ეკონომიკა

ლევან ვეფხვაძე 2011 წლის ბიუჯეტში ასობით მილიონი ლარის გახარჯვის უცნობ დეტალებზე საუბრობს

15 ნოემბერი, 2010 • • 1085
ლევან ვეფხვაძე 2011 წლის ბიუჯეტში ასობით მილიონი ლარის გახარჯვის უცნობ დეტალებზე საუბრობს

ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენას ოპოზიციის მხრიდან ხმაურიანი დებატები  მოჰყვა.

ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” წევრის, ვიცე-სპიკერის ლევან ვეფხვაძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ასობით მილიონი ლარია, რომლის გახარჯვის დეტალები უცნობია. დეპუტატმა განსაკუთრებით გამოყო ჯანდაცვის ბიუჯეტში გაწერილი  თანხები, რომელთა   ხარჯვის მექანიზმები, მისივე თქმით, არ არის ცნობილი და არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რაში უნდა დაიხარჯოს ეს ფული. ოპოზიციის განცხადების  საპასუხოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, სანდრო ურუშაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ  საკითხებზე დეტალურად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა  კომიტეტის სხდომაზე უკვე ისაუბრა და დაინტერესებული დეპუტატები ამ სხდომას რომ დასწრებოდნენ, გაცილებით  ინფორმირებულნი იქნებოდნენ.

ურუშაძე დეპუტატებს დაჰპირდა, რომ ჯანდაცვის სექტორის  ბიუჯეტის გაწერილ პროექტს  მათ კიდევ ერთხელ მიაწოდებს.

ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასების ზრდის საკითხითაც  დაინტერესდა- “მაშინ, როცა ხელისუფლება ქამრების შემოჭერაზე საუბრობს, იმავდროულად, ბიუჯეტის პროექტში წერია, რომ რიგი საბიუჯეტო ორგანიზაციების შრომის ანაზღაურების მუხლში თანხები იზრდება”.  კახა ბაინდურაშვილის განმარტებით, რიგ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასების საკითხი წესრიგდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თანამდებობის პირებს ხელფასები ეზრდებათ. მაგალითად, მან  სასჯელაღსრულების დაწესებულებები დაასახელა, სადაც 320 ლარის ნაცვლად, თანამშრომლები 340 ლარს მიიღებენ. მისივე თქმით, ხელფასები მოემატებათ საერთო სასამართლოებსაც, რასაც ფინანსთა მინისტრი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოტანით ხსნის.   

მასალების გადაბეჭდვის წესი