ხელოვნება

360 გრადუსი მწვერვალიდან – ნიუ იორკი

10 მარტი, 2014 • 2259
360 გრადუსი მწვერვალიდან – ნიუ იორკი

 

 
ლიფტის მინის „თავსახურზე“ კი უცებ საიდანღაც შავ-თეთრი, გამჭვირვალე კადრები გაჩნდა. ფილმში ერთმანეთს ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები ცვლიდნენ… ის ადამიანები, რომლებიც აშშ–ის ისტორიაში 1930 წლის შემდეგ გაჩნდნენ. მართინ ლუთერ კინგი, მერლინ მონრო, ჯონ კენედი… მერე გავარკვიე, რომ „ფილმი“ თურმე 40 წამი მიმდინარეობდა. გამოდის, რომ თუ ამ დროის მონაკვეთს ლიფტის დაძვრის–გაჩერების 4–5 წამს დავუმატებთ, 5 წამში კი არა, 45 წამში აღმოვჩენილვარ ნიუ იორკის თავზე.

 

 

ბუნებრივია, მაშინვე გამახსენდა ჩემი ვიზიტი „ემფაიერ სთეით ბილდინგზე“ და ამ შენობიდან დანახული ქალაქიც, მაგრამ ერთ საქმიან რჩევას მოგცემთ: გაითვალისწინეთ – Top of the Rock-ს (ასე უწოდებენ როკფელერ ცენტრის სახურავს, რაც „კონცხის/კლდის მწევრვალს“ ნიშნავს) თუ არ ნახავთ, ჩათვალეთ, რომ „დიდი ვაშლის“ ქალაქში არც ყოფილხართ. არა, განა ამერიკის ამ ორ სუპერმაღალ შენობას ერთმანეთს ვუპირისპირებ. უბრალოდ, „ემფაიერიდან“ ნიუ იორკის ისეთი მთლიანი, შეკრულ – განფენილი არ ჩანს, როგორც თოპ–იდან და თან სახურავზე  უფრო დიდი და თავისუფალი სივრცეა, სადაც შეგიძლია ისე ისეირნო, როგორც ტენისის კორტზე და კიდევ: ამიხსნეს, რომ მხოლოდ აქედან იშლება ნიუ იორკის  360 გრადუსიანი ხედიო, სხვაგან – არსადო.

 

 

ჰოდა, ლიფტის  კარი გაიღო და დავინახე ნიუ იორკი ისეთი, როგორიც არასოდეს მინახავს. ალბათ, ძალიან ბანალური იქნება, რომ დავწერო, „ო, ღმერთო ჩემო“ აღმომხდა-მეთქი, მაგრამ რა ვქნა? მართლა აღმომხდა. და ამ ჩემს „წამოცდენაში“ მე  ერთადერთი არ ვყოფილვარ.

 

 

„როკფელერ პლაზა“, რომელიც როკფელერების ოჯახის ფულით წინა საუკუნის 1930–იანებში აშენდა, 14 შენობას მოიცავს, სადაც ყოველდღიურად 350 ათასი ადამიანი გაივლის. მანჰეტენის ეს ცენტრალური და, შესაბამისად, ძალიან ძვირიანი უბანი ქალაქის არა მარტო საქმიანი, ოფისურ–კორპორატიული „კუნძულია“, არამედ ხელოვნების უნიკალური ცენტრიც. აქაა ლეგენდარული „Radio City Music Hall“–ი, სადაც არაერთხელ გამართულა არა მარტო პოპულარული შოუები, სპექტაკლები, არამედ, მაგალითად, სამუსიკო ჯილდო `გრემის” გადაცემის ცერემონიაც. „როკფელერ პლაზაშია“ განლაგებული ქალაქის მთავარი საციგურაო მოედანი და მთავარი საახალწლო ნაძვის ხე. მთლიანად შენობები და, მათ შორის, თოპ–ის არქიტექტურაც, არტ დეკორის სტილშია შესრულებული. როკფელერ ცენტრის მწვერვალზე ექვსი დონის, ასე ვთქვათ, სამეთვალყურეო მოედანია, მათ შორის დახურულიცა და ღიაც. აი, ღია ყველაზე ღია წერტილია, საიდანაც გგონია, რომ მარტო ქალაქს კი არა, სამყაროსაც ათვალიერებ: კრაისლერის შენობიდან – ბრუკლინის ხიდამდე; ცენტრალ პარკიდან – მდინარე ჰადსონამდე და ისტ რივერამდე, თავისუფლების ქანდაკებიდან – „ემფაირ სთეით ბილდინგამდე“. ქვის ღობე მაღალი, სქელი მინის დამცავი კედლებითაცაა გარშემორტყმული, თუმცა არის ადგილები, სადაც სისულელე არ უნდა ჩაიდინო და „ღობეზე“ არ შემოჯდე, რადგანაც ერთი ზედმეტი მოძრაობა და… ქვევით ბატუტს არავინ დაგახვედრებს. ქვევით მხოლოდ დიდი და პატარა ცათამბჯენებია.

 

 

ეს სათვალთვალო „ბუდე“ 1933 წელს გაიხსნა, რეაბილიტაციისთვის 1986 წელს დაიკეტა და მერე ნიუ იორკელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის 2005 წელს ისევ ამოქმედდა. არ ვიცი, ზღვის დრონიდან რამდენი მეტრია როკფელერ ცენტრის  ეს მწვერვალი, მაგრამ ქუჩიდან გაუზომავთ და 260 მეტრი ყოფილაო, დაასკვნეს.

 

 

ნიუ იორკის ამ სიმაღლიდან დათვალიერება იმის შეგრძნებას გაძლევს, რომ შენი წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ როგორია ეს ქალაქი – მცდარია. გამოდის, რომ ხელახლა უნდა დაიწყო მისი შესწავლა და არა იმიტომ, რომ ლუ რიდის ნიუ იორკი არ გინახავს, ანდა გლამურული მეხუთე ავენიუს ნიუ იორკი რაა, არ იცი. არა. უბრალოდ აღმოაჩენ ერთ უტყუარ სევდიან ფაქტს: სულაც არ გცოდნია სად ცხოვრობ. და ალბათ ვერც ვერასოდეს გაიგებ.

 

 

მიწაზე ზუსტად იმავე სიჩქარით კი არა, მგონი ორჯერ ნაკლებ დროში დავეშვით ყურების წკაპა–წკუპით და უკვე ნაცნობი უწონობით.  „ცის მაქოს“  სახურავზე კი ისევ ის ვიდეოკადრებია – მართინ ლუთერ კინგი მიკროფონთან, ალბათ, თავის ცნობილ სიტყვებს ამბობს, და მერლინ მონროც. თუმცა აქ ვარიაციებიცაა სავარაუდო. იგი შეიძლება მღეროდეს:  Happy Birth Day, Mr. President–ს ან სულაც  I Wanna Be Loved by You–ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი