რა ინფორმაციას იძლევა შსს–ს მიერ გავრცელებული მასალა ფოტორეპორტიორზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დაკავებულ ფოტოგრაფებს შორის ფარულად ჩაწერილი სატელეფონო საუბრების ფრაგმენტები, ასევე, ირაკლი და ნათია გედენიძის აღიარებითი ჩვენებები გამოაქვეყნა.

სატელეფონო საუბარი ზურაბ ქურციკიძესა (ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტორეპორტიორი საქართველოში) და გიორგი აბდალაძეს (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტრაქტორი ფოტოგრაფი და გაზეთ «ალიას» ფოტორეპორტიორი) შორის:

გიორგი აბდალაძე: ჰო, ზურა.

ზურაბ ქურციკიძე: ერთ მისამართს გამოგიგზავნი და მაგაზე გააგზავნე შენი საბანკო რეკვიზიტი, ფული უნდა გამოგიგზავნონ ფრანკფურტიდან ძველი.

გიორგი აბდალაძე: და შენ ანგარიშზე აღარ აგზავნიან, ადრე რომ იყო?

ზურაბ ქურციკიძე: არა, არა.

გიორგი აბდალაძე: შენ უთხარი, რომ ამ ბიჭმა თქვა, ანგარიში არა მაქვს თქო და მე ჩამირიცხე, გთხოვა–თქო, რა…

ზურაბ ქურციკიძე: მე არ გამომიგზავნიან, კაცო, ეგრე არ არის, იმხელა კანტორაა რო… თვითონ უნდათ, რომ ზუსტად გამოაგზავნონ… ბანკში მიდი და გამოართვი, რა უნდა იმას.

გიორგი აბდალაძე: კაი, კაი.

რა ინფორმაციას ეს იძლევა ეს ჩანაწერი? – ზურაბ ქურციკიძე, როგორც ევროპის პრესფოტო სააგენტოს (EPA) წარმომადგენელი საქართველოში, შესაძლოა თხოვდეს გიორგი აბდალაძეს საბანკო ანგარიშს კუთვნილი ჰონორარის მისაღებად ფრანკფურტიდან. სწორედ ფრანკფურტში არის «ევროპის პრესფოტო სააგენტოს» სათაო ოფისი.

ევროპის პრესფოტო სააგენტო (EPA) დაარსებულია დასავლეთ ევროპის შვიდი უმსხვილესი ფოტოსააგენტოს მიერ და ოფიციალურად მან საქმიანობა დაიწყო 1985 წლის 1 იანვრიდან. სააგენტო ეფუძნება დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და პასუხისმგებლობას.

სააგენტოს ფოტოგრაფები მუშაობენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და მათი მომსახურებით სარგებლობს ევროპის უმსხვილესი მედია ორგანიზაციები. სააგენტოს მომსახურება იმართება რედაქტორატის მიერ, რომელთა ოფისი განთავსებულია ფრანკფურტში, გერმანიაში. ამას გარდა, სააგენტოს აქვს თავისი ოფისები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთის ფედერეციაში, მოსკოვში. ფოტოგრაფებს, რომლებიც დაქირავებულია EPA-ს მიერ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, უშუალო სამსახურებრივი კავშირი აქვთ სწორედ EPA–ს მოსკოვის ბიუროსთან.

სატელეფონო საუბარი ზურაბ ქურციკიძესა (ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტორეპორტიორი საქართველოში) და ირაკლი გედენიძეს (პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი) შორის:

ირაკლი გედენიძე: როგორა ხარ, ზურა?

ზურაბ ქურციკიძე: ნიჩეგო, შენ როგორა ხარ, ირაკლი?

ირაკლი გედენიძე: რავი, ნელ–ნელა

ზურაბ ქურციკიძე: შენ, შეგიძლია ერთ მისამართზე გადააგზავნო შენი საბანკო რეკვიზიტები, რომ ფრანკფურტიდან გამოგიგზავნონ პირდაპირ ფული?

ირაკლი გედენიძე: კი, შემიძლია, მაგრამ ახლა მე გზაში ვარ და შეგიძლია ნათიას დაურეკო?

***

ზურაბ ქურციკიძე: შენ, გააგზავნე შენი რეკვიზიტები?

ირაკლი გედენიძე: კი, კი, გუშინ გავაგზავნე, დავუფორვარდე ბანკიდან მოწერილი ე–მეილი პირდაპირ. და მივაწერე ბანკოვსკიე რეკვიზიტი გედენიდზე და ვსიო, ეგ არის.

რა ინფორმაციას იძლევა აღნიშნული სატელეფონო ჩანაწერი? – აქაც საუბარია თანხის ჩარიცხვაზე ფრანკფურტიდან, სადაც მდებარეობს EPA–ს სათაო ოფისი. თუ რისთვის უნდა ჩაერიცხათ ფრანკფურტიდან გედენიძისთვის ფული, ამას შსს–ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში თავად ირაკლი გედენიძე იუწყება:

ირაკლი გედენიძე: «2006 წლიდან ვმუშაობ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრესსამსახურში, ფოტოგრაფად. ჩემს მოვალეობაში შედიოდა პრეზიდენტის პროტოკოლით გათვალისიწინებული მაღალი რანგის სტუმრების და ღონისძიებების ფოტოგადაღება. შემდეგ, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ამ ფოტომასალის მიწოდება უცხოურ ფოტოსააგენტოებთან.»

აღიარებითი ჩვენების პირველივე აბზაციდან ირკვევა, რომ ირაკლი გედენიძე, რომელიც 2006 წლიდან მუშაობდა პრეზიდენტის პრესსამსახურში, ფოტომასალას აწვდიდა უცხოურ ფოტოსააგენტოებს. ერთ–ერთი ასეთი უცხოური ფოტოსააგენტოა სწორედ ევროპის პრესფოტო სააგენტო. გედენიძე ამბობს, რომ ფოტომასალას ამ სააგენტოებს აწვდიდა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ანუ ამის თაობაზე ინფორმირებული იყო როგორც მინიმუმ მისი უშუალო ხელმძღვანელი ნათია ბანძელაძე და მანანა მანჯგალაძე.

მივყვეთ, გედენიძის აღიარებითი ჩვენების შემდეგ ნაწილს:

«ზურაბ ქურციკიძეს ვიცნობ რამოდენიმე წელიწადია. რაც ამ საჯარო სამსახურში მოვედი, იგი უფრო დამიახლოვდა, ჩემთან კონტაქტი გაახშირა და შემომთავაზა ფოტოების მიწოდება, პრეზიდენტის ღონისძიებების და სტუმრების, გადაღებული სტუმრების, გადაღებული ფოტოების… ამის შემდეგ შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების სანაცვლოდ.»

უკვე გასაგები ხდება, თუ რატომ ითხოვდა ზურაბ ქურციკიძე საბანკო ანგარიშის გადაგზავნას გედენიძისგან ელექტრონულ ფოსტაზე, რათა სათაო ოფისიდან, ფრანკფურტიდან მიეღო კუთვნილი ანაზღაურება მიწოდებული ფოტოების სანაცვლოდ. ფოტოებს კი გედენიძეს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით აწვდიდა უცხოურ ფოტოსააგენტოებს, მათ შორის EPA-საც.

ყველაზე საინტერესო დეტალებს აღიარებითი ჩვენების მომდევნო ნაწილში იძლევა ირაკლი გედენიძე ზურაბ ქურციკიძესთან მისი ურთიერთობის შესახებ:

«რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მან უკვე მოითხოვა ამ მიწოდებული ღონისძიებების და გადაღებულ ფოტოებზე კომენტარის გაკეთება, მინაწერის გაკეთება, შემდეგ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.»

შესაძლოა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ეს «ჯაშუშების მორიგი საქმის» კვანძის გახსნის მნიშვნელოვანი დეტალია, მაგრამ ფოტორეპორტიორებისთვის ეს არის მათი ჩვეულებრივი პროფესიული საქმიანობა, რომ ფოტოს აუცილებლად უნდა ახლდეს თავისი მინაწერი.

მივყვეთ გედენიძის აღიარებით ჩვენებას:

«ამის შემდეგ, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ზურამ მოითხოვა სხვა ინფორმაციების მიწოდება, რომელიც უკვე აღარ შეეხებოდა ჩემს პროფესიულ მოვალეობას, ანუ ფოტოგადაღებებს. უკვე მივხვდი, რომ ეს იყო სპეცსამსახურებთან კავშირში და კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს გრძნობა, რომ ეს ვიცოდი, რომ ფოტოებს იგი აგზავნიდა მოსკოვში, ფოტოსააგენტოში.»

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, თუ რატომ აგზავნიდა ზურაბ ქურციკიძე, EPA–სთვის განკუთვნილ ფოტომასალას მოსკოვში და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: იმიტომ, რომ EPA-ს აქვს ოფისები სხვადასხვა ქვეყანაში, პოსტ საბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოდან მომუშავე ფოტორეპორტიორებისთვის კი საკონტაქტო ოფისად EPA–ს გამოყოფილი აქვს მოსკოვის ბიურო.

რაც შეეხება, სხვა ინფორმაციას, რომელიც აღარ შედიოდა გედენიძის პროფესიულ მოვალეობაში და რომლის მიწოდებაც მოითხოვა მისგან ქურციკიძემ. რა იყო ეს სხვა ინფორმაცია? ამის თაობაზე ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს: პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის ნაწილის სქემატური ნახაზის ფოტოსაურათები, ინფორმაცია პრეზიდენტის გადაადგილების მარშუტის შესახებ, დეტალები პრეზიდენტის ვიზიტების და შეხვედრების თაობაზე, ასევე, სხვა საიდუმლეობის შემცველი ინფორმაციები.

საინტერესოა, როგორ და რატომ მიუწვდებოდა ირაკლი გედენიძეს ამ ინფორმაციაზე ხელი? ვინ აწვდიდა მას ამ ტიპის მასალას და რატომ არაფერს ამბობს გამოძიება სხვა, ამგვარი ინფორმაციის დაცვაზე პასუხისმგებელი პირების მონაწილეობაზე ამ საქმეში? ამ კითხვებზე პასუხების გარეშე გედენიძის აღიარებითი ჩვენების ეს ნაწილი ნაკლებად შეგვიძლია მივიჩნიოთ სარწმუნოდ.

ირაკლი გედენიძის აღიარებითი ჩვენების დასკვნითი ნაწილი:

«მე ვუთხარი ამაზე უარი, რომ ამ ინფორმაციას არ მივაწვდიდი, ეს არ იყო ჩემი მოვალეობა, მაგრამ მან ფოტოებზე გადახდილ თანხებზე მოწერილი ხელი შემახსენა და მითხრა, რომ ამ ინფორმაციას და ხელმოწერას გამოიყენებდა ჩემს საწინააღმდეგოდ, ანუ შანტაჟის ენით გამესაუბრა, რაზედაც უკვე შევშინდი და ურთიერთობა გავაგრძელე. შემდეგ ზურამ მომთხოვა აი, ეს საბანკო ანგარიშები ჩემი, რათა თანხები გადმოერიცხათ. მიზეზი ის იყო, რომ ხელზე თანხის გადახდა შემდგომში იქნებოდა შეუძლებელი.»

ამ ნაწილიდან ირკვევა, რომ ფოტოების მიწოდების ამბავს, რომელსაც გედენიძე, როგორც აღიარებითი ჩვენების დასაწყოსში ამბობს, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით აწარმოებდა, ფარდა აეხდებოდა. აქ კი კომენტარი ნამდვილად ზედმეტია, ისევე როგორც კიდევ ერთხელ გამეორება იმისა, თუ რატომ ითხოვდა ზურაბ ქურციკიძე, უფრო ზუსტად კი EPA–ს სათაო ოფისი ფრანკფურტში, გედენიძესთან ანაზღაურების სტანდარტული და ცივილური ფორმით – საბანკო ანგარიშის საშუალებით წარმოებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღესვე ირაკლი გედენიძის მეუღლის, ნათია გედენიძის აღიარებითი ჩვენებაც გაავრცელა, სადაც კიდევ ერთხელაა დადასტურებული ის ინფორმაცია, რომ EPA–სთვის გადაღებული ფოტოების სანაცვლოდ ირაკლი გედენიძეს უნდა მიეღო კუთვნილი ანაზღაურება საბანკო ანგარიშის მეშვეობით.

ნათია გედენიძე: «ჩემი მეუღლე, ირაკლი გედენიძე მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ფოტოგრაფად და იღებდა ფოტოებს პრეზიდენტის და მაღალი რანგის სტუმრების შეხვედრებისას. ამ ფოტოებს აწვდიდა თავის ძველ მეგობარს, ზურაბ ქურციკიძეს, რომელიც ამაში უხდიდა თანხას.

ზურაბმა მას თხოვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაც. ბოლო პერიოდში, ასევე, ზურამ მოთხოვა საბანკო ანგარიშის გახსნა, რომ მათი ანაზღაურება არ მომხდარიყო ხელიდან ხელში».

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: რა გარემოებაში მოიპოვა და გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გედენიძეების აღიარებითი ჩვენება? – ბრალის წაყენებამდე რამდენიმე წუთით ადრე გამომძიებელმა «ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის» წარმომადგენელს, რომელიც გედენიძეების ინტერესებს იცავდა, აჩვენა წერილი, რომლის მიხედვითაც გედენიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატების დაცვაზე უარს აცხადებდა. მოგვიანებით კი შსს–მ ნათია გედენიძე გაათავისუფლა.

ადვოკატების ცნობით, ბრალს კატეგორიულად არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე. თავს დამნაშავედ, ასევე, არ ცნობს ზურაბ ქურციკიძე.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ზურაბ ქურციკიძეს კავშირი აქვს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლებთან, კერძოდ, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჯაშუშობის ბრალდებით ძებნილ ანატოლი სინიცინთან და სერგეი ოკროკოვთან, თუმცა რა ტიპის კავშირებზეა საუბარი, გამოძიება ამაზე ამ დრომდე არაფერს ამბობს. შსს–ს ვიდეომასალაში მხოლოდ სინიცინისა და ოკრაკოვის ვიდეოკადრებია ნაჩვენები, ფარული კამერით გადაღებული ქუჩაში, სრულიად სხვა პირებთან და არა ქურციკიძესთან ერთად გადაღებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მაია მეცხვარიშვილი