ეკონომიკა

რუსეთს WTO-ში გაწევრიანება ზაფხულში სურს

22 თებერვალი, 2011 • • 1553
რუსეთს WTO-ში გაწევრიანება ზაფხულში სურს

რუსეთის მთავრობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასრულებას ზაფხულის შუა პერიოდში ვარაუდობს – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილემ, იური უშაკოვმა განუცხადა.

„ყველა პრობლემა მოგვარებული არაა, მაგრამ გვინდა, მოლაპარაკებები ზაფხულის შუა პერიოდში დავასრულოთ“,-განუცხადა მან ჟურნალისტებს 22 თებერვალს.  მოლაპარაკებების პროცესში  არსებულ პრობლემებს შორის მან „საქართველოს ფაქტორიც“ დაასახელა.

იური უშაკოვმა დასძინა, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული პრობლემა რუსეთის პრემიერ-მინიტრის, ვლადიმერ პუტინის ბელგიაში ვიზიტის დროს, 23-24 თებერვალს, განიხილება. „ჩვენ ევროკავშირის მკაფიო მხარდაჭერა გვჭირდება, რადგან იგი აღნიშნულ ორგანიზაციაში ერთ-ერთი უმთავრესი მოთამაშეა“,- განაცხადა რუსეთის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილემ.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესი რამოდენიმე ეტაპისაგან შედგება და იგი დაახლოებით 5-7 წელიწადს მოიცავს. რუსეთის WTO-ში გაწევრიანების შესახებ, მოლაპარაკებები კი  უკვე 17 წელია, გრძელდება. 1993 წელს რუსეთმა ოფიციალიური განცხადებით მიმართა ვაჭრობისა და ტარიფების გენერალურ შეთანხმებას (GATT) გაწევრიანების თაობაზე, ხოლო მისი მემკვიდრე კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია(WTO) გახდა.

რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გაჭიანურების კიდევ ერთი მიზეზად საქართველო სახელდება. 2010 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ რუსეთმა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე, ჯერ საქართველოს უნდა მიმართოს მოლაპარაკებების დაწყების შესახებ თხოვნით.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა, იგორ შუვალოვმა 2010 წლის ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ რუსეთმა და ევროკავშირმა ყველა უთანხმოება გადაჭრეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი