოწმობას ვადა არ ამოეწურება. ძველი პირადობის მოწმობისგან განსხვავებით, რომლის აღებაც მოქალაქეს ათი სამუშაო დღის შემდეგ უფასოდ შეეძლო, ახალ პირადობაში, ამავე ვადებში 30 ლარის გადახდა მოუწევს.

ვალერი ტყეშელაშვილიც არ უარყოფს, რომ მაგალითად, პენსიონერისთვის, რომელმაც შესაძლოა ვერც კი გამოიყენოს ახალი თაობის პირადობის მოწმობის ყველა შესაძლო სერვისი, 30 ლარის გადახდა ზედმეტი ტვირთი იქნება.

„თუმცა, ეს მაინც არის მინიმალური ფასი ასეთი ტიპის მოწმობის ასაღებად. გარდა ამისა, უფასო იქნება ეს ბარათი იმ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის, რომელთა ქულა 70 ათას არ აჭარბებს“, _ ამბობს ტყეშელაშვილი.

„საქართველოში შეუსწავლელად მიღებული ელექტრონული მმართველობის კანონპროექტის საფუძველზე ელექტრონული ID საბუთების გაცემა ან გაუქმდეს როგორც ადამიანის მაკონტროლებელი და მისი უფლებების შემლახველი საბუთი, ან სულ მცირე აქამდე არსებული ალტერნატიული საბუთების გზა დაუტოვონ მოქალაქეებს, რათა ნებაყოფლობით ჰქონდეს მოქალაქეს არჩევანი და არა იძულებით! ნებაყოფლობის ფორმა არ არის, როცა მოქალაქეს ალტერნატივას არ უტოვებ. არავინ გაიძულებს აღებას, ოღონდ თუ არ აიღებ, ქვეყნისგან გარიყული დარჩები _ ასეთი ცინიკური განცხადება დაცინვაა საკუთარი ხალხის და მათი აღმსარებლობის! _ ეს მოთხოვნა ანჩისხატის მომლოცველთა ჯგუფის წერილიდანაა, რომელიც ხელისუფლების მისამართით  გაავრცელა ჯგუფის ხელმძღვანელმა ზურაბ ნანობაშვილმა.

ელექტრონული საბუთების იძულებასთან დაკავშირებით, როგორც მიმართვაში წერია, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის და იუსტიციის სამინისტროს სახელზე სხვადასხვა ტაძრებში წინამძღვრების კურთხევით შეკრებილი 20 ათასამდე ხელმოწერაა შესული. ამ თემაზე საქადაგო ბუკლეტები კი ეკლესიებში დარიგდა.

ელექტრონული პასპორტების და მასში ჩამონტაჟებული ელექტროჩიპების წინააღმდეგ გამოსვლები რამდენიმე თვის წინ საბერძნეთში, ათენშიც დაიწყო. საპროტესტო მსვლელობებს რამდენიმე სამართალდამცავიც შეუერთდა.

მართლმადიდებელ მორწმუნეთა განცხადებით, ელექტროჩიპები, რომელიც ჩამონტაჟებულია დოკუმენტში, ადამიანის ადგილსამყოფელის დადგენასა და მისი ადვილად გაკონტროლებისთვისაა საჭირო, რაც ადამიანის უფლებათა დარღვევაა. მორწმუნეთა აზრით, ამ ელექტროჩიპზე სამი ექვსიანის კომბინაციაა დატანილი.

„გვაჩვენონ სად არის ის სამი 6-იანი და წავშლით. ახალი ტექნოლოგიების დანერგვას თან ყოველთვის ახლავს მსგავსი საუბარი. რელიგიური ფაქტორები გათვალისწინებულია და კომპიუტერული პროგრამები ერთად სამი ექვსიანის კომბინაციას ნომრის შედგენის დროს არ ალაგებს“, _ ამბობს ვალერი ტყეშელაშვილი.

ესტონეთში, სადაც რამდენიმე წელია ასეთი ტიპის მოწმობები ძალაშია, მცხოვრები ქართველი სტუდენტის თქმით, მას არ ახსოვს, რომ ვინმე ამ მოწმობების წინააღმდეგი ყოფილიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი