ხელოვნება

სანდრო თედიაშვილი, პირველი ქართველი ჯამბაზი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

10 ივნისი, 2014 • • 2778
სანდრო თედიაშვილი, პირველი ქართველი ჯამბაზი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

საცირკო ხელოვნების ოსტატი სანდრო თედიაშვილი 1913 წელს დაიბადა. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1952 წლიდან მსახიობი გადმოვიდა თბილისში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში, სადაც 5 წლის განმავლობაში მუშაობდა, ვიდრე ქართული ცირკის პირველი ჯამბაზის დამსახურებულ წოდებას დაიმსახურებდა.


1957 წელს თბილისში ქართული საცირკო ხელოვნების კოლექტივის შექმნის საკითხი დაისვა. საკითხის გადასაწყვეტად თბილისში რუსეთიდან საბჭოთა კავშირის საცირკო ხელოვნების სამმართველოს წარმომადგენელი ჩამოვიდა. საბჭოთა კავშირის წარმომადგენელმა მოზარდმაყურებელთა თეატრში 44 წლის სანდრო თედიაშვილი აღმოაჩინა. ქალ მოჯირითეთა დასის შექმნით, ურთულესი, უცხო ილეთებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი მიღწევების გამო ქართული ცირკი მთელს საბჭოთა კავშირში პირველი იყო.

სანდრო თედიაშვილი- პირველი ქართველი ჯამბაზი
სანდრო თედიაშვილი- პირველი ქართველი ჯამბაზი

სანდრო თედიაშვილს საბჭოთა კავშირში პირველი ქართველი ჯამბაზის წოდება მიენიჭა. მან ცირკში შექმნა კინტოს სახე და ქართველმა მაყურებელმა ჯამბაზი კინტოს სახით მიიღო.


სანდრო თედიაშვილი არის თანაავტორი დადგმისა „ლურჯი მთების ლეგენდა“. ყოველი დღის 12- საათიან სეანსზე ისტორიული ზღაპრის ფორმითა და იუმორით ჯამბაზი პატარებს საქართველოზე, მის ისტორიაზე მოუთხრობდა. ასე გაიცნეს ბავშვებმა “კაცი – უჩინმაჩინი”, პირველი ქართველი მასხარა – სანდრო თედიაშვილი.


ნაყოფიერი მუშაობის გამო პირველ ქართველ ჯამბაზს ცირკის დირექტორობასაც უპირებდნენ, თუმცა უპარტიობის გამო თანამდებობაზე არ დანიშნეს. შოთა მილორავას სახელობის საესტრადო-საცირკო სასწავლებელში 2004 წლამდე მუშაობდა. სანდრო თედიაშვილი არის ავტორი წიგნისა „ცირკის საოცრებათა ხელოვნება“.

სანდრო თედიაშვილი- პირველი ქართველი ჯამბაზი
სანდრო თედიაშვილი- პირველი ქართველი ჯამბაზი

მასალების გადაბეჭდვის წესი