სამართალი

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში დამტკიცებულია

1 ივლისი, 2011 • • 1244
ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში დამტკიცებულია

პოლიციელზე ან სახელმწიფოს სხვა წარმომადგენელზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის, ასევე მათი სიცოცხლის მოსპობისათვის, კანონმდებლობა გამკაცრდა.შესაბამისი ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დღეს, 1 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით 94 ხმით ერთის წინააღმდეგ შევიდა.

კენჭისყრამდე კანონპროექტის წარმდგენმა დეპუტატმა, გიორგი ჩივიაშილმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერ პარლამენტარსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას კანონპროექტთან დაკავშირებით წინა მოსმენებზე შენიშვნა ჰქონდათ, რაც გათვალისწინებულ იქნა და სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის მესამე პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: “პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის ხელყოფა, რომლის სანქციაც განისაზღვრა 7–დან 11 წლამდე და გაუკეთდა მესამე ნაწილი, სადაც ცალკე გამოიყო სიცოცხლის ხელყოფა და სანქციად განისაზღვრა 16–დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა,” – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში სულ ოთხ მუხლს შეეხო, აქედან ორ მათგანში ტექნიკური სახის ცვლილება და დაზუსტება შევიდა, ხოლო კოდექსს დაემატა ორი ახალი ნორმა.

სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლი– აქამდე მოქმედ რედაქციაში იყო სიტყვა ”შეიარაღებული”, ახალ კანონში კი  ეს ტერმინი ამოღებულია და მის ნაცვლად ჩაიწერა ”უკანონო ფორმირების შექმნა, მასში გაწევრიანება და მისი დაფინასება.”

ამავე მუხლში ასევე აღნიშნულია, რომ  ”შეიარაღებაში” იგულისხმება ”ნებისმიერი მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად, ანდა გასანადგურებლად.”

რაც შეეხება 225-ე მუხლს, დღემდე მოქმედ რედაქციაში ეწერა, რომ ისჯება ”მასობრივი ძალადობის ორგანიზება, ან მასში აქტიური მონაწილეობა.” დეპუტატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ეს ძალიან ფართო ცნებაა და კანონპროეტში ჩაიწერა უფრო კონკრეტულად, თუ რას გულისხმობს ”ჯგუფური მოქმედების ორგანიზება”, ან ”ხელმძღვანელობა.”

სისხლის სამართლის კოდექსში კიდევ ერთი ახალი ნორმა გაჩნდა – 205-ე პრიმა მუხლი, რომელიც გულისხმობს სასჯელს შემდეგი დანაშაულისთვის: ”ქონების გადამალვა მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით.”  თუ საწარმოში ან ორგანიზაციაში ხელმძღვანელი პირი ქონებას გადამალავს ”მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გზით” მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულების თავის არიდების მიზნით, მაშინ ის დაისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ამავე თემაზე:

ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში

მასალების გადაბეჭდვის წესი