საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს.

ბრენდირებულ ქსელში რეგულარის ტიპის ბენზინის ღირებულებამ ₾3.80-ს გადააჭარბა, პრემიუმი 4 ლარზე მეტი ღირს, ხოლო სუპერის ფასი 4.40 ლარს გადასცდა. დიზელი კიდევ უფრო მეტად გაძვირდა, ტაბლოებზე მისი ფასი ₾4.60-ზე, ხოლო ზოგ შემთხვევაში ₾4.75-ზე მაღალია. ფასები შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, ყოველ შემთხვევაში, ზრდის შეჩერების საწინააღმდეგო მოლოდინი ამ ეტაპზე არ არსებობს.

2026 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საცალო ქსელში ბენზინის ფასი 25-30 პროცენტით, დიზელის ფასი კი 49-56 პროცენტითაა გაზრდილი.

ბენზინის ფასის დინამიკა

წყარო: წყარო: ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

დიზელის ფასის ზრდის ტემპმა ბენზინს დაახლოებით ორჯერ გადააჭარბა და 50%-იანი ნიშნულიც გადალახა.

ცხრილი 2: დიზელის ფასის ცვლილება

წყარო: ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

რომპეტროლის საიტზე ფასების არქივი არ მოიძებნა. ლუკოილის შემთხვევაში 2025 წლის 31 ივლისიდან 2026 წლის 31 იანვრამდე ფასები მითითებული არაა. 2025 წლის 15 სექტემბრის თარიღით არც გალფის ფასები იძებნება, ამ შემთხვევაში საშუალო გამოყვანილია 4 აგვისტოსა და 10 ოქტომბრის ფასებით.

საწვავის ფასზე მოქმედი ფაქტორები და გაძვირების მიზეზები

საწვავის ფასის ფორმირებაზე გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს, საიდანაც უმთავრესი (თუმცა არა ერთადერთი) ნედლი ნავთობის ფასია. მას ემატება ე.წ. პლატსის ფასი (ნავთობისა და საწვავის ოფიციალური საერთაშორისო საზომი, რომლითაც მთელი მსოფლიო ხელმძღვანელობს), უშუალოდ ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის გასაყიდი ფასი, ტრანსპორტირების ხარჯი, საგადასახადო ტვირთი, ვალუტის გაცვლითი კურსი, ოპერაციული ხარჯები და მოგების მარჟა.

ბოლო ერთ წელიწადში WTI-ს მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 66%-ით, $64-დან $106-მდე, Brent-ის მარკის ფასი კი 60%-ით, $68-დან $109-მდეა გაზრდილი. ორივე შემთხვევაში ზრდა მარტიდან იწყება, რაც პირდაპირ უკავშირდება ირანის დაბომბვასა და ჰორმუზის სრუტის კრიზისს. აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაცია ისრაელში 28 თებერვალს დაიწყო.

WTI-ისა და BRENT-ის მარკის ნავთობის ფასის ცვლილება ერთწლიან ჭრილში

წყარო: OILPRICE.COM

ბოლო დღეებში “შავი ოქროს” გაძვირება იემენში ჰუსიტების გააქტიურებამ, საპორტო ქალაქების დაკავებამ და ბაბ ელ მანდების სრუტეში უსაფრთხოების ნორმების მოშლამაც განაპირობა.

 

ჰორმუზის სრუტე ზედა ყვითელ წრეში, ხოლო ბაბ ელ მანდების სრუტე ქვედა წითელ წრეში. წყარო: Google earth

ფასის ზრდაზე გარკვეული გავლენა უკრაინის მიერ რუსეთში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების დაბომბვამაც იქონია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ნედლ ნავთობს ისევ ყიდის, თანაც ფასდათმობით, ამ ფაქტმა გავლენა უფრო მეტად საცალო ფასებზე მოახდინა, ვიდრე გადაუმუშავებელ ნავთობზე.

შიდა ფაქტორები?

ბოლო პერიოდში საქართველოში არაფერი მომხდარა ისეთი, რასაც, წესით, საწვავის ფასზე ნეგატიურად უნდა ემოქმედა.

ბოლო ერთ წელიწადში ლარი აშშ დოლართან მიმართებით 3.4%-ით, 2.70-დან 2.61-მდე გამყარდა, რასაც, წესით,  საწვავის გაძვირების ტემპი მცირედით მაინც უნდა შეემცირებინა. როგორც მინიმუმ, გაცვლითი კურსის ცვლილებას გაძვირება არ უნდა დაეჩქარებინა.

რეგიონში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით გაიზარდა ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯები. საგადასახადო ტვირთი ბოლო ერთ წელიწადში არ შეცვლილა.

ბენზინგასამართ სადგურებზე ხელფასი დღესაც დაბალია. JOBS.GE-ზე ვისოლის გამოცხადებულ ვაკანსიაში 3 დღეში ერთხელ 24- საათიანი მორიგეობა, რაც თვეში შესვენებების ჩათვლით 240- საათიან მუშაობას გულისხმობს, 800-1000 ლარითაა განსაზღვრული, რასაც შესაძლოა გაურკვეველი ოდენობის ბონუსი დაემატოს. შედარებისთვის, ტიპური 40-საათიანი სამუშაო კვირა, შესვენებების ჩათვლით, 45 საათი გამოდის, რაც თვეში 195 საათია. გალფს ანაზღაურება მითითებული არ აქვს. სხვა ბენზინგასამართ სადგურებზეც 24- საათიანი მორიგეობა ძირითადად 90-120 ლარადაა შეფასებული. ბოლო ერთ წელიწადში ხელფასები რომც გაზრდილიყო, ის საცალო ღირებულებაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენდა. თვითმომსახურების ობიექტებზეც განსხვავება 10-15 თეთრია, მაშინ როცა ბოლო 1 წელიწადში ბენზინი 80 თეთრზე მეტით, დიზელი კი 1.5 ლარზე მეტით გაძვირდა.

 

საწვავის ჩამსხმელი ოპერატორის ვაკანსიების პირობები. წყარო: jobs.ge და job.ge

“ყველაფერი საერთაშორისო ბაზარზეა დამოკიდებული”

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტი ვახტანგ იობაშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ყველაფერი საერთაშორისო ბაზარსა და მშვიდობის დამყარების შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.

მისი თქმით, თუ ადრე ფასს ოპეკის ქვეყნები ადგენდნენ, ახლა მსოფლიო სანავთობო პოლიტიკა უკონტროლოა, ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები პროდუქციას აუქციონის წესით ყიდიან, რაც ბენზინისა და დიზელის საბოლოო ღირებულებაზე უარყოფითად აისახება.

კითხვაზე, თუ რა გავლენა აქვს ქართულ საცალო ქსელში რუსეთიდან იმპორტის კლებას (ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი 42-დან 23 ათას ტონამდე შემცირდა, აგვისტოს მონაცემები 21 სექტემბერს გახდება ცნობილი), ვახტანგ იობაშვილმა გვიპასუხა, რომ ეს გავლენა, საკმაოდ დიდია. როგორც ცნობილია, დაბომბვების გამო რუსეთი უცხოეთში საწვავს ვეღარ ყიდის, პირიქით, თავად ახორციელებს იმპორტს. მაგალითად, ინდოეთიდან. იმასაც შეგახსენებთ, რომ რუსეთში არსებული კრიზისის გამო აფხაზეთში საწვავი თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან შევიდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტის თქმით, დიზელი გააძვირა ბენზინზე უფრო მეტად მოთხოვნის ზრდამ და რუსეთ-უკრაინის ომმა. ვახტანგ იობაშვილი რუსეთის ფაქტორს უკავშირებს იმ ფაქტსაც, რომ ბოლო 6 თვეში თხევადი გაზი გაძვირდა, ბუნებრივი კი -არა. თხევადისგან განსხვავებით, ბუნებრივი გაზის დიდი ნაწილი საქართველოს აზერბაიჯანიდან შემოაქვს, 2025 წლის მდგომარეობით საერთო მოხმარებაში აზერბაიჯანის წილი 72%-ს შეადგენდა, თუმცა ბუნებრივ გაზს თავის სპეციფიკა აქვს და ის წინასწარ გაწერილი კონტრაქტით მილსადენს მოჰყვება, თხევადი გაზი კი ცისტერნებით შემოდის.

ვახტანგ იობაშვილს ნეტგაზეთმა აქციზის შემცირების შესაძლებლობაზეც ჰკითხა. იქონიებს თუ არა ეს გავლენას ფასების შემცირების თვალსაზრისით? იობაშვილის შეფასებით, აქციზის კლებამ შესაძლოა გარკვეული ეფექტი მოიტანოს, მაგრამ ეს ბიუჯეტის შემოსულობებზე უარყოფითად აისახება.  მისი თქმით, უკეთესი იქნება, თუ სახელმწიფო დროებით EURO 5-ის სტანდარტზე უარს იტყვის და EURO 4-ის იმპორტს დაუშვებს, რისი წარმოების შესაძლებლობაც (EURO 5-ისგან განსხვავებით) აზერბაიჯანსა და შუა აზიის ქვეყნებსაც გააჩნიათ.  ეს იმას ნიშნავს, რომ საწვავი გაიაფდება, თუმცა მისი ხარისხიც შემცირდება, როგორც უშუალოდ ავტომობილისთვის, ისე ეკოლოგიისთვის.

ვახტანგ იობაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფასები მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს, თუმცა კონკრეტული რიცხვის დასახელებისგან თავს იკავებს.

საწვავის ფასის გავლენა სხვა პროდუქციაზე

ენერგომატარებლები, მათ შორის საავტომობილო საწვავი, იმ პროდუქტთა ჩამონათვალს განეკუთვნება, რომელთა ფასის ცვლილება ჯაჭვური რეაქციით სამომხმარებლო კალათაში შემავალ სხვა პროდუქტების ფასებზეც მოქმედებს. ტრანსპორტირების ხარჯის ზრდა ნივთის თვითღირებულებას ზრდის. ამასთან, სამშენებლო და აგროტექნიკა- ამწეები, ექსკავატორები, ტრაქტორები, კომბაინები, აგრეთვე დიდი ზომის სატვირთოები, ე.წ. ტრაილერები- საწვავად ძირითადად დიზელს მოიხმარენ. ეს ნიშნავს, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ტრანსპორტირება, მშენებლობა და სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავების ხარჯი აუცილებლად გაიზრდება და ეს გაძვირება საბოლოო პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულებაზეც აისახება.

აპრილიდან ელექტროენერგია უკვე გაძვირდა, ბოლო თვეებია საწვავი ძვირდება. იანვარ-აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპმა 5.3% შეადგინა. ინფლაციამ 5%-იანი მაჩვენებელი სწორედ აპრილში გადალახა და ზედიზედ 5 თვეა 5.5-5.9 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ეს მაშინ, როცა სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია. ენერგომატარებლების ფასების მატება სხვა პროდუქციის ფასებზე რეაგირებს, მაგრამ არა მყისიერად. შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ შემდგომ თვეებში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მეტი იქნება, კვლავ საკმაოდ მაღალია.

ბენზინისგან განსხვავებით, მომხმარებელი ყოველდღიურად ვერ ამჩნევს, მაგრამ ნავთობის გაძვირება, როგორც წესი, საავიაციო ნავთის, გემების საწვავისა (საზღვაო დიზელი და მაზუთი) და ასფალტისთვის განკუთვნილი ბიტუმის გაძვირებასაც იწვევს, რაც ფრენების, საზღვაო გადაზიდვებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯების ზრდის მიზეზი ხდება.

ბენზინიცა და დიზელიც აქციზურ საქონელს მიეკუთვნება. ტონა ბენზინზე (1340 ლიტრი) აქციზის საფასური 500 ლარს შეადგენს (გაორმაგდა 2017 წელს), რაც 1 ლიტრზე 37 თეთრს უდრის, ტონა დიზელი (1200 ლიტრი) 400 ლარით იბეგრება (2017 წელს 150-დან 400 ლარამდე გაიზარდა). ამ შემთხვევაში აქციზის საფასური ლიტრზე 33 თეთრი გამოდის, თუმცა დღგ აქციზსაც ემატება. გამოდის, რომ აქციზი, მასზე დამატებულ დღგ-იანად, 1 ლიტრ ბენზინს 44 თეთრით და 1 ლიტრ დიზელს 39 თეთრით აძვირებს.

2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში ბენზინის აქციზიდან ₾375 მლნ და დიზელის აქციზიდან ₾275 მლნ, ჯამურად ₾650 მლნ შევიდა. თუ ამ რიცხვს უშუალოდ აქციზზე დარიცხულ დღგ-ს დავუმატებთ, 767 მლნ ლარს მივიღებთ.

საწვავის აქციზიდან ბიუჯეტში გადახდილი თანხა (მლნ ლარი)

წყარო: სახელმწიფო ხაზინა

საწვავის ფასი ადრე და მოლოდინები

ნედლი ნავთობის ფასი, 100-დოლარიანს არა, მაგრამ 90-დოლარიან ნიშნულს 14 წლის წინ, 2012 წლის სექტემბერშიც აჭარბებდა, თუმცა მაშინ საქართველოში საცალო ქსელში პრემიუმის ტიპის ბენზინის ფასი 2.28 ლარს შეადგენდა, დიზელი კი 2.15-2.33 ლარი ღირდა. ვისოლის ქსელში (სხვა სადგურების შემთხვევაში 2012 წლის სექტემბრის ფასები არ იძებნება) 14 წელიწადში ბენზინი 77-92 პროცენტით და დიზელი 105-118 პროცენტით გაძვირდა. იმ დროს აშშ დოლარი დღევანდელზე თითქმის 1 ლარით ნაკლები, 1.66 ლარი ღირდა, აქციზის განაკვეთი არსებული ნახევარს შეადგენდა და ლოჯისტიკური ხარჯებიც შედარებით დაბალი იყო. კიდევ უფრო ადრე, 2008 წლის ივნისში, როდესაც ნავთობის ფასი რეკორდულ, 140- დოლარიან ნიშნულს აღწევდა, პრემიუმის ფასი 2 ლარს შეადგენდა, დოლარის ყიდვა კი მაშინ 1.42 ლარად იყო შესაძლებელი.

საწვავის ფასების ცვლილების დინამიკა ვისოლის ქსელში

წყარო: ვისოლი

როგორ შეიცვლება ფასები? – ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია, მოლოდინი კი ოპტიმიზმის საფუძველს ნაკლებად აჩენს. რუსეთ-უკრაინის ომში ენერგოობიექტების დაბომბვა გრძელდება. აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა ნარჩუნდება და სახარბიელო სიტუაცია ჯერჯერობით არც იემენშია.