აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქრისტიან- დემოკრატების” წევრებმა 2010 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე“ მონიტორინგი განახორციელეს, რომლის მიმდინარეობისას აჭარის 74 თემში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შესრულებული სამუშაოები გადაამოწმეს.
ფრაქციის თავმჯდომარემ, ნუგზარ ფუტკარაძემ განმარტა მონიტორინგის შედეგები, რომლის საშუალებითაც ირკვევა, რომ პროგრამის მიზანი ბოლომდე შესრულებული არ არის, კერძოდ, პროგრამით გათვალისწინებული თანხის წარმართვა არ ხორციელდება სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნილებების დასაფინანსებლად, ასევე დაბალია სოფლის მოსახლეობის ჩართულობის ხარისხი პრიორიტეტების განსაზღვრაში.
შედეგების საფუძელზე, „ქრისტიან-დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საჭიროებს შემდგომ განვითარებას. აგრეთვე, აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე სოფელში გადაწყვეტილების მიმღები კოლეგიალური ორგანო განისაზღვროს.
”ქრისტიან-დემოკრატების” განცხადებით, მონიტორინგის შედეგად მოპოვებული მასალების საფუძველზე, თანამდებობრივი გულგრილობა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები გამოვლინდა, აგრეთვე, პროგრამის შესრულებაზე ეტაპობრივი კონტროლი არ ხორციელდება და რაც ყველაზე მთავარია, პროგრამის შესრულების გამჭვირვალობა არ არის დაცული .