თბილისის მერმა, გიგი უგულავამ გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
თბილისის მერიის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, გლდანის ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი 4 წელია მიმდინარეობს.
“გლდანის ნაგავსაყრელის გაუქმებამ და მისმა უტილიზაციამ შესაძლებელი გახადა ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განვითარება. ამ ეტაპზე დასასვენებელ კომპლექსში ვილების მშენებლობა და ტბის ირგვლივ ბულვარის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, გაზაფხულიდან კი ექსპლუატაციაში შევლენ ღია კაფეები, ბუნგალოები და სხვა გასართობი ცენტრები. ტბის განაშენიანება 2013 წელს დასრულდება” – აცხადებენ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
თბილისის მერის განცხადებით, გლდანი არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში უდიდესი რაიონია, აღნიშნული ტერიტორიის სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია და ზაფხულიდან იგი ერთ-ერთი კარგი დასასვენებელი ადგილი გახდება, ობიექტის სრულად ამუშავება 70-100 ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში თბილისის ზღვის განვითარებაც დაიწყება: „ეს ერთიანობაში არის ჩვენი ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, მარცხება სანაპიროზე მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რეკრეაციული ფუნქციის მქონე ტერიტორია. ამ ტერიტორიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო გლდანის ნაგავსაყრელის გაუქმება. ნაგავსაყრელი გაუქმებულია და წელს ვგეგმავთ მის კონსერვაციას, ვინაიდან ის მუდმივად, განსაკუთრებით ზაფხულში, მთელი გლდანდის, მუხიანის და თემქის მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა“-განაცხადა გიგი უგულავამ.