ნეტგაზეთი | სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპანიების სახელმწიფო კონტროლი დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპანიების სახელმწიფო კონტროლი დაიწყო – Netgazeti
RU | GE  

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპანიების სახელმწიფო კონტროლი დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასურსათო პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების სახელმწიფო კონტროლი დღეიდან დაიწყო. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, ვერიკო გულუამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, აღნიშნული კონტროლი, თავდაპირველად, მაღალი რისკის მქონე კომპანიების შემოწმებას გულისხმობს, როგორებიცაა რძისა და ხორც-პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები. პირველად სააგენტომ   ხორც-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „მითანა“ შეამოწმა, ამ კვირაში კიდევ იგეგმება სხვა კომპანიების გეგმური და ეტაპობრივი შემოწმებაც. ვერიკო გულუას თქმით, ამ ეტაპზე სააგენტო მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება, სახელმწიფო კონტროლი გეგმურად განხორციელდება, წლის განმავლობაში კი 200 კომპანია შემოწმდება.

შეგახსენებთ, რომ “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები სასტუმრო “შერატონ მეტეხში” შეკრებილ ბიზნესმენებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა და “სურსათის ეროვნული სააგენტოს” ხელმძღვანელმა 14 იანვარს გააცნეს.

“2011 წლის 3 იანვრიდან ძალაში შევიდა სახელმწიფო კონტროლი სურსათის მწარმოებელი კომპანიებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი რისკის საწარმოები ინსპექტირებას დაექვემდებარებიან“- განაცხადა დავით კობერიძემ. მისივე ინფორმაციით, 2010 წელს სამსახურის მიერ 51 ექსპორტიორი კომპანია შემოწმდა, ხოლო 2011 წელს 200 სურსათის მწარმოებელი კომპანიის შემოწმებაა გეგმაში. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სურსათის მწარმოებელ კომპანიებს საწარმოს კანონით გაწერილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ერთი წელი აქვთ მიცემული: „ამ ეტაპზე საწარმოების საქმიანობის შეზღუდვა არ მოხდება, პირიქით, ჩვენ მათ კანონით მოთხოვნილი სტანდარტების დახვეწაშიც დავეხმარებით. ამისათვის კი კომპანიებს ერთწლიანი ვადა აქვთ. მეწარმე სუბიექტებთან თანამშრომლობას პარტნიორულ ფორმატში გავაგრძელებთ”- განაცხადა ბაკურ კვეზერელმა.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს” უფროსმა 14 იანვარს “შერატონ მეტეხი პალასში” განაცხადა, რომ სამსახურს, გეგმური შემოწმების გარდა, არაგეგმური შემოწმების უფლებაც აქვს, თუმცა არაგეგმური შემოწმების განსახორციელებლად სამსახურს სასამართლოს ნებართვა ესაჭიროება: “გეგმურთან ერთად არსებობს ასევე არაგეგმური ინსპექტირება, როდესაც სასამართლოს საფუძველზე საშუალება გვაქვს, ესა თუ ის საწარმო შევამოწმოთ”- განაცხადა დავით კობერიძემ.

მისივე თქმით, “სურსათის ეროვნული სააგენტო” სურსათის მწარმოებელ საწარმოში გამოვლენილი დარღვევის შემდეგ, მას რეკომენდაციას და პრობლემების აღმოსაფხვრელად გარკვეულ ვადას მისცემს, თუმცა თუ გაწერილ ვადაში კომპანიამ პრობლემა არ მოაგვარა, მაშინ მეწარმე დაჯარიმდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცისია ქარჩავა