ეკონომიკა

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ბიუჯეტში 2 პროექტის დამატების ინიციატივით გამოვიდა

18 ნოემბერი, 2010 • • 1011
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” ბიუჯეტში 2 პროექტის დამატების ინიციატივით გამოვიდა

საკრებულოს უმრავლესობის წევრები დედაქალაქის მერს შეხვდნენ. შეხვედრაზე  2011 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.  ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკოლოზ ხაჩირაშვილის განცხადებით, მერს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეღავათების გაზრდის ინიციატივით მიმართეს.

“დედაქალაქის მერთან  გავიარეთ საკმაოდ ბევრი დეტალი. ფრაქციამ გიგი უგულავას შესთავაზა ორი ინიციატივა, რომელზეც არგუმენტირებული თანხმობა მივიღეთ. ჩვენი ინიციატივით, სოციალურად დაუცველი 70 ათასი ქულის  ქვემოთ მყოფი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 20– ლარიანი დახმარება 25 ლარამდე გაიზრდება. ეს არის 8 600 ბავშვი თბილისის მასშტაბით, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია.  მეორე ინიციატივა კი სოციალურად დაუცველი 70 ათასი ქულის ქვეშ მყოფი ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადების დაფარვის გაზრდას ითვალისწინებს. მათთვის ბიუჯეტში 90-დან 150 ლარამდე განსაზღვრული დახმარება 5 ლარით გაიზრდება, რაც  38 ათასამდე ოჯახს შეეხება. ასე რომ, ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, მომავალი წლიდან,  ათასობით ოჯახი ისარგებლებს გაზრდილი სოციალური შეღავათებით” – განაცხადა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა.

დედაქალაქის მერის განცხადებით -“ეს არის გაუმჯობესებულ კომუნალურ სერვისებზე ორიენტირებული ბიუჯეტი, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც გულისხმობს, რომ სოციალურად დაუცველთათვის არც ერთი თეთრით არ უნდა გაძვირდეს ცხოვრება, და ეს არის ბიოროკრატიული თუ ჩინოვნიკური მადის ამლაგმავი ბიუჯეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტვირთი ჯერ ჩვენ უნდა ვზიდოთ  და მხოლოდ შემდეგ უნდა გადანაწილდეს თითოეულ მოქალაქეზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი