ეკონომიკა

დონორები რეგიონული განვითარების სამინისტროს პროექტების მხარდაჭერას გააგრძელებენ

9 თებერვალი, 2011 •
დონორები რეგიონული განვითარების სამინისტროს პროექტების მხარდაჭერას გააგრძელებენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი „თბილისი მერიოტში“ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დეპატრამენტებისა და საქვეუწყებო სამსახურების ხელმძღვანელი პირები, გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის, მსოფლიო ბანკის, ათასწლეულის ფონდის და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. აგრეთვე, მოწვეულნი იყვნენ წარმომადგენლები გერმანიის, ჰოლანდიის, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, ლიტვის, ბრიტანეთის, ესტონეთის, თურქეთის, ისრაელის, შვედეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოებიდან.

რეგიონალური განვითარების და ინფარსტრუქტურის სამინისტრომ შეხვედრაზე 2010 წელს განხორციელებული საქმიანობის სრული ანგარიში წარადგინა. სამინისტროს განცხადებით, გასული  წელი წარმატებული აღმოჩნდა მისი მუშაობისათვის და დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით ბევრი პროექტი განხორციელდა. 2010 წლის განმავლობაში  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მუნიციპალური განვითარების ფონდთან  ერთად და დონორი ორგანიზაციების დახმარებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ჯამში, 190 პროექტი განახორციელა.

მათ შორის:

– წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების სარეაბილიტაციო პროექტები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში;
– საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტები;
– ახალი სკოლების მშენებლობა ბორჯომში, თერჯოლაში, მცხეთაში, გარდაბანში, სიღნაღსა და ყვარელში.

ღონისძიებაზე ასევე 2011 წელს განსახორციელებელი პროგრამების პრეზენტაცია და განხილვაც მოეწყო.

შეხვედრის დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა აღნიშნულ შემაჯამებელ შეხვედრას კომენტარი გაუკეთეს. როგორც მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა, აჰმედ ეივეიდამ განაცხადა, იგი წლევანდელი წლითა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს მუშაობით კმაყოფილია. მსოფლიო ბანკი, როგორც 2010  წელს, ასევე წელსაც განაგრძობს სამინისტროსთან თანამშრომლობას და კვლავ გამოყოფს თანხას ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. კომენტარი ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების განყოფილების უფროსმა, მარტინ კლაუკემაც გააკეთა და განაცხადა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში კვლავ განაგრძობს პროექტების მხარდაჭერას და მაქსიმალურად გვერდში დაუდგება სამინისტროს მიერ განხორციელებულ სამუშაოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი