ეკონომიკა

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 100 მლნ ლარით იზრდება

15 ნოემბერი, 2010 • • 1016
2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 100 მლნ ლარით იზრდება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა,  კახა ბაინდურაშვილმა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი წარადგინა. მისი თქმით, მომავალი  წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 100 მლნ. ლარით იზრდება   და მასში 4,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა გათვალისწინებული.

კახა ბაინდურაშვილის განმარტებით, 2011 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებია განათლების სისტემა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურა. აღნიშნული სფეროების დაფინანსება, ბუნებრივია, გაიზრდება, კერძოდ, განათლების სისტემის დაფინანსება 16 მლნ ლარით იზრდება.  მინისტრის განცხადებით, განათლების სისტემის დაფინანსებაში გათვალისწინებულია  კვალიფიცირებული პედაგოგებისთვის ხელფასების მომატების, ინგლისურ ენისა და კომპიუტერის შესწავლის, ატესტაციის,  პირველკლასელთა კომპიუტერებით უზრუნველყოფის ხარჯები. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემა კი   5 მლნ ლარით მატულობს. ჯანდაცვის პრიორიტეტებს შორის, კახა ბაინდურაშვილმა  მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა, სოციალური დაცვა, ეფექტური სადაზღვევო სამედიცინო მომსახურება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა დაასახელა. ამასთანავე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების რეაბილიტაციაზე გაამახვილა ყურადღება.  

ბაინდურაშვილის თქმით, სოფლის მეურნეობის დაფინანსება 14 მლნ-დან 53 მლნ ლარამდე იზრდება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მინისტრის განცხადებით, დაფინანსებას ძირითადად საგზაო და ტურისტული პროექტები მიიღებენ. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის გაგრძელებისთვის 222.4 მლნ ლარია გამოყოფილი, ხოლო ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისათვის 129.4 მლნ ლარი.

“ეკონომიკა გამოსულია საერთაშორისო კრიზისის მდგომარეობიდან და ჯანსაღად ვითარდება”,-განაცხადა მინისტრმა. ბაინდურაშვილის  შეფასებით, 2011 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 4,3 % -ს შეადგენს- “თუ ამ მონაცემს შევადარებთ 2010 წელს, დეფიციტი 2 პროცენტით არის შემცირებული. რაც შეეხება  2012 წელს, დეფიციტი 2 პროცენტზე დაბალი იქნება”, –  აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი