ეკონომიკა

”დედაქალაქმა” უგულავასთან შეთანხმებას მიაღწია

18 ნოემბერი, 2010 • • 1137
”დედაქალაქმა” უგულავასთან შეთანხმებას მიაღწია

2011 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შედეგად, თბილისის საკრებულოს ფრაქციის, “დედაქალაქის” თავმჯდომარემ, კობა დავითაშვილმა და ამავე ფრაქციის წევრმა კახა კუკავამ თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან  შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, 2011 წლის ბიუჯეტში ეროვნული საბჭოს 2 წინადადება აისახება. ეს საშუალო სკოლების სახელმძღვანელოების დაფინანსება და ნარკომანიის პრევენციაა.

როგორც ფრაქცია ”დედაქალაქის” წევრმა კახა კუკავამ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, ბიუჯეტში 2 პუნქტთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, პირველი არის ის,  რომ გაიზრდება სკოლის სახელმძღვანელოების დაფინანსება და სახელმძღვანელოებს მიიღებს ყველა ბავშვი და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახები. კახა კუკავას თქმით, 2011 წლიდან პილოტური პროგრამა სკოლების გარკვეულ ნაწილში უკვე იქნება, ხოლო თუ აღნიშნული პროგრამა გაამართლებს, დაინერგება სასკოლო ბიბლიოთეკის პრინციპი, ანუ მოსწავლეებს წიგნები წლიდან წლამდე გადაეცემათ. გარდა ამისა, მიმდინარეობს წინასწარი კონსულტაციები, რომ აღნიშნული პროგრამა თბილისის ყველა სკოლაში გავრცელდეს.   

მეორე საკითხი, რაზეც მოხდა შეთანხმება, კუკავას განმარტებით, არის ნარკომანების პრევენცია- ”ჩვენ, ასევე, გვქონდა პროექტი-მეტადონური პროგრამა, რომელიც არის ფასიანი და ყველა ის პირი, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას, იქნება დაფინანსებული ადგილობრივი ბიუჯეტიდან”-განაცხადა კახა კუკავამ.

ფრაქცია ”დედაქალაქის” წევრის თქმით, ზოგიერთ საკითხებთან დაკავშირებით პრინციპულად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, თუმცა დაგეგმილია, რომ მსჯელობა გაგრძელდება. რაც შეეხება იმ 2 საკითხს, რომელზეც ვერ მოხდა შეთანხმება, ესენია  პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით მინიჭება და ჯანმრთელობის 100%-ანი დაფინანსება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი