სამართალი

ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

30 ივნისი, 2011 • • 1227
ირაკლი ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 30 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, “აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო,  რომ ირაკლი ოქრუაშვილი მსჯავრდებულია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. ამასთანავე, სხვა ბრალდების საქმეზე მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. მას ბრალად ედება ძალადობრივი ხასიათის განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა. წარდგენილი ბრალდების თანახმად, მან საქარველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის პერიოდში   ჩაიდინა განზრახი დანაშაული, რის გამოც არსებობს  ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საშიშროება.”

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და “ქართული პარტიის” ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  ოქრუაშვილს ბრალად ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

“ქართული პარტიის” ლიდერი ამჟამად პარიზში ცხოვრობს, მას საფრანგეთის ხელისუფლებამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი