სამართალი

26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტები დაზარალებულად არ სცნეს

18 ივლისი, 2011 • 1620
26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტები დაზარალებულად არ სცნეს

პროკურატურამ 26 მაისის ფაქტზე გამოძიება ისე დაასრულა, რომ დაზარალებულად არ უცნია არც ერთი ჟურნალისტი და საქმე არ აღუძრავს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.  ხოლო ბათუმში ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელია დაკავებული 21 მაისს აჭარის ტელევიზიისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ბრალდებით.

თბილისში  26 მაისს,  „სახალხო კრების“ აქციის  სამართალდამცავების მიერ ძალის გამოყენებით დაშლის დროს,  სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები დაშავდნენ – მათ ნაწილს სამართალდამცავებმა წაართვეს ტექნიკა.

რომელი მედიასაშუალების რეპორტიორები დაზარალდნენ  და როგორ – სტუდია „მონიტორის“ ფილმშია ასახული.

დაზარალებულ ჟურნალისტებთან დაკავშირებით გავრცელდა რამდენიმე განცხადება – კოალიციამ „მედია ადვოკატირებისათვის“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ომბუდსმენმა მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრს, გამოეძიებინათ ეს ფაქტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჟურნალისტებს, რომელბიც 26 მაისს დაზარალდნენ, ახსნა–განმარტებები ჩამოართვა.  ამის შემდეგ ჟურნალისტები  დაკითხა მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებს იძიებს.  ჟურნალისტები დაკითხეს მოწმის სტატუსით 26 მაისს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე აღძრულ საქმესთან დაკავშირებით.

დაკითხეს  „ნეტგაზეთის“, „ინტერპრესნიუსის“, „გურიანიუსის“, მედია.ჯი–ს და სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტები, რომლებიც 26 მაისს დაზარალდნენ.

მათთვის გამოძიებას არ უცნობებია გამოძიების შედეგები.  15 ივლისს  მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაასრულა გამოძიება და  და მასალები რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა.

„გამოძიების ფარგლებში დაიკითხა ასზე მეტი პირი, მათ შორის ჟურნალისტები. ვინაიდან დადგინდა, რომ ცალკეულ სამართალდამცველთა ქმედებებში იკვეთება დისციპლინური გადაცდომების ნიშნები, ხსენებული ფაქტების შესასწავლად და შესაბამისი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები  გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას“.

15 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალური პროკურატურის მიმართვის, ასევე, მედია-საშუალებების მიერ გავრცელებული კადრების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების საფუძველზე შეისწავლა 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა უკანონო ქმედების აღკვეთის დროს სამართალდამცველების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების დარღვევის ფაქტები.

შიდა მოკვლევის შედეგად, შინაგან საქმეთა მინისტრის 14 ივლისის ბრძანებით, სამსახურიდან იქნა დათხოვნილი სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა ერთი, სასტიკი საყვედური გამოეცხადა სამ თანამშრომელს, ხოლო საყვედური – რვა თანამშრომელს.

ამ ორი განცხადებიდან, ასევე იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კომენტარიდან ირკვევა, რომ გამოძიებას არ აღუძრავს სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის გამო, რისი მტკიცებულებებიც მედიამ გაავრცელა.

ამ მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვდა „ნეტგაზეთის“ ოთხი თანამშრომელი (თამაზ კუპრეიშვილი, კონსტანტინე სტალინსკი, ნინო კახიშვილი, ნესტან ცეცხლაძე), რომლებიც 26 მაისს დაზარალდნენ. კიდევ ერთი მოთხოვნა იმ ტექნიკის და ვიდეომასალაის დაბრუნება იყო, რაც სამართალდაცავებმა 26 მაისს წაართვეს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს თამაზ კუპრეიშვილს და მთავარ რედაქტორს ნესტან ცეცხლაძეს.

ტექნიკა, ისევე როგორც გადაღებული ვიდეომასალა სამართალდაცავებს ნეტგაზეთისთვის არ დაუბრუნებიათ.  „ნეტგაზეთის“ თანამშრომლები კვლავ მიმართავენ მთავარ პროკურატურას დაზარალებულად ცნობის თაობაზე.

