ეკონომიკა

საქართველოს საზღვაო სფეროში ევროკავშირის აუდიტმა ხარვეზები აღმოაჩინა

18 ნოემბერი, 2010 • • 1034
საქართველოს საზღვაო სფეროში ევროკავშირის აუდიტმა ხარვეზები აღმოაჩინა

ვერა ქობალია ბათუმის საზღვაო აკადემიას ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონიდან საზღვაო სფეროში 20 000-მდე ადამიანია დასაქმებული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სამინისტრო  საზღვაო სფეროში რეფორმებს იწყებს. ვერა ქობალიას თქმით, 2011 წლიდან, შესაძლოა, ქართველმა მეზღვაურებმა ქართული დიპლომებით ევროპული დროშის ქვეშ გემებზე მუშაობა ვეღარ შეძლონ, ამის მიზეზი კი, მინისტრის განცხადებით, ის არის, რომ უკანასკნელ წლებში საზღვაო დეპარტამენტის ზოგიერთი თანამშრომელი არა საქმის, არამედ პერსონალური ინტერესებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობდა და დროულად არ აწვდიდა სამინისტროს ინფორმაციას არსებული პრობლემების თაობაზე.

კერძოდ, საუბარი შეეხება ევროკავშირის აუდიტის მიერ 2006-2007 წლებში გაკეთებულ დასკვნას საქართველოს საზღვაო სფეროში არსებული ხარვეზების შესახებ. ევროკავშირის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ქართველ მეზღვაურებს 2011 წლიდან ევროპულ გემებზე მუშაობის საშუალება არ ექნებათ.

მინისტრის ინფორმაციით, პრობლემების გარკვეული ნაწილი უკვე გადაჭრილია, ამასთან, ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროკავშირთან და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან. ვერა ქობალიას თქმით, მათი ერთობლივი ძალისხმევით საზღვაო დეპარტამენტში ახალი გუნდი ჩამოყალიბდება, რომელიც საქართველოს საზღვაო სფეროში ევროკავშირისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიმართულებებისა და სტანდარტების დანერგვაზე იმუშავებს. დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი პირები ამ დროისთვის თანამდებობიდან უკვე განთავისუფლებული არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი