ეკონომიკა

ქრისტიან-დემოკრატები კომუნალური ტარიფების სუბსიდირებას ითხოვენ

17 ნოემბერი, 2010 • • 1072
ქრისტიან-დემოკრატები კომუნალური ტარიფების სუბსიდირებას ითხოვენ

ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატები” 2011 წლის ბიუჯეტიდან კომუნალური ტარიფების სუბსიდირებას ითხოვენ. როგორც პრესკონფერენციაზე ფრაქციის მდივანმა ზაზა გაბუნიამ  განაცხადა, დედაქალაქის მერის მიერ კომუნალურ ტარიფებთან დაკავშირებით გაკეთებული დაპირება დაპირებად რჩება და ამ საკითხის ასახვას 2011 წლის ბიუჯეტში მმართველი გუნდი არ აპირებს.

“მიუხედავად კომუნალურ ტარიფებთან დაკავშირებით ხელისუფლების ჯიუტი პოზიციისა, ჩვენთვის ეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად რჩება და მოვუწოდებთ უმრავლესობას, ეტაპობრივად დავიწყოთ ამ პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვა, რაც უპირველესად, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის კომუნალური ტარიფების სპეციალური პაკეტის შემუშავებას გულისხმობს”, – განაცხადა გაბუნიამ.

მის ნათქვამს თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სოციალური პროგრამები მომავალ წელსაც გაგრძელდება. იონათამიშვილის თქმით, წყალზე და დასუფთავებაზე სოციალურად  დაუცველი მოქალაქეები 50 %-იანი შეღავათებით ისარგებლებენ, ხოლო ის ადამიანები, ვისაც 75 ათასს ქულაზე ნაკლები მიენიჭათ, ერთჯერადად 95 ლარს მიიღებენ.  სულადობის მიხედვით აღნიშნული თანხა იზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი