ეკონომიკა

ღამის ფასი თბილისში

11 დეკემბერი, 2010 • 4493
ღამის ფასი თბილისში

თბილისში ბოლო დროს ბევრი გასართობი დაწესებულება გაიხსნა. ღამის ცხოვრების მოყვარულებს უკვე შეუძლიათ დრო თანამედროვე კლუბებში გაატარონ. საინტერესოა, რამდენად შეესაბამება თბილისური კლუბების მომსახურება ფასს და საშუალოდ რამდენს ხარჯავენ თბილისელები ღამის გართობაში. თავის მხრივ, ახალი ბარებისა და კლუბების გახსნა მსგავსი დაწესებულებების მიმართ მზარდ მოთხოვნაზე მეტყველებს.

თბილისში ღამის კლუბების უმეტესობა ძვირადღირებულია, შესვლის საფასური 20 – 30 ლარის ფარგლებში მერყეობს, კლუბში დახარჯული თანხა კი – საშუალოდ 50 – 200 ლარია. რამდენიმე მოქალაქის გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა, რომ ეს ფასები, საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ძვირად უნდა ჩაითვალოს, ხოლო კლუბების მომსახურების ხარისხი შორსაა სასურველისგან.

ღამის კლუბებში, ძირითადად, ახალგაზრდები დადიან, ასაკი კი 20-დან 30-წლამდე მერყეობს. მათი უმეტესობა მამაკაცია, რის გამოც კლუბების უმრავლესობაში გოგონების შესვლა უფასოა. მაგალითად, ერთ-ერთი ღამის კლუბის მენეჯერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბიჭს გოგონა ახლავს, წყვილი მხოლოდ ერთი ადამიანის შესვლის საფასურს იხდის. ფასების შემთხვევაში გოგონები უფრო იოლად „ძვრებიან“, რადგან მათ უმეტესობას „კავალერი“ პატიჟებს.

„ქლაბერები“, როგორც წესი, კლუბში შესვლისთვის “face control“-ს გადიან. კლუბის წარმომადგენლების განცხადებით, კონტროლის დროს ძირითადი აქცენტი კეთდება ადამიანის ასაკზე, სიფხიზლეზე, ჩაცმულობაზე, მაგრამ “face control”-ის საკითხი მაინც ბუნდოვანია. ხშირია, როცა კლუბში უბრალოდ „ნაცნობობის“ გამო შეიძლება მოხვდე, ან, პირიქით, ვერ მოხვდე იმის გამო, რომ არავის იცნობ. ძირითადად, ასეთ საკითხებს იქ მდგომი „face control“  წყვეტს.

თბილისის ღამის ცხოვრებაში შედარებით “ახალი ხილია” სტრიპტიზ-ბარები, რომლებიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობენ და მათი რიცხვიც იზრდება. მომსახურება მრავალფეროვანი და საკმაოდ ძვირია. გენდერული დისბალანსი ამ სფეროშიც შეინიშნება. მამაკაცებისთვის განკუთვნილ სტრიპტიზ-ბარებზე საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა ინტერნეტსა თუ სხვა მედია საშუალებებში, ხოლო მსგავსი ინფორმაციის მოპოვება ისეთ ბარებზე, სადაც მამაკაცები ცეკვავენ, მხოლოდ ერთ საიტზე შევძელით.

ღამის ფასები თბილისის სტრიპტიზ-ბარებშიც მაღალია. იქ მისულს სასმლისა და ცეკვის მრავალფეროვანი არჩევანი გვხვდება. მსგავსი სიამოვნება მსურველს შედარებით ძვირი უჯდება, ვიდრე ჩვეულებრივ ღამის კლუბში გართობა.

კლუბები სტუმრებს ორიგინალურ და ძვირადღირებულ ”ცეკვის მენიუს” სთვაზობენ, მაგალითად, თუ თქვენ გნებავთ მოცეკვავის ბიკინის სამახსოვროდ წაღება, დაახლოებით 300 ლარის დატოვება მოგიწევთ., ხოლო  “ეროტიკული სუფრა”  უფრო ძვირი, 400-600 ლარი ჯდება.

საშუალო თბილისელის „ჯიბის ფულის“ გათვალისწინებით, ღამის ფასი თბილისში საკმაოდ ძვირია. მომსახურება კი, როგორც უკვე აღინიშნა, ფასს არ შეესაბამება და გაცილებით დაბალია. ევროპის კლუბებში ნამყოფი რესპოდენტები ვერც კი ადარებენ იქაურ ღამის ცხოვრებას თბილისისას. იმედია კონკურენციის გამძაფრება და მზარდი მოთხოვნა მსგავს მომსახურებაზე გამოიწვევს ხარისხის გაუმჯობესებას და  მალე თბილისშიც იქნება ევროპული დონის ღამის ცხოვრება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი