სამართალი

შსს: ”დაკავებულია ”ქართულ პარტიასთან” დაკავშირებული შეიარაღებული დაჯგუფება”

23 ივნისი, 2011 • • 1881
შსს: ”დაკავებულია ”ქართულ პარტიასთან” დაკავშირებული შეიარაღებული დაჯგუფება”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 23 ივნის, გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითად დაკავებულია ქართულ პარტიასთან დაკავშირებული შეიარაღებული დაჯგუფების 18 წევრი, დანარჩენების ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება. შსს დაკავებულთა აღიარებით ჩვენებებსაც ავრცელებს.

შსს-ს განცხადებით, ამავე სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულია ორგანიზებული-დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის რამდენიმე წევრიც დაკავშირებულია ქართულ პარტიასთან. უწყების პრესსამსახური ავრცელებს აუდიო და ვიდეომასალას, სადაც, შსს-ს მტკიცებით, საუბარია იმ გეგმების შესახებ, რომელიც დაკავებული ჯგუფის წევრებს მაისის თვის ბოლოსთვის უნდა განეხორციელებინათ. დაკვებულებს ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას.

ერთ-ერთი დაკავებული, გიორგი საათაშვილი შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში ამბობს, რომ მას 22 მაისს ქართული პარტიიდან დაურეკა კახა ტერაშვილმა და  ”ქართული პარტიის” ოფისში – უზნაძის 113-ში დაიბარა. საათიშვილის თქმით, კახა ტერაშვილმა მას გააცნო თავისი ძმა ლევან ტერაშვილი. ამის შემედეგ კი ძმებმა მას ავტომანქანა ”ზილის” საყიდლად” ფულის მისცეს.

”მე მომცეს “ზილის” შესაძენი ფული და მერე გავიგე, რომ როცა ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდოდა 200-მდე სპეცრაზმელით, გარკვეულ ნაწილს ჩასვმადა ამ “ზილში” და მიიყვანდა ქართულ საგუშაგომდე,”- გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში საუბრობს გიორგი საათიშვილი. მისივე თქმით: ”როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, მალხაზ კაკაშვილის ნათქვამის მიხედვით, აპრილის ბოლოს თვითონ და თამაზ ბეგიაშვილი გადავიდნენ სოფელ ზემო არცევში, სადაც დახვდათ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი უჩა საბაშვილი, რის შემდეგაც 2 რუს ოფიცერთან ერთად გადაიყვანა ორჯონიკიძეში. იქ შეხვდნენ ირაკლი ოქრუაშვილს, მას თან ახლდა ერთი ქართველი და 2 რუსი პიროვნება. ამის შემდეგ ოქრუაშვილმა მათ დაავალა ადმინისტრაციულ საზღვრებზე ყოფილი ქართველი პოლიციელების კოორდინატების დადგენა.

ირაკლი ოქრუაშვილი აპირებდა 200 რუს სპეცრაზმელთან ერთად შემოსვლას, სადაც დახვდებოდა 20-მდე შეიარაღებული ქართული ჯგუფი, რის შემდეგ უნდა განეხორციელებინათ საგუშაგოების განიარაღება. ამის შემდეგ, კაკაშვილის თქმით, ისინი აპირებდნენ გორში მდებარე სპეცრაზმისა და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაზე თავდასხმას.”

”ქართული პარტიის” პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პარტიის ხელმძღვანელები დღეს, 14:00 საათზე, ხვდებიან დიპლომატებს, რის შემდეგაც მომხდართან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.

ნეტგაზეთი უკვე მუშაობს საკითხზე და მომხდარის შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას, ასევე, ”ქართული პარტიის” პოზიციას დღის განმავლობაში შემოგთავაზებთ.

 

ამავე თემაზე:

შსს-ს გამოხმაურება “ქართული პარტიის” განცხადებაზე

სუბარი: „ქართულ პარტიის“ წევრი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი