ხელოვნება

Homeland – სერიალი ტერორიზმთან ბრძოლის და ისლამოფობიის შესახებ

1 აპრილი, 2017 • 7115
Homeland – სერიალი ტერორიზმთან ბრძოლის და ისლამოფობიის შესახებ

ტელეკომპანია “რუსთავი 2” მაყურებლებს 10 მარტიდან ამერიკულ სერიალს “სამშობლო” (Homeland) სთავაზობს. მიუხედავად იმისა, სერიალი საქართველოს სატელევიზიო სივრცეში ახლა გამოჩნდა, აშშ-ში ახლა მისი მეექვსე სეზონი მიმდინარეობს და თაყვანისმცემლების ნაწილი მაინც თვლის, რომ “სამშობლო” ისეთი დინამიური და საინტერესო აღარაა, როგორც პირველი სეზონები ამიტომ სერიალის შემქნელებმა მისი გადაღება უნდა დაასრულონ. თუმცა ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობია გააგრძელებს თუ არა კომპანია “Showtimes” მის გადაღებას.

სერიალის პირველი სეზონი 2011 წლის ოქტომბერში გამოვიდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა. სერიალი არაერთგზის იყო ნომინირებული და მოგებული აქვს “ოქროს გლობუსის”, “ემის” და”მსახიობთა გილდიის” ჯილდოები სხვადასხვა ნომინაციაში.

“სამშობლო” ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პოლიტიკას და ბრძოლის მეთოდებს აღწერს ტერორიზმის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც 2001 წელს 9/11 ტერაქტი მოხდა.

ამერიკელ ჯარისკაც ნიკოლას ბროუდის, რომელიც ერაყის ომში დაკარგულად ითვლება, 8 წლის შემდეგ პოულობენ და იგი სამშობლოში ბრუნდება. ბროუდი ნამდვილი მისწრებაა პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის, კონკრეტულად კი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისთვის, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს. სამშობლოში დაბრუნებული ნიკოლას ბროუდის გმირად ქცევის თანმიმდევრული პროცესი იწყება, მაშინ, როდესაც ბინ ლადენი განეიტრალებულია და საზოგადოებაშიც ტერორიზმის საფრთხე აქტუალობას დღითიდღე კარგავს, ვიცეპრეზიდენტი ბროუდის კონგრესმენობას შეთავაზებს. როგორც თავადვე ამბობს, არა იმ ადამაინს, რომელსაც ამერიკის მთავარი მტრის შესახებ უბრალოდ გაგონილი აქვს, არამედ მას, ვინც იცნობს და უშუალოდ შეხვედრია მტრებს.

ამ ვითარებაში ცენტრალურ სადაზვერვო საგენტოში მხოლოდ ერთი ადამიანია, ვისაც ბროუდის არ სჯერა და ის ტერორისტებთან გარიგებული ჰგონია. კერი მეტისონი ოპერატიული მუშაკია, რომელიც ბიპოლარული აშლილობით იტანჯება. ბროუდისადმი ამბივალენტური დამოკიდებულების გამო მეტისონს სამსახურსაც ატოვებინებენ. სერიალის პირველი სამი სეზონი ტერორიზმის საკითხის პოლიტიზაციის, ბროუდის მოტივაციის, მისი გადმობირების, გადარჩენის პერსპექტივის გარეშე დარჩენილი მთავარი გმირის ისტორიაა.

სერიალის პირველი სეზონის დაწყებიდან, მალევე გაჩნდა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ “სამშობლო” ყველაზე ისლამოფობიური სერიალია, რომელიც ოდესმე შექმნილა,სადაც ისლამის მიმდევრები ფანატიკოსებად და მოძალადეებად არიან წარმოდგენილი. ასევე შეხვდებით მოსაზრებებს, რომ “სამშობლო” მუსლიმების დემონიზებას ახდენს.

აღნიშნული მოსაზრებების საპირწონედ წაიკითხავთ ისეთ სტატიებსაც, რომელიც პირიქით, ამბობს, რომ სერიალის მიმართ სხვა ყველა პრეტენზია შეიძლება არსებობდეს, ისლამოფობიური ტენდენციების დაბრალების გარდა. მაგალითად “გარდიანი” წერს, რომ სერიალი კრიტიკულადაა განწყობილი ამერიკის მილიტარიზმის და იმ მეთოდების მიმართ, რასაც ქვეყანა იყენებს ტერორიზმთან საბრძოლველად.

“რეალურად სერიალი იმის საპირისპიროა რაშიც მას ბრალს სდებენ: “სამშობლო” კრიტიკულად ხედავს მისივე მაყურებლის წინასწარგანწყობებს და არ ეთანხმება მას”- წერს “გარდიანი”

სერიალის ყველა სეზონი სხვადასხვა ადგილას ვითარდება, თუ პირველი და მეორე სეზონის შემთხვევაში მოქმედება ამერიკის შეერთებულ შტატებშია გადაღებული, მესამე სეზონიდან მაყურებელი ირანშიც მოხვდება, გეოგრაფიულ ადგილებს ცხადია ამერიკის პოლიტიკური ინტერესები განსაზღვრავს. მეოთხე სეზონიდან პაკისტანში მოხვდებით, სადაც ზემოთხსენებული კერი მეტისონი კიდევ უფრო მთავარი ფიგურა ხდება, როცა თავად უწევს გადაწყვეტილების მიღება დილემური საკითხების შესახებ. მეოთხე სეზონი კერი პერსონაჟისთვის გარდამტეხია, მას ერთდროულად უწევს გაუმკლავდეს არასასურველ ორსულობას, ცდილობს იზრუნოს შვილზე, რომელიც არ უნდა, უკომპრომისო იყოს თავის საქმეში, გაუმკლავდეს საყვარელი ადამიანის და მშობლის დაკარგვას. საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ მთავარ პერსონაჟს, რომელსაც როგორც თავად ამბობს შეიცვალა.

მთავარი პერსონაჟის ცვლილება ხდება სერიალის განვითარების მთავარი საფუძველი მეხუთე სეზონში, სადაც უკვე ევროპაში, კონკრეტულად კი გერმანიაში აღმოჩნდებით. კიბერუსაფრთხობა, ჰაკერული თავდასხმები, რუსეთი, ევროპაში გახშირებული ტერაქტები სცენარის მთავარი ბირთვია. “სამშობლო” იმის გამოცაა პოპულარული სერიალი, რომ იგი თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ირეკლავს.

მეევსე სეზონის გამოსვლის შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა სერიალის და ისლამოფობიის ერთ კონტექსტში განხილვა. ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც “New Republic”-ში გამოქვეყნდა, ავტორი წერს, რომ მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, რომელიც ანტი მუსლიმური რიტორიკით გამოირჩევა და მისი გადაწყვეტილებები მუსლიმების უფლებებს უხეშად ლახავს, სერიალის შინაარსი მნიშვნელოვნად შეიცვალა და ახლა სწორედ მუსლიმების უფლებებზე კონცენტრირდება.

“მეექვსე სეზონში, პირველად სერიალის ისტორიაში, ცენტრალური სიუჟეტი არ ეხება ტერორისტების მიერ დაგეგმილი თავდასხმის პრევენციას. თუმცა, როგორც რეალურ ცხოვრებაში, განსხვავებულის მიმართ შიში ადვილად არ ტრანსფორმიდება სრულ მიმღებლობაში”.- ნათქვამია სტატიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი