ეკონომიკა

საქართველოში ინვესტიციების მოცულობა შემცირდა

14 მარტი, 2011 • • 1157
საქართველოში  ინვესტიციების მოცულობა  შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2010 წლის IV კვარტალში 120 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 38 პროცენტით ნაკლებია. ჯამში, 2010 წელს საქართველოში 553 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 16 პროცენტით ნაკლებია.

2010 წლის IV კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა I კვარტალის მაჩვენებელს 58 პროცენტით აღემატება, ხოლო II და III კვარტალის მონაცემებზე – შესაბამისად, 39 და 25 პროცენტით ნაკლებია.

2010 წლის IV კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 85 პროცენტი, ანუ 120 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2010 წლის IV კვარტალში საქართველოში უმსხვილესი ინვესტორი ამერიკა იყო, რომელმაც  45.6 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა. სხვა ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ: ნიდერლანდები (30 მლნ. აშშ დოლარი), არაბეთის გაერთიანებული ემირატები (14 მლნ. აშშ დოლარი), საერთაშორისო ორგანიზაციები (12.7 მლნ.აშშ დოლარი), რუსეთი (9.7 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (9.3 მლნ აშშ დოლარი) თურქეთი (7.6 მლნ. აშშ დოლარი), ლიხტენშტეინი (7.4 მლნ. აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (7.2 მლნ. აშშ დოლარი), დანარჩენი ქვეყნები (-23.4 მლნ. აშშ დოლარი).

რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, წინასწარი მონაცემებით, 2010 წელს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 86 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება 2010 წლის  პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ეკონომიკის სექტორების მიხედვით, სულ ამ დარგში 553.1 მლნ.აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორის ყველაზე დიდი წილი-35 პროცენტი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე მოდის და 193.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი (89.5 მლნ. აშშ დოლარი), უძრავი ქონება (84.4 მლნ. აშშ დოლარი), ენერგეტიკა (20.9 მლნ. აშშ დოლარი), სოფლის მეურნეობა (10.6 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის ინფორმაციით, 2010 წლის მონაცემები წინასწარია, რომელიც ექვემდებარება დაზუსტებას წლიური სტატისტიკური გამოკვლევის მასალების დამუშავების შემდეგ. დაზუსტებული მონაცემები კი 2011 წლის 15 აგვისტოს გამოქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი