ეკონომიკა

იაშვილის კლინიკის ახალ მფლობელებს კლინიკის თანამშრომლები არ იცნობენ

31 მაისი, 2011 • 2254
იაშვილის კლინიკის ახალ მფლობელებს კლინიკის თანამშრომლები არ იცნობენ

შპს „ჯი ემ სი“–მ დაახლოებით ათ მილიონნახევარ ლარად იაშვილის კლინიკა იყიდა.

შპს „ჯი ემ სი“   აუქციონამდე სამი კვირით ადრეა ოფიციალურად დარეგისტრირებული და კომპანიის წილებს შოთა ბიწაძე, მაია ბუსიშვილი, ზაზა კაპანაძე და გია ნაცვლიშვილი ფლობენ.

იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის წარმომადგენელი თამარ ჩეჩელაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ კლინიკის ახალი მფლობელების შესახებ ინფორმაციას მისი თანამშრომლები ჯერ არ ფლობენ.

„ჩვენთან, ჯერჯერობით, არავინ მოსულა. უბრალოდ, ვიცით, რომ ჩატარდა აუქციონი და არის გამარჯვებული კომპანია“, –ამბობს თამარ ჩეჩელაშვილი.

შესაბამისად, უცნობია იაშვილის კლინიკის მართვაში იქნება თუ არა რაიმე სახის ცვლილება.

ჯერჯერობით, ცნობილია მხოლოდ ის, რომ აუქციონის პირობების მიხედვით, კლინიკის ახალ მფლობელს აქვს ვალდებულება, ობიექტს სამედიცინო პროფილი შვიდი წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს.

ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ იაშვილის კლინიკა აუქციონზე 25 მაისს გამოიტანა.

აუქციონის პიროებების მიხედვით, ბავშვთა საავადმყოფოს საწყისი გასაყიდი ფასი ექვსი მილიონი ლარი იყო.

აუქციონის ჩატარებამდე, იაშვილის კლინიკის თანამშრომლების ინფორმაციით,  კლინიკის ყიდვას ელგუჯა გოცირიძე, ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის ინსტიტუტის მფლობელი აპირებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი