Interviews

საქართველოს ხელისუფლება რუსეთს თავისი მოქალაქეების „დაცვის“ საბაბს აძლევს — სამხარაძე

5 აგვისტო, 2022 •
საქართველოს ხელისუფლება რუსეთს თავისი მოქალაქეების „დაცვის“ საბაბს აძლევს — სამხარაძე

„ქართული ოცნება“ გმობს „ქსენოფობიურ, შოვინისტურ კამპანიას“ რუსეთის მოქალაქეების მიმართ. არის კი ასეთი კამპანია საქართველოში? რამდენად შეიცავს ქსენოფობიის ნიშნებს პროტესტი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა აქტივობით აფიქსირებენ?

მმართველის პარტიის განცხადების მიზნებისა და შესაძლო შედეგების შესახებ „ნეტგაზეთი“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსს, ნინო სამხარაძეს ესაუბრა. ის იკვლევს ნაციონალიზმს და იდენტობის პოლიტიკას და მათ გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე პოსტსაბჭოთა რეგიონში.


— როდესაც საქმე გვაქვს ეროვნულ ინტერესებთან და ეროვნულ უსაფრთხოებასთან, რომელსაც საზოგადოება  ოფიციალური სახელმწიფო დოკუმენტების თუ გაცხადებული პოლიტიკის მიღმა ინტუიციურად აღიქვამს საფრთხედ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ და ამ საფრთხისგან თავდასაცავად მიმართავს გარკვეულ ზომებს, ამ შემთხვევაში საუბარი ქსენოფობიაზე აბსოლუტურად ზედმეტია. ზოგადად, თუკი ხელისუფლება ნებისმიერი ქსენოფობიური გამოვლინებების წინააღმდეგ ზომებს მიმართავს, მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა, რა კონტექსტშიც საზოგადოება რეაგირებს არა მხოლოდ მათემატიკურად რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებაზე, არამედ იმ გარემოებებზე, რა გარემოებასაც ისინი ქმნიან ჩვენს ქვეყანაში, ქსენოფობიურ გამოვლინებებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. თეორიულად თუ პოლიტიკის ნაწილში საზოგადოების ამგვარი მიდგომა და რეაქცია ზურგგამაგრებულია როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ელიტის, ისე ექსპერტული წრეების მხრიდანაც.

— მაშასადამე, ხელისუფლებაში და მოქალაქეებში საფრთხეების აღქმა სხვადასხვაა?

— დიახ, ფუნდამენტურად სხვადასხვაა. ეს აჩვენა თებერვლის მოვლენებმაც, როდესაც საზოგადოებამ და მთავრობამ კარდინალურად სხვადასხვა რეაქციები დააფიქსირა მიმდინარე მოვლენების მიმართ. ახლა, როდესაც სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების მიღმა საზოგადოება თავის მხრებზე გრძნობს მოჭარბებულ რბილ ძალას — პირობითად, როცა რუსულ ენაზე საუბარი, რუსეთის მოქალაქეებისგან მომდინარე აგრესიისა და რუსული ნარატივის მიღება მოგვეთხოვება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ტურისტებად აღიქმებიან,  სახეზეა მძაფრი რეაქცია საზოგადოების მხრიდან.

სიძულვილს აქ ნაკლებ ყურადღებას მივაქცევდი, ეროვნულ საფრთხეზეა საუბარი, რომელზეც საზოგადოება ბევრად უფრო მკვეთრად რეაგირებს, ვიდრე ხელისუფლება. ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელებმა გამოკვეთილად თქვეს, რომ ისინი არათუ ვერ, არ აღიქვამენ საფრთხედ რუსეთის მოქალაქეების ამ ზომით შემოდინებას და პირიქით, გაყალბებულ ინფორმაციაზე და ქსენოფობიაზე საუბრობენ. ამიტომ, კარდინალურად სხვადასხვა ტალღაზე არის, ერთი მხრივ, საზოგადოების უმრავლესობა და, მეორე მხრივ, მისი მთავრობა.

— ირაკლი კობახიძე რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნასაც ქსენოფობიური კამპანიად აფასებს, რომლის მიზანი, მისივე თქმით, საქართველოს ომში ჩართვაა. რა ურთიერთკავშირი შეიძლება იყოს ვიზის დაწესებასა და ქსენოფობიას შორის?

— დარწმუნებული ვარ, რომ მმართველი პოლიტიკური ელიტა თავადვე აცნობიერებს იმას, რომ კავშირი ქსენოფობიასთან თუ კულტურულ, ეთნიკურ ნიუანსებთან ფაქტობრივად ნულია, როდესაც ნებისმიერი სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას სავიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით.

სავიზო რეჟიმი, როგორც წესი, განისაზღვრება როგორც ორმხრივი ურთიერთობებით, ან სხვადასხვა პრაგმატული, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესებით, ან იმ საფრთხეებიდან, რომელიც მომდინარეობს ამა თუ იმ ქვეყნისგან და მისი მოქალაქეებისგან. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში არც თეორიული და არც პრაქტიკული, რაციონალური კავშირი ამ ორ ცნებას შორის არ არსებობს.

ტერმინებით ეს მანიპულირება უფრო მეტად განკუთვნილია საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვისი მხარდაჭერის მიმხრობაც, სავარაუდოდ, ხელისუფლებას სურს. ერთი მხრივ პრორუსული ამომრჩევლის, მერე მხრივ, ამ საკითხისადმი ნეიტრალურად თუ ყოყმანით განწყობილი, ნაციონალისტური ამომრჩევლებისადმი. მას სურს, რომ მისი ეს ქცევა, რომელიც დაკავშირებულია შედარებით შერბილებულ „პრაგმატულ“ პოლიტიკასთან, ასევე მხარდაჭერილი და ლეგიტიმური იყოს მისი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხრიდანაც, რომელიც შეიძლება, ტერმინოლოგიურ მანიპულაციებს წამოეგოს.

ამ შემთხვევაშიც ძალიან კარგად უნდა გაიზომოს და არგუმენტირებულად უნდა წარმოადგინოს, ერთი მხრივ, სავიზო რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა და, მეორე მხრივ, ხელისუფლებამ თავისი არგუმენტები იმისთვის, რომ პოლიტიკური რაციონალიზაცია ამ წინადადებისა იყოს ცხადი და მოსახლეობამდე მარტივი ენით მიტანილი.

— თქვენი ხედვით, როგორი უნდა იყოს სავიზო პოლიტიკა?

— სავიზო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ლიბერალურ პროდასავლურ საზოგადოებაში არსებობს ორივე მოსაზრება — სავიზო რეჟიმის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ. ორივეს უმაგრებს ზურგს თავისი რაციონალური არგუმენტები. მე მაინც ვისურვებდი, რომ ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანოებმა ძალიან კარგად აწონ-დაწონონ კონტრარგუმენტები და არგუმენტები, ნორმალურ ქვეყანაში ასე უნდა ხდებოდეს. ხელაღებით სავიზო რეჟიმის შემოღებას მე პირადად მხარს არ ვუჭერ, თუმცა იმ მაკონტროლებელ მექანიზმებს, რომელმაც უნდა გაფილტროს, განსაზღვროს და შეამციროს სავარაუდო ეროვნული საფრთხეები, ამის შეფასებისთვის აუცილებლად უნდა არსებობდეს სპეციალური, თუნდაც დროებითი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფდა ამ ტიპის ფილტრს იმ საგანგებო სიტუაციაში, რომელშიც საქართველო და მთელი რეგიონი იმყოფება. თუმცა სავიზო რეჟიმის შემოღება შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ შემთხვევაში, თუ კიდევ უფრო გაიზრდება ეროვნული საფრთხის თვალსაჩინოება ქართული საზოგადოებისთვის.

— კონკრეტულად რაში მდგომაროებს საფრთხეები, თუ ასეთი არსებობს?

— პირველ რიგში, საფრთხე უკავშირდება იმას, საქართველოში იქმნება საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფები უკონტროლო რუსეთის მოქალაქეებისა. სიტყვა უკონტროლო აქ ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ არ ხდება მათი პროფესიული, მიზნობრივი, კვალიფიკაციური თუ სხვადასხვა ტიპის რანჟირება. საქართველოს მოსახლეობამ ფაქტობრივად არ იცის, რა ტიპის ჯგუფები შემოდიან საქართველოში. ამ ტიპის რანჟირება აუცილებელია იმისთვის, რომ ნათელი გახდეს, რა ტიპის რბილი ძალის საფრთხეებთან შეიძლება გვქონდეს საქმე, იქნება ეს რუსული ენის მომძლავრება, სოციალური კონფლიქტების გაღვივება თუ სხვა.

გრძელვადიან საფრთხეა, რომ როდესაც რუსეთი უკრაინისგან რეფოკუსირებას გააკეთებს და „მოიცლის“ სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებისთვის, მას არ დახვდეს საქართველოში უკვე კარგად მომზადებული ნიადაგი მასობრივად გადმოსული რუსების სახით, რათა შემდგომ არ ჰქონდეს „გამართლება“ ზედმეტი ინტერვენციისა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში.

— ხომ არ აძლევს არგუმენტს და შესაძლოა, „კაზუს ბელის“ რუსეთს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავად საუბრობს ქსენოფობიასა და შოვინიზმზე საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ხოლმე რუსეთის ძირითადი ბრალდება საქართველოსა თუ უკრაინის მიმართ…

— რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, დღეს რაც უნდა დაისვას საზოგადოებაში იმისთვის, რომ საზოგადოებამ კიდევ უფრო ნათლად დაინახოს, რა ტიპის საფრთხეებს ქმნის არა მხოლოდ რუსების ამ მასშტაბით შემოდინება საქართველოში, არამედ საქართველოს მთავრობის ასეთი პროაქტიული განწყობა, რომელიც თითქოს რუსეთს იცავს საკუთარი მოქალაქეებისგან.

ძალიან უცნაური „ქეისი“ იქმნება მაშინ, როდესაც რუსეთის ტრადიციული გამართლება მისი სხვა ქვეყანაში შეჭრისა არის საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბი. რჩება განცდა, რომ საქართველოს მთავრობა ამ თემაზე ამ ფორმით აპელირებით — არათუ საკუთარი მოქალაქეების დაცვით, არამედ პირიქით — ერთგვარად ქმნის როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ განწყობასაც და ძალიან კარგ „გამართლებას“ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების „დაცვის“ საჭიროება გაჩნდეს, მიუხედავად იმისა, რომ ითვლება,  საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები არიან რუსული ამჟამინდელი რეჟიმის მოწინააღმდეგეები. ასე თუ ისე, თეორიულად, საქართველოს ხელისუფლება, როგორც საბაბს, ძალიან კარგ გამართლებას აძლევს რუსეთის მთავრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი