ეკონომიკა

+75 თეთრი

24 ნოემბერი, 2010 •
+75 თეთრი
სემეკის გადაწყვეტილება თბილისის მოსახლეობის ნაწილისთვის წყლის საფასურის  გაზრდის შესახებ ეწინააღმდეგება ამავე ორგანოს დადგენილებას, რომელიც წყლის საფასურის გაზრდის წესებს ადგენს.

გადაწყვეტილება წყლის საფასურის გაზრდაზე თბილისის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებსაც წყალი შეუზღუდავად მიეწოდებათ, დღეს გახდა ცნობილი.

ახალი ტარიფით, გადასახადი ერთ სულზე 3,15 ლარი იქნება. თუმცა იმ აბონენტებს, რომლებსაც წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, გაძვირებული ტარიფის გადახდა არ მოუწევთ. ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში წყლის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს თბილისის მერმა გიგი უგულავამ განუცხადა.

უგულავა მანამდე არ დაეთანხმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას, რომლითაც თბილისისთვის წყალმომარაგების ახალი ტარიფი – 3,15 ლარი დადგინდა. პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურის თხოვნით კი, დღეს წყლის კომისიის სპეციალური სხდომა გაიმართა.

კომისიის სხდომამ დააკმაყოფილა თბილისის მერის წინადადება, რის საფუძველზეც, წყლის ტარიფი 2,40 ლარზე იმ აბონენტებისთვის შენარჩუნდება, რომელთაც წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. შეცვლილი ტარიფი, 3,15 ლარი ერთ სულზე, გავრცელდება მხოლოდ იმ აბონენტებზე, ვისაც წყალი 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მიეწოდება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება N18-ის თანახმად, სასმელი წყლის ტარიფის კორექტირების საფუძველი შეიძლება გახდეს:

ა) ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციური პროცესები უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ოფიციალური მონაცემებით (+ – 10%);

ბ) ტარიფების ცვლილება ელექტროენერგიაზე და სახელმწიფოს მიერ წყალმომარაგებაზე არსებულ მოსაკრებელზე;

გ) საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის ცვლილება.

დასახელებული სამი პუნქტიდან მოცემულ ვითარებაში არც ერთი მათგანი არ შეიძლებოდა გამხდარიყო ტარიფის გაზრდის მიზეზი, რადგან ინფლაციის დონეს ქვეყანაში არ მიუღწევია 10%–ისთვის, არ გაზრდილა ელექტრონერგიის საფასური და არ შეცვლილა ამ საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზა.

ამის მიუხედავად, თბილისელ აბონენტთა ნაწილს წყლის ტარიფი გაუძვირდა.

წყლის საფასურის გაძვირება დაუსაბუთებლად მიაჩნია ეკონომიკის ექსპერტ ირაკლი ლექვინაძეს:

 „თვითონ წყალმომარაგების სისტემა არის გაუმართავი, არ არის ინდივიდუალური გამრიცხველიანება, ანუ მოსახლეობა იხდის სულადობის მიხედვით და არა ინდივიდუალური მრიცხველების მიხედვით. შეიძლება კონკრეტულ ადგილას ჩაწერილი იყოს ერთი ადამიანი და იქ არავინ ცხოვრობდეს. ამიტომ, პირველ რიგში, სისტემა უნდა მოწესრიგდეს და შემდგომ ტარიფი სამართლიანი იქნება. არსებულ ვითარებაში წყლის ტარიფის გაძვირება დაუსაბუთებელია.  შეიძლება კომპანიას თანხები სჭირდება ახალი პროექტებისთვის. რაც შეეხება კერძო კომპანიებს, მათ წყლის ისედაც საკმაოდ ძვირი ტარიფი აქვთ, რაც ასევე არასწორად მიმაჩნია, აღნიშნული ტარიფის გამო პროდუქციაც ძვირდება, რაც ისევ მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას აუარესებს“. 

თბილისის საკრებულოს წევრმა, თინა ხიდაშელმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ 2007 წლის ნოემბერში თბილისის მერიასა და თბილისის წყლის მომავალ მმართველ კომპანიას შორის ხელშეკრულების დადებისას ითქვა, რომ წყლის ტარიფი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში არ გაზრდებოდა: „ამ ხელშეკრულების შესრულება კი ყველას შეუძლია მოითხოვოს“.

თინა ხიდაშელი აღნიშნული საკითხის დაყენებას საკრებულოს სხდომაზე აპირებს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი