ეკონომიკა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა შემცირდა

3 დეკემბერი, 2010 • • 1141
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა შემცირდა

მიმდინარე წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0,1%-ით (0,9 მლნ. ლარით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1,6%-ით (69 მლნ. ლარით) შემცირდა, რაც  ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებითაა გამოწვეული.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, 1,2%-ით (68 მლნ. ლარით) შემცირდა და 5,8 მლრდ. ლარი შეადგინა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის, 2010 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით  668,1 მლნ. ლარის (წინა თვესთან შედარებით 2,7%-ით ანუ 18,2 მლნ. ლარით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 2,6 მლრდ. ლარის (შესაბამისად, 1,5%-ით ანუ 38,7 მლნ. ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი ჰქონდათ გაცემული.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი 50,7% ვაჭრობის სფეროზე მოდის. წინა თვესთან შედარებით, ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1%-ით (16,6 მლნ. ლარით) გაიზარდა და 1,7 მლრდ. ლარს მიაღწია.

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19,8% შეადგინა, რაც 2010 წლის 1 ნოემბრისათვის 650,6 მლნ. ლარით განისაზღვრა (8,3%-ით ანუ 59 მლნ. ლარით ნაკლები წინა თვესთან შედარებით); 11,2% მშენებლობაზე მოდის, რაც 368,9 მლნ. ლარია (0,7%-ით, ანუ 2,5 მლნ. ლარით ნაკლები). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 81,8% მხოლოდ სამ დარგზე: მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2010 წლის ოქტომბრის თვის განმავლობაში რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა 0,7%-ით (14,6 მლნ. ლარით) შემცირდა და 1 ნოემბრისათვის 2,2 მლრდ. ლარის დონეზე დარჩა.

მასალების გადაბეჭდვის წესი