ეკონომიკა

ზედნადების ძველი ფორმა კვლავ ძალაშია

17 თებერვალი, 2011 •
ზედნადების ძველი ფორმა კვლავ ძალაშია
მიუხედავად იმისა, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ აღინიშნა, რომ 2011 წლის 15 თებერვლამდე შესაძლებელი იყო ასევე გამოყენებულ იქნეს №II-12 დანართით გათვალისწინებული ფორმის სასაქონლო ზედნადები, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 16 თებერვალს გაავრცელა განცხადება, რომ გადასახადის გადამხდელებს შეუძლიათ გამოიყენონ ზედნადების როგორც ძველი, ისე ახალი ფორმები. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაძლებელია სასაქონლო ზედნადების ფორმებში შეტანილ იქნეს დამატებითი გრაფები. 
ნეტგაზეთთან საუბრისას ფინანსთა სამინისტროში განმარტეს, რომ ძველი ზედნადებების მოქმედების კონკრეტული ვადა ჯერ კიდევ არ განსაზღვრულა.
აღნიშნული განმარტების გაკეთება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №996-ის თანახმად, 2011 წლის პირველი იანვრიდან ძველი სასაქონლო ზედნადებების გამოყენება იკრძალებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ფაქტს პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტის დროს უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძეც გამოეხმაურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი