ეკონომიკა

ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების გავლენა ტურისტულ ბიზნესზე

7 თებერვალი, 2011 • • 1530
ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების გავლენა ტურისტულ ბიზნესზე

გაზეთ «Ведомости»-ის განცხადებით, ეგვიპტეში განვითარებულმა დაძაბულმა მოვლენებმა და ქვეყანაში სამოგზაურო ტურების შეზღუდვამ სხვა ქვეყნების მიმართულებით საგზურების ფასების მკვეთრი მატება განაპირობა. გაზეთი იტყობინება, რომ  ტურ-ოპერატორებმა ეგვიპტის საგზურების გაყიდვა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ შეაჩერეს, ხოლო მათ, ვისაც უკვე შეძენილი ჰქონდათ საგზურები წითელი ზღვის სანაპიროზე, ტურისტულმა ფირმებმა ფული უკან დაუბრუნეს. ზოგიერთმა მათგანმა კლიენტებს გამგზავრების თარიღის უფრო მშვიდობიან დროს გადაწევა, ან ეგვიპტის სხვა ქვეყნით ჩანაცვლებაც შესთავაზა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, Ведомости-ის ცნობით, მათ საგზურებზე ფასები გაზარდეს.

გაზეთი იტყობინება, რომ ეგვიპტის შემცვლელებად ტაილანდი, გოა, გაერთიანებული არაბული ემირატები და ისრაელი მოიაზრება. 1 თებერვლისათვის ტური ეგვიპტეში 600-700 დოლარი დაგიჯდებოდათ, გაერთიანებულ არაბულ ემირატებში 1100-1300 დოლარი, ბანკოკში 1100-1300 დოლარი,  კუნძულ Phuket-ზე 1700-2000 დოლარი. ახლა კი ალტერნატიულ რეგიონებში საშუალო ფასმა კაცზე 100-300 დოლარით მოიმატა, რაც დაახლოებით 10%-ით მეტია ორი კვირის წინანდელ მაჩვენებლებთან შედარებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ეგვიპტური ტურები საკმაოდ ხელმისაწვდომია საშუალო შეძლების მქონე კლიენტებისთვის და ამჟამად ამ ფასში სხვა მიმართულებით საგზურები არაა. პრობლემას ეგვიპტეში შემდგომ განვითარებული მოვლენები გადაწყვეტს, მანამდე კი დამსვენებლებს მოგზაურობისგან თავის შეკავება მოუწევთ.

ეგვიპტეში განვითარებულ მოვლენებს არსებითად არ უმოქმედია საქართველოში მოქმედ ტურ-ოპერატორებზე. სამოგაზურო ტურები და რეისები ეგვიპტის მიმართულებით  წამყვან სააგენტოებს არ შეუწყვეტიათ, მაგრამ დამსვენებლთა მოთხოვნა მათზე ძალიან მცირეა. როგორც „ინტერკონტინენტალმა“ ნეტგაზეთს განუცხადა, ტურები  ეგვიპტის მიმართულებით სააგენტოში არის, მაგრამ მოთხოვნა ნაკლებია. რაც შეეხება სხვა ქვეყნების ტურების ფასს, მათი ღირებულება, როგორც „ინტერკონტინენტალის“, ასევე „ენ ტურის“ განცხადებითაც, არ შეცვლილა. „ენ ტურმა“ ასევე განაცხადა, რომ ფასმა მოთხოვნის უქონლობის გამო ეგვიპტის საგზურებზე დაიკლო კიდეც, სამაგიეროდ, უფრო დიდი დატვირთვით ამუშავდა შედარებით დაბალფასიანი ტურები დუბაიში. რაც შეეხება „ინტერტურსა“ და „ფრეშ თრეველს“, სიტუაცია თითქმის ანალოგიურია, ტურები წითელი ზღვის კურორტებზე არის, მაგრამ მათზე მოთხოვნამ საგრძნობლად იკლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი