სამართალი

მიმართვა ხელისუფლებას წამების შეწყვეტის მოთხოვნით

4 ივლისი, 2011 • • 1358
მიმართვა ხელისუფლებას წამების შეწყვეტის მოთხოვნით

ხელისუფლებისადმი მიმართვას, შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრება და წამება,  საქართველოში მოქმედმა 12-მა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი– აცხადებს   ”ქართული პარტიის” ლიდერი სოზარ სუბარი.

“დოკუმენტს ხელი კიდევ სამმა პარტიამ უნდა მოაწეროს”. მათგან პასუხის მიღების შემდეგ, ”ქართული პარტია” მიმართვის ტექსტსა და ხელმომწერ პარტიებსაც დაასახელებს.  მიმართვა  “ქართულმა პარტიამ”  მისი წევრებისა და მათი ახლობლების მასობრივად დაპატიმრების შემდეგ შეიმუშავა. სოზარ სუბარის თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ”ქართულ პარტიასთან” დაკავშირებული 20-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, რომლებსაც “სამართალდამცავები აწამებენ და მათგან ასე იღებენ აღიარებით ჩვენებებს”.

სოზარ სუბარმა ასევე განაცხადა, რომ დაკავებულმა ოთხმა პიროვნებამ უარი განაცხადა ადვოკატის აყვანაზე და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მათ ყოფილ ადვოკატებს სამართალდამცველთა მხრიდან წამების შესახებ უამბეს. ”ქართულ პარტიაში” მიიჩნევენ, რომ ამ ადამიანებმა ადვოკატებზე უარი მორიგი წამებისა და იძულების შემდეგ თქვეს.

”ქართული პარტიის” ლიდერმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია ეროსი კიწმარიშვილის ყოფილი მძღოლის, გიორგი ჩიხლაძის შესახებ, რომელიც სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დაკავეს, თუმცა, მოგვიანებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღმოჩნდა. სუბარის ინფორმაციით, ის ნაწამებია. მანვე ჟურნალისტებს წაუკითხა ექიმის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ჩიხლაძის მდგომარეობა მძიმეა და  ჯერჯერობით ვერ შეძლებს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას.

ქართველმა სამართალდამცველებმა ბოლო ორი თვის მანძილზე ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრები და მისი ახლობლები დააკავეს, რომლებსაც ბრალი უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში, ასევე ცეცხლსასროლი და ფეთქებადი იარაღის უკანონო  დამზადება-შენახვა-ტარებაში ედებათ. ბრალი წაუყენეს ირაკლი ოქრუაშვილსაც.

ამავე თემაზე:

შსს: ”დაკავებულია ”ქართულ პარტიასთან” დაკავშირებული შეიარაღებული დაჯგუფება”

მასალების გადაბეჭდვის წესი