ეკონომიკა

კონფერენცია ”ეკონომიკის აქტუალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები”

16 ნოემბერი, 2010 • • 3421
კონფერენცია ”ეკონომიკის აქტუალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები”

ახლახანს  „საქართველოს ეკონომიკის პრობლემების კომპლექსური შესწავლა და აქტუალიზაცია საზოგადოებაში“ პროექტის ფარგლებში გამართული კონფერენცია დასრულდა. პროექტის მიზანია მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისა და არსებული პრობლემების კომპლექსური შესწავლა; ეკონომიკურ პროცესებზე სამოქალაქო საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და არსებული პრობლემების აქტუალიზაცია.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო „ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი“. განხილული იქნა „მაკროეკონომიკური პოლიტიკა: პრობლემები და პერსპექტივები პოსტრევოლუციურ საქართველოში“, „საქართველოს საბიუჯეტო პოლიტიკა: პრობლემები და ტენდეციები“, „მდგრადი განვითარების პრობლემატიკა და დაძლევის გზები“.

პირველ თემაზე პრეზენტაცია ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა, ნოდარ ხადურმა გააკეთა; მან განიხილა საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკა 1990-ანი წლებიდან დღემდე. მთავარი აქცენტები გაკეთდა განვითარების ტენდენციებზე და ასევე, მეზობელ ქვყნებთან შედარებით, საქართველოს მდგომარეობაზე. მისი თქმით, 1990 წლის შემდეგ სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგეს ეკონომიკის განვითარებისათვის, რასაც, სამწუხაროდ, საქართველოზე ვერ ვიტყვით, ასეა თითქმის ყველა მაკროეკონომიკურ ასპექტში. მაგალითად, უმუშევრობა საქართველოში 16.9 %-ია, როცა სომხეთში და აზერბაიჯანში 7 %-იც კი არაა.

მოხსენებისას, ასევე, აღინიშნა იმპორტის და ექსპორტის დისბალანსი ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის, სოფლის მეურნეობის სავალალო მდგომარეობა.

მეორე საკითხზე  ეკონომიკის დოქტორმა, დავით ნარმანიამ ისაუბრა. მან ძირითადი აქცენტები ბიუჯეტის სახსრების ბუნდოვან ხარჯვაზე გააკეთა. ასევე, ხარჯების ცენტრალიზაციის არასწორ ტენდენციასაც შეეხო. მისი თქმით, გაუგებარია „ქამრების შემოჭერის პოლიტიკა“, როცა რეალურად სამთავრობო ხელფასები და პრემიები გაზრდილია. ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანი პუნქტი ბიუჯეტში არის რეგიონულიი განვითარების ფონდის სახსრები, რომლის ბიუჯეტიც თვითმმართველობის ბიუჯეტის შემცირების ხარჯზეა შექმნილი. დავით ნარმანია, ასევე, შეეხო საქართველოს ვალის საკითხს, რომელიც საკმაოდ დიდი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან საქართველო ძალიან ახლოსაა გადახდის უუნარობის  ზღვართან. საქართველოს ვალი მშპ-თან  მიმართებაში 2013 წელს 42 %-ს მიაღწევს, ხოლო გადახდის უუნაროდ ითვლება ის ქვეყანა, რომლის მაჩვენებელიც 60%-ს აღწევს.

რაც შეეხება მდგრადი განვითარების პრობლემატიკასა და მისი დაძლევის გზებს, ამ თემაზე ეკონომიკის დოქტორმა, თეიმურაზ მურღულიამ ისაუბრა. მისი თქმით: “მდგრადი გავითარების იდეოლოგიის კონკურენტულ ბაზისზე დაფუძნებული ხედვა იმთავითვე გულისხმობს მკაფიო მიზნების განსაზღვრას და მათთან მაქსიმალური დაახლოების პროცესს“.

მოხსენებაში ძირითადი აქცენტები გაკეთებული იყო ქვეყნის სხვადასხვა ინდექსზე, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოთვალა. მაგალითად, გლობალური კონკურენციის ინდექსით, საქართველო,  2010-2011 წლის მონაცემებით, 93-ე ადგილზეა 139 ქვეყანას შორის. თითქმის ყველა კომპონენტით იგი ბოლო ადგილს იკავებს მსოფლიოში, გარდა ბიზნების კეთების სიმარტივის ინდექსისა, რომელიც თეიმურაზ მურღულიას თქმით, არ არის ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი. საქართველოს ფუნდამენტურ პრობლემებად, ასევე, აღინიშნა– განათლება, ქვეყნიდან „ტვინების“ გადინება, დანაზოგების არარსებობა და შიდა ინვესტიციების რესურსების არქონა.

დასკვნის სახით, თეიმურაზ მურღულიამ შემდეგი სახის მიმართვა გააკეთა: „ეკონომიკური რეფორმების კვლევის ცენტრი საჯაროდ სთავაზობს ეკონომიკის სამინისტროს, გამოაცხადოს ღია კონკურსი მდგრადი განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაზე, ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ასეთ კონკურსში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი