ეკონომიკა

თავისუფალი დემოკრატების ინიციატივა იპოთეკურ და ქონებით უზრუნველყოფილ სესხებთან დაკავშირებით

11 თებერვალი, 2016 • 1926
თავისუფალი დემოკრატების ინიციატივა იპოთეკურ და ქონებით უზრუნველყოფილ სესხებთან დაკავშირებით

თავისუფალი დემოკრატები იპოთეკურ და ქონებით უზრუნველყოფილ სესხებთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდიან, რომლის თანახმადაც ამ ტიპის სესხებზე გადახდილი პროცენტების მთლიანი ოდენობა პირის დასაბეგრ შემოსავალს უნდა გამოაკლდეს.

“საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იპოთეკურ და ქონებით უზრუნველყოფილ სესხებში თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს იხდის. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა ლარის გაუფასურების და ინფლიაციის შედეგად.

პროექტი, რომელსაც დღეს ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ წარმოვადგენთ ამ ტვირთის შემსუბუქებას გულისხმობს. სახელმწიფო ანალოგიურ პროექტებს ინტენსიურად უნდა ამუშავებდეს, რათა გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს ფინანსური მდგომარეობა… თუმცა, მთავრობას ამისათვის რიგ შემთხვევებში კვალიფიკაცია არ ყოფნის, რიგ შემთხვევებში კი პოლიტიკური ნება არ გააჩნია.

პროექტი, რომელსაც „თავისუფალი დემოკრატები“ გთავაზობთ, იგულისხმება შემდეგი: იპოთეკური და ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე გადახდილი პროცენტების მთლიანი ოდენობა გამოაკლდება დასაბეგრ შემოსავალს. აღნიშნული ინიციატივის შედეგად მოქალაქეებს გადასახდელი პროცენტის 20% დაეზოგებათ. ეს თანხა ჩვენ მოქალაქეებს დარჩებათ საშემოსავლო გადასახადის შემცირების ხარჯზე”, – ნათქვამია თავისუფალი დემოკრატების განცხადებაში და აღნიშნულია: ეს იმას ნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადის დათვლისას, დასაბეგრი შემოსავალი შემცირდება გადასახდელი პროცენტის თანხით.

“ანუ, თქვენი შემოსავლის ის ნაწილი, რომელსაც ბანკში იხდით, სახელმწიფოს მხრიდან არ დაიბეგრება. მაგალითად: მოქალაქის ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 600 ლარს (გადასახადების ჩათვლით), ანუ ყოველთვიურად ხელზე ასაღები ხელფასია 480 ლარი (600 ლარს – 20% საშემოსავლო). დავუშვათ მოქალაქე, მოცემულ თვეში, იპოთეკურ და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხზე, პროცენტის სახით იხდის 200 ლარს. ჩვენი პროგრამის მიხედვით, აღნიშნული 200 ლარი გამოაკლდება დასაბეგრ შემოსავალს (600 ლარს) და საშემოსავლო დაითვლება 400 ლარიდან (600-200). ანუ გადასახდელი საშემოსავლო იქნება 80 ლარი (400*20%) 120 ლარის მაგივრად. შესაბამისად, მოქალაქის მიერ ხელზე ასაღები თანხა იქნება 520 ლარი. ჩვენი გაანგარიშებით, მოსახლეობას ჯამში, დაახლოებით 100 – 150 მილიონით შეუმცირდება საშემოსავლო გადასახადი”, – ნათქვამია თავისუფალი დემოკრატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

f4ded6bd-2780-4a8f-b494-b69c18f4a220

მასალების გადაბეჭდვის წესი