სამი ვიდეოკამერა წაართვეს სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ 26 მაისს. სააგენტოს რეპორტიორი კი უკანონოდ დააკავეს. სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბაია ცანავა ამბობს, რომ კამერები არ დაუბრუნებიათ:

„ცოტა უცნაურია, თუ  ჟურნალისტების საქმიანობის  ხელის შეშლა შეიძლება ადმინისტრაციული სასჯელით ისჯებოდეს.  ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული, იმიტომ, რომ ადამიანებს, ჟურნალისტებს  უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მათ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. და მესამე, არის მატერიალური დანაკარგი და არა მგონია, რომ მხოლოდ ოთხმა ადამიანმა გადააჭარბა  თავის უფლებამოვალეობას.  კადრებში, რომლებიც სხვადასხვა მედიებმა გაავრცელეს, გაცილებით მეტი სამართალდაცავის დანაშაული იკვეთება –  ამბობს ბაია ცანავა და დასძენს: „თუმცა დიდი მოლოდინები ამ საქმის გამოძიებასთან  დაკავშირებით არც გვქონია“.

იმედები ჰქონდა გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს ნატო გოგელიას: „სადღაც, გულის კუნჭულში მქონდა იმედი, რომ ვიღაცას დასჯიდნენ“.  გოგელია  26 მაისს  ცემეს და წაართვეს  მობილური ტელეფონი და ბეჭედი. ასევე ფოტოაპარატის მეხსიერება, რომელზეც აღბეჭდილი იყო კადრები.  გოგელია დაკითხეს  სამართალდამცავებმა მოწმის სტატუსით.

„განცხადება, რაც   პროკურატურამ გაავრცელა, ჩემთვის  ნაკლებად სარწმუნოა. „რატომღა“ არ ვიცით დასჯილების ვინაობა, რაც მიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლებას ეს განცხადება ვიღაცეების თვალში „მარკების ასაწევად“ სჭირდებოდა. ვიღაცეებში კი მოსახლეობას არ ვგულისხმობ, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებას, მაპატიეთ  ამ გამოთქმისთვის, და საკუთარი ხალხი დიდი ხანია ფეხებზე კიდია“.

გოგელია არ უცნია გამოძიებას დაზარალებულად. ისევე, როგორც  დანარჩენი ჟურნალისტები, რომლებიც  26 მაისს ფიზიკურად დაზარალდნენ.

„დაზარალებული, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, არის პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი“ – განმარტავს ადვოკატი სანდრო ბარამიძე– „ როდესაც პირს არ ცნობენ დაზარალებულად, მე ვვარაუდობ, რომ ამით გულისხმობენ, რომ ამ დანაშაულს საერთოდ არ ჰქონია ადგილი, ან თუ ჰქონდა ადგილი, ზიანი ამ პირებს არ მიდგომიათ. ალბათ ამას გულისხმობენ“.

როგორც ჩანს, არ უნდათ ამ საქმის გამოძიება– ასკვნის ის.

რა უფლებებს შეიძენდნენ ჟურნალისტები  იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულად იქნებოდნენ ცნობილი – სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ „არც არაფერს“, რადგან ახალი საპროცესო კოდექსის შესაბამისად,  დაზარალებული არ არის პროცესის მხარე. აქედან გამომდინარე,  მას არ შეუძლია მიიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალები, განსაკუთრებით გამოძიების დროს, მას არ შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოს განჩინებები და განაჩენი, მას არ შეუძლია ზეპირი მოსმენის დროს გამოვიდეს სიტყვით. მონაწილეობა მიიღოს მოწმეთა დაკითხვაში და ასე შემდეგ“.

როგორც ბარამიძე ამბობს, ეს სწორედ ის საკითხია ახალ საპროცესო კოდექსში, რომელიც სპეციალისტების კრიტიკის საგანია.

„გირგვლიანის საქმეზე ახლახანს მიღებული განჩინებით ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ დაზარალებულის საპროცესო უფლებები არ იქნა ადეკვატურად დაცული, ისე, როგორც ამას მოითხოვს ევროპული კონვენცია და იგულისხმა,  რომ საქართველოს კანონმდებლობა საჭიროებს გაუმჯობესებას. მაგრამ იმ დროს, როცა გირგვლიანის საქმეზე არის ლაპარაკი, მოქმედებდა ძველი საპროცესო კოდექსი, რომლის ფარგლებშიც დაზარალებული იყო პროცესის მხარე.  თუ ევროპულმა სასამართლომ შელახულად მიიჩნია დაზარალებულის საპროცესო უფლებები, ძველი კანონმდებლობითაც კი, ახლა წარმოიდგინეთ ახალი კანონით, როცა დაზარალებული არ არის მხარე, რა მოხდება“, – ამბობს ბარამიძე.

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულად ცნობის შემთხვევაშიც ასეთი პირის უფლებები შეზღუდულია, ახალაგზრდა იურისტთა ასოციაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია ჟურნალისტების დაზარალებულად ცნოობა, რათა გარკვეული სტატუსი შეიძინონ. საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის თქმით, ისინი თხოვენ პროკრატურას ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობას: „  ძალიან ცუდია, როცა ამას არ აკეთებს პროკურატურა“.

მისი აზრით,  ნამდვილად არ იქნება სწორი გადაწყვეტილება, თუ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობით შემოიფარგლონ, იმიტომ, რომ თუნდაც სამსახურიდან დათხოვნა არანაირად არ არის ადეკვატური ზომა ბევრი იმ დარღვევისთვის, რაც ვიდეომასალებით თუ თვითმხილველების მონაყოლიდან იკვეთება.

„ეს არ არის პროპორციული პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ  ნამდვილად იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ამით არ მორჩება გამოძიება და უფრო ეფექტური პასუხისმგებლობა დადგება, ვიდრე ეს არის დისციპლინური“.

თუმცა პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიება დასრულდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადგილი ჰქონდა დაკავების შემდეგ პირებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებს.

პასუხი კითხვაზე, რატომ არ ჩათვალა პროკურატურამ ჟურნალისტების მიიერ მიცემული ჩვენებების და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, რომ 26 მაისის აქციაზე ადგილი ჰქონდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტს, არ არის. ასევე უცნობია, მოიძია თუ არა დამატებითი მტკიცებულებები გამოძიებამ იმის დასადგენად, რომ აქციაზე ჟურნალისტების უფლებები არ შელახულა.

აჭარის ტელევიზიის ბლოკირების  ბრალდებით  სამართალდამაცვებმა დააკავეს 21 მაისს ბათუმში გამართული „სახალხო კრების“ აქციის 8 მონაწილე.  მომიტინგეები აქციას მართავდნენ ბათუმში, აჭარის ტელევიზიის შენობის მთავარ შესასვლელთან, რა დროსაც ერთ–ერთმა ჩაამსხვრია შესასვლელის მინა. აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები, რომლებიც მოწმის სახით დაკითხეს, აცხადებდნენ, რომ აქციის მონაწილეებმა ხელი შეუშალეს, რომ წასულიყვნენ გადასაღებად ყინულის მოედანზე. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ აჭარის ტელევიზიას აქვს ალტერნატიული გასასვლელი, რომელიც შეიძლებოდა გამოეყენებინათ ჟურნალისტებს შენობიდან გასასვლელად.  აჭარის ტელევიზიის ბლოკირებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში დაკავებულ პირებს წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული და წაყენებული აქვთ ბრალი  სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ეს მუხლი ნიშნავს, ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების, ანდა სტრატეგიული, ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება, ან ბლოკირება ჯგუფურად, რამაც შეაფერხა, ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულებისან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

გარდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნისა (რაც არ დაკმაყოფილდა), თბილისში, 26 მაისს დაზარალებულმა  ჟურნალისტებმა სამოქალაქო სარჩელითაც მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მატერიალური ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